Accessibility links

ჩეხეთის რესპუბლიკა საპარლამენტო არჩევნების წინ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა პარასკევს და შაბათს ჩეხები ახალ პარლამენტს აირჩევენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ძნელია თქმა, ვინ გაიმარჯვებს.

საარჩევნო კამპანია დუნე იყო. როგორც კარლოსის უნივერსიტეტის სოციოლოგი ირინა სიკლოვა ამბობს, “კამპანია იყო უკბილო, ლოზუნგები საბავშო ბაღის დონეზე. არავითარ საარჩევნო ბრძოლას არ ჰქონია ადგილიო”.

უმრავლესობის იმედი არც ერთ პარტიას არა აქვს, შედეგად მოსალოდნელია უმცირესობის მთავრობა, როგორც ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო.

ამ პარასკევ-შაბათის არჩევნებში მთავარია ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ხმების განაწილება განსაზღვრავს, ვის აირჩევს პარლამენტი პრეზიდენტად ვაცლავ ჰაველის ნაცვლად, რომლის ვადა მომავალი წლის დამდგეს იწურება.

არ არის გამორიცხული, რომ თუ პირველ ადგილზე გავლენ სოციალ-დემოკრატიული პარტია და სამოქალაქო დემოკრატიული პარტია, ისინი შეიძლება მორიგდნენ, რომ თუ ერთი მათგანი უმცირესობის მთავრობას შექმნის, ამის წილ პარლამენტი მეორე პარტიის მიერ დასახელებულ კანდიდატს აირჩევს პრეზიდენტად.

ამ ორიდან არც ერთს არ ჰყავს ოფიციალურად ნომირნირებული კანდიდატი. ისე, რომ, თუ სამოქალაქო დემოკრატებს მოუწევთ მთავრობის ფორმირება, შესაძლებელია პრეზიდენტი იყოს წამსვლელი პრემიერ-მინისტრი, სოციალ-დემოკრატი მილოშ ზემანი, რომელიც აცხადებს, რომ ტოვებს პოლიტიკას.

სხვა შესაძლო კანდიდატები არიან ომბუდსმენი ოტოკარ მოტეილი – ყოფილი იუსტიციის მინისტრი და პარლამენტის ზედა პალატის – სენატის – სპიკერი პეტრ პიტჰარტი.

ჰაველმა ჩეხეთის ყოველდღიურ გაზეთ “პრავოსთვის” ამას წინათ მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა შეშფოთება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევნების წინ არ ყოფილან დასახელებული. “პრეზიდენტის არჩევა არ უნდა გახდეს არჩევნების შემდეგ ვაჭრობისა და გარიგების საგანიო”, თქვა მან.

გამოკითხვები მესამე ადგილს ცენტრისტული სახალხო პარტიისა და მემარჯვენე-ცენტრისტული თავისუფლების კავშირის კოალიციას უწინასწარმეტყველებენ.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა ვლადიმრ შპიდლამ ერთ-ერთ ამასწინანდელ ინტერვიუში თქვა, რომ არ გამორიცხავს მათთან მიერთებას და, ასე ვთქვათ, სამმაგი კოალიციის შექმნას. ამასთან აღნიშნა, რომ სამოქალაქო დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

სოციალ-დემოკრატების სხვა ლიდერებისგან განსახვავებით შპიდლა არასოდეს არ ყოფილა კომპარტიისა და კომკავშირის წევრი. ის მხარს უჭერს ბავშვების სუბსიდიებს, მშობლების შემოსავლისგან დამოუკიდებლად, პენსიაში გასვლის ასაკის შემცირებასა და მინიმალური ხელფასის გაზრდას.

არც შპიდლას მთავარი მეტოქე, ვაცლავ კლაუსი ყოფილა ოდესმე კომპარტიაში. ის იყო სამოქალაქო ფორუმის ერთ-ერთი დამაარსებელი ხავერდოვანი რევოლუციის დასაწყისში 1989 წელს. შემდეგ ფინანსთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ჩეხეთად და სლოვაკეთად გაყოფის შესახებ აწარმოებდა მოლაპარაკებებს თავის სლოვაკ კოლეგა ვლადიმირ მეჩიართან.

კლაუსი ცნობილია განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობით. სწორედ ამას მიაწერენ მისი მთავრობის კოლაფსს 1997 წელს და სამოქალაქო დემოკრატიული პარტიიდან ლიბერალურად მოაზროვნე წევრების გამოყოფას, რომლებმაც თავისუფლების კავშირი დააარსეს. ისევე, როგორც 4 წლის წინ, კლაუსის კამპანიის ლოზუნგია სოციალისტების არდაშვება მთავრობაში.

ჩეხეთის პოლიტიკისთვის დამახასიათებელია ხმის მიცემა პარტიული სიებისთვის, რომლებშიც დაცულია ერთგვარი პროპორციული წარმომადგენლობა. მაგრამ როცა იწყება არჩევნების შემდეგ გარიგებები და პოსტების განაწილება, ამ სიებში მოცემული თანამიმდევრობა ირღვევა.
XS
SM
MD
LG