Accessibility links

logo-print

ელის თუ არა სწრაფი კვების რესტორნებს თამბაქოს მწარმოებელთა ხვედრი?


მსოფლიოს ბევრი ფირმა ვერ მოიწონებს თავს იმდენი სხვადასხვა ეროვნების ერთგული კლიენტით,

რამდენიც ჰყავს ამერიკული რესტორნების ქსელს “მაკდონალდსს”. შესაბამისად, “მაკდონალდსზე” უარყოფითი აზრის მქონეებს კლიენტების რაოდენობას წაუყენებენ ხოლმე არგუმენტად: ყოველდღირად “მაკდონალდსში” 45 მილიონი ადამინი შედის.
ლოგიკა ნაცნობია: მასების მიმხრობა ამართლებს ბევრ მრუდე პოლიტიკას, მასების მიმხრობა ამდიდრებს ადამიანისთვის მავნე პროდუქტის გამსაღებლებს და ასე შემდეგ. ყველა მათგანი ბოროტად სარგებლობს ადამიანის უგუნურებით, მისი მიამიტობით, იმით, რომ თანამედროვე ადამიანი რეკლამის მონა გახდა და მზად არის ყველაფრისთვის გაიღოს ფული, იმისთვისაც კი, რაც მის ჯანმრთელობას ვნებს და სიცოცხლეს უმოკლებს. რატომ ვლაპარაკობთ “მაკდონალდსზე” და ჯანმრთელობაზე ერთად, - რა მოხდა, რა უპოვეს ისეთი “მაკდონალდსს”?
მთელი ეს სისტემა, ეგრეთ წოდებული, “ფასტ ფუდისა” - რესტორნებისა, სადაც სწრაფად შეიძლება ჭამა და სმა - მოუსვენრობამ შეიპყრო მას მერე, რაც მისით დაინტერესდა ჯონ ბონზჰაფი - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. ის იყო საქმის ინიციატორი, როცა თამბაქოს წევისგან ჯარმრთელობაშერყეულთა არმიებმა ფულადი კომპენსაცია მოსთხოვეს და მიიღეს კიდეც დიდი და უძლეველი კონცერნებისგან.
იმას, რასაც ბონზჰაფი ახლა იწყებს, უკვე დიდი ხანია საფუძველი ჩაუყარეს გარემოს დამცველებმა, ჯანმრთელი კვების მრჩეველმა ექიმებმა, პროფკავშირებმა, გლობალიზაციის მომხრეებმა. ყველა ამ სფეროს მიზეზი აქვს პასუხისმგებლობა დააკისროს “მაკდონალდსის” მსგავს ფირმებს თანამედროვე ყოფა-ცხოვრების დამახინჯებისათვის.
გაგახსენებთ “თამბაქოს საქმეს”: თამბაქოს მწარმოებლები ჯერ აიძულეს კოლოფებზე გამაფრთხილებელი წარწერა გაეკეთებინათ, შემდეგ აიკრძალა რეკლამა ტელევიზიით, შემდგომ ამისა - მოწევა თვითმფრინავებში, არასრულწლოვანებისთვის სიგარეტის მიყიდვა და, ბოლოს, მოხდა წარმოუდგენელი რამ - მძლავრმა კონცერნებმა აღიარეს თავიანთი პროდუქციის მავნებლობა და მათ მილიარდების გადახდა დაეკისრათ.
ბონზჰაფის აზრით, ისევე როგორც თამბაქოს შემთხვევაში, სწრაფი კვების რესტორნები თავიანთი, ცხიმის და შაქრის მაღალი შემცველობის, პროდუქციით დიდ ზარალს აყენებენ საზოგადოებას. რატომ არ უნდა იკისრონ ზარალის ანაზღაურება მათ, ვინც აწაროებს ამ პროდუქტს და მისგან მოგებას იღებს? - სვამს შეკითხვას ამერიკელი იურისტი და განაგრძობს, - რატომ არ უნდა დაედოს ამ პროდუქტს ისეთივე მაღალი ბეგარა, როგორიც სხვა მავნე საქონელს? რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა მწარმოებელმა იმ ადამიანთა მკურნალობაში, რომელთაც ზედმეტი სიმსუქნე აწუხებთ?.
ამერიკის სტატისტიკური მონაცემებით, შერთებული შტატების მოსახლეობის 60 პროცენტს ზედმეტი წონა აქვს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სიმსუქნე მზარდ ორგანიზმებში, ბავშვებში, - ამერიკაში მათი 13 პროცენტი პათოლოგიურად მსუქანია. შეერთებულ შტატებში ზედმეტი წონის გამო ყოველწლიურად 300 ათასი მოქალაქე კვდება. 2000 წელს პათოლოგიური სიმსუქნის მკურნალობისთვის დაიხარჯა ათჯერ უფრო მეტი ფული, ვიდრე ამერიკა გაიღებს მოშიმშილე ქვეყნების მოქალაქეთა დასახმარებლად.
შარშან დეკემბერში სიმსუქნე ჯანმრთელობის უწყების მიერ ამერიკაში ეროვნულ ეპიდემიად გამოცხადდა. მას შემდეგ ფართო ფრონტი ყალიბდება სწრაფი კვების რესტორნებისა და ლიმონათების მწარმოებელთა წინააღმდეგ, რადგან სწორედ ისინი გამოცხადნენ ამ ეროვნული ავადმყოფობის მთავარ მიზეზად.
ახლა იურისტები სტრატეგიას ამუშავებენ, საიდან დაარტყან “მაკდონალდსს” და სხვებს. ბონზჰაფისთვის ყველაზე მისაღები საკანონმდებლო გზა იქნებოდა. მაგალითად, პროდუქტებზე რომ აღნიშნულიყო, როგორია მათი ცხიმიანობა და რამდენი ცხიმი შეიძლება ადამიანმა მიიღოს. მაგრამ ბონზჰაფი შიშობს, რომ ამ გზას ის მილიონები გადაეღობება, რომელსაც ეს სფერო პოლიტიკოსებს უხდის.
ამიტომ: “მაკდონალდსის” მოწინააღმდეგეები ჩივილის ხერხს მიმართავენ, როცა მომხმარებელი პროდუქტის შემცველობის შესახებ ყალბ ინფორმაციას იღებს. ერთი საქმე უკვე გახმაურდა: “მაკდონალდსი” კარტოფილს ვითომ მცენარეულ ზეთზე ამზადებდა და, ამდენად, ვეგეტარიანელებისთვის მისაღებ პროდუქტად ასაღებდა მას; სინამდვილეში კი, თურმე წინასწარ საქონლის ცხიმში წვავდნენ და შემდგომ, ჩვეულებრივ, ამგვარი რესტორნებისთვის ყინავდნენ. სიეტლელმა ადვოკატმა ჰარიშ ბარტიმ “მაკდონალდსს” უჩივლა ყველა დაზარალებული ინდოელისა და ვეგეტარიანელის სახელით. შედეგი შესანიშნავი მიიღო: “მაკდონალდსმა” ბოდიში მოიხადა, ათი მილიონის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა და ვეგეტარიანელთა საბჭო შექმნა.
ბონზჰაფი კმაყოფილია პროტესტის მზარდი ტალღით. მისი აზრით, თამბაქოს წარმოებასთან შედარებით, სწრაფი კვების რესტორნებს გამოსწორების მეტი შანსი აქვთ: მათ, ელემენტარულად, შეუძლიათ ხალხს ნაკლებად ცხიმიანი, ნაკლებად შაქრიანი და, საერთოდ, ნაკლებად მავნე პროდუქტი შესთავაზონ. სხვა საკითხია, შესაძლებელია თუ არა ეს იმ პირობებში, რომლებშიც მსგავსი ფირმები მუშაობენ. ეს პროდუქტების გაუგონარი სტანდარტიზაციაა. რიგიანი რესტორანი ხომ იმით ამაყობს, რომ პროდუქტს პირდაპირ გლეხისგან ყიდულობს, ანუ ახალს სთავაზობს სტუმარს. . “მაკდონალდსში” პროდუქტი ახალი არ არის, იქ ნახევარფაბრიკატი - წინასწარ მომზადებული და იქვე გაცხელებული - საჭმელი იყიდება. განსაკუთრებით საზიანოა ამგვარი კვება ბავშვებისათვის. ძნელია, მაგრამ საჭიროა, ფიქრობს ბონზჰაფი, რომ სწრაფი კვების მრეწველობამ შეწყვიტოს ბავშვებისთვის გამიზნული აგრესიული რეკლამა, რომელიც უგემოვნო სათაშოებით კეთდება.
ამასობაში ბონზჰაფის სამიზნე თავდაცვაზე გადავიდა. მისი ლოზუნგი ახლა ასეთია: ამერიკელს ვერ აიძულებ ჭამოს ის, რაც არ სურს.
XS
SM
MD
LG