Accessibility links

logo-print

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული პრობლემები


გიორგი კაკაბაძე, თბილისი როგორ შეიძლება შეფასდეს გაეროს მოღვაწეობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში; მიაღწია თუ არა რაიმე პროგრესს ამ პროცესის წარმართვაში ბატონმა დიტერ ბოდენმა,

რომელმაც ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში იმუშავა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად; საზოგადოდ, რა ფაქტორები ახდენს ზემოქმედებას აღნიშნულ პროცესზე. - ამ პრობლემატიკის გარშემო მოსაზრებებს გამოთქვამს ომის ინვალიდთა და ვეტერანთა "წმინდა თამარ მეფის ორდენის" მაგისტრი ვახტანგ ჯორჯიკია.

მუშაობას შედეგით აფასებენ, - ამბობს ვახტანგ ჯორჯიკია. პრობლემა კი უკავშირდება იმ 300 ათასი ადამიანის ყოფნა- არყოფნას, რომლებიც 1993 წელს რუსეთის სამხედროებმა აფხაზეთიდან გამოყარეს. მიუხედავად იმისა, რომ დიტერ ბოდენი დიდი გამოცდილების მქონე დიპლომატია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, დევნილთა დაბრუნების პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ამიტომ, ორდენის მაგისტრის თქმით, იგი ვერ შეაფასებს დადებითად ბატონი ბოდენის და, საზოგადოდ, გაეროს მოღვაწეობას. [ჯორჯიკიას ხმა] "მართალია, ომი არ არის, სისხლის ღვრა არ არის და ეს კარგია. მაგრამ ეს სულ სხვა პრობლემაა, რომ ომი არ არის და სამოქალაქო ომი არ განვითარდა. ჩვენი ნებაა, რომ იარაღს არ ვიღებთ ხელში და არ მივდივართ აფხაზეთში საბრძოლველად - არ გვინდა, რომ ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დაზარალდნენ და დაიღუპონ."

ჩემს თანამოსაუბრეს მიაჩნია, რომ, საზოგადოდ, კონფლიქტის მოგვარება ეკონომიკური გზით არის შესაძლებელი, რაც გულისხმობს აფხაზეთის ეკონომიკის რეაბილიტაციის ხელშეწყობას შესაბამისი მატერიალური სახსრების გაღებით. რასაკვირველია, თუ საქართველოს დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ეს მარტივი პრობლემა არ არის, და მაინც, ვახტანგ ჯორჯიკიას აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა იფიქროს აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

მაგრამ ორ ხალხს შორის დაკარგული ნდობის აღუდგენლად კონფლიქტის მოგვარება მაინც შეუძლებელი იქნება, - ამბობს იგი. რესპონდენტის თქმით, არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაეროს მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა, მაგრამ ამ ორგანიზაციამ ვერც დაპირისპირებული მხარეების დაახლოება შეძლო და ვერც დევნილთა უფლებების დაცვა: [ჯორჯიკიას ხმა] "გალის რაიონში განუკითხაობა სუფევს, ადამიანის უფლებები ირღვევა აფხაზეთშიც და იქიდან გამოდევნილი 200 ათასი ლტოლვილის უფლებებიც ირღვევა უკვე 9 წლის განმავლობაში და ამიტომ დადებითის თქმა ძალიან გამიჭირდება."

ამასთან ერთად, "წმინდა თამარ მეფის ორდენის" მაგისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, დიდ წინააღმდეგობას უწევს საქართველოს გამთლიანებას. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივების თაობაზე უკვე გამოიღო ნეგატიური შედეგი. ვახტანგ ჯორჯიკიას თქმით, სეპარატისტები ძალისმიერი გზით ცდილობენ რუსეთის მოქალაქეობა მიაღებინონ აფხაზეთში მცხოვრებთ. [ჯორჯიკიას ხმა] "მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქართულ ოჯახებში და ზოგიერთ რუსულ ოჯახებშიც შედიან იარაღით და ემუქრებიან: თუ თქვენ რუსეთის მოქალაქეობას არ მიიღებთ, გაგანადგურებთო."

რესპონდენტის თქმით, რუსეთის ინტელიგენციის წრეებში არსებობს მეტად ძლიერი ლობი, რომელიც აფხაზეთს რუსეთის ნაწილად აღიქვამს და აფხაზთა შორის ანტიქართულ განწყობილებებს აღვივებს. "რუსეთი აუცილებლად დაიცავს აფხაზეთში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს საქართველოს მხრიდან შესაძლო აგრესიის შემთხვევაში," -აცხადებენ ამ წრეების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG