Accessibility links

logo-print

ბოლნისელი ჟურნალისტები თანადგომას ითხოვენ


დავით პაიჭაძე, თბილისი ვინც 2 ივნისის არჩევნების მსვლელობასა და დარღვევების გაშუქებას თვალს ადევნებდა, უთუოდ ეხსომება ბოლნისის ინციდენტი:

რაიონის გამგებელი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ცხვირწინ უფრიალებდა საარჩევნო ბიულეტენებს ჟურნალისტ ელგა ფოლადიშვილს, რომელიც ჯაფარიძის ერთ-ერთი კონკურენტის წარმომადგენელი იყო საარჩევნო უბანში. იმავე დღეს ბოლნისის გამგებელმა და მისმა ძმამ მერაბ ჯაფარიძემ ფიზიკურად შეურაცხყვეს ბოლნისის ტელევიზიის ჟურნალისტი თამუნა ხოფერია. ხუთშაბათს, 13 ივნისს, ორი დაზარალებული ჟურნალისტი თავიანთ კოლეგებს თანადგომას სთხოვდნენ იმ შემთხვევაში, თუ ბოლნისის არჩევნები ხელახლა გაიმართება.

ბოლნისის გამგებელ ზურაბ ჯაფარიძის საარჩევნო სიქველენი მხოლოდ ჟურნალისტთა შეურაცხყოფით არ ამოიწურება. 2 ივნისს, საღამოს 20 საათის შემდეგ, როცა დალუქული საარჩევნო ყუთი უნდა გაეხსნათ და ხმები დაეთვალათ, ჯაფარიძის დავალებითა და უშუალო მონაწილეობით, პოლიციამ საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლები გამოყარა. ამ და სხვა დარღვევების გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლნისში ჩატარებული არჩევნები ბათილად სცნო და 16 ივნისს ქვემო ქართლის ამ რაიონში ახალი არჩევნები დანიშნა. ზურაბ ჯაფარიძემ უკან არ დაიხია: ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და არჩევნების შედეგების ძალაში დატოვება მოითხოვა. უზენაეს სასამართლოს ხუთშაბათს, 13 ივნისს, უნდა განეხილა ჯაფარიძის სარჩელი, მაგრამ განხილვა 14 ივნისისთვის გადადო. თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს ბოლნისის გამგებლის პრეტენზიებს, ბოლნისელი ჟურნალისტები სთხოვენ თავიანთ კოლეგებსა და დამკვირვებლებს, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით დაესწრონ რაიონში 16 ივნისს გასამართ არჩევნებს, რათა შესაბამისი პროცედურები, 2 ივნისთან შედარებით, კანონიერად და უფრო ორგანიზებულად ჩატარდეს. როგორც ჟურნალისტმა ელგა ფოლადიშვილმა აღნიშნა, [ფოლადიშვილის ხმა]: "ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტნი ვიყოთ იმისათვის, რომ დარღვევები არ განმეორდეს. აშკარაა, საკითხი აქ წყდება არა ხარისხითა თუ სტატუსით, არამედ რაოდენობით. ჩვენ იძულებულნი ვართ, ანალოგიურ ხერხებს (ოღონდ არა მათებრ ამორალურს) მივმართოთ".

ელგა ფოლადიშვილისა და თამუნა ხოფერიას შეხვედრა ჟურნალისტებთან იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ შეეცადნენ მედიის ყურადღება სერიოზულად გადაეტანათ თბილისსა და ორიოდ დიდ ქალაქში მიმდინარე პროცესებიდან პატარა ქალაქებსა და რაიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რაც ბოლო დრომდე საზოგადოებისა და პრესის ინტერესთა მიღმა რჩებოდა. ბოლნისელი ჟურნალისტები აპელირებდნენ სამოქალაქო სოლიდარობის გრძნობაზე, რაც, ჯერჯერობით და სამწუხაროდ, უცხოა საზოგადოებისათვის.

ელგა ფოლადიშვილმა ისიც სთხოვა ჟურნალისტებს, რომ არ დაებრალებინათ ზურაბ ჯაფარიძისათვის, თითქოს ფიზიკური შეურაცხყოფა მან სწორედ ფოლადიშვილს მიაყენა. ფიზიკურად ჯაფარიძემ და მისმა ძმამ, მერაბმა, შეურაცხყვეს თამუნა ხოფერია, რომელიც საარჩევნო უბანზე იყო მისული სიუჟეტის გასაკეთებლად. ძმებმა ჯაფარიძეებმა უხეშად მოჰკიდეს ხელი ჟურნალისტს და, როგორც თავად თამუნა ხოფერია ამბობს, ბეჭებში მტკივნეული დარტყმებით, საარჩევნო უბნიდან გააგდეს. ფოლადიშვილი მოვლენათა აღწერისას სიზუსტეს ითხოვს, რათა ჯაფარიძეს, როცა მას ჩადენილი საქციელის გამო უჩივლებენ, არ მიეცეს საბაბი ცილისწამებისათვის შეგებებული სარჩელის წარსადგენად.

თუ ელგა ფოლადიშვილისთვის მიყენებული მორალური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები არსებობს, თამუნა ხოფერიას შეურაცხყოფის დადასტურება რამდენიმე ათეულ მოწმეს შეუძლია, მაგრამ, ირწმუნებიან ჟურნალისტები, ზურაბ ჯაფარიძე მოწმეებს აშინებს და აშანტაჟებს, რის გამოც ვერავინ ბედავს დაადასტუროს ის, რაც საკუთარი თვალით ნახა. თავად ზურაბ ჯაფარიძე ამ საკითხის კომენტირებისას ლაპარაკს იწყებს აღმშენებლობით პროცესებზე ბოლნისის რაიონში, რაც ერთი თემის მიჩქმალვა და ჩანაცვლებაა მეორით. რაიონში დროულად დარიგებული მიზერული ხელფასი თუ პენსია გამგებელზე არც კარგს ამბობს რამეს და არც ცუდს: ეს მისი ფუნქციაა და არაფრით უკავშირდება საარჩევნო დარღვევებს.
XS
SM
MD
LG