Accessibility links

logo-print

სკეპტიკური მოსაზრებები ავღანეთის გარდამავალი პერიოდის მთავრობის პერსპექტივებზე


ავღანეთში სახელმწიფოს მეთაურად არჩეული ჰამიდ კარზაი არა მარტო საპატიო, არამედ, საყოველთაო აღიარებით, მეტად რთული ამოცანის წინაშე დგას.

ამიტომ, ბუნებრივია, რომ კარზაის საქმიანობის პერსპექტივას ზოგი ექსპერტი სკეპტიკურად აფასებს: მაგალითად, ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ბარნეტ რუბინი და ასევე ნიუ-იორკში განთავსებული ”საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის” დირექტორი რობერტ ტემპლერი ფიქრობენ, რომ ქვეყანაში, რომლის უდიდეს ნაწილს ადგილობრივი სამხედრო ლიდერები აკონტროლებენ, გარდამავალი პერიოდის მთავრობას გაუჭირდება ძალაუფლების კონსოლიდაცია.

ექსპერტების სკეპტიციზმს სხვა მიზეზებიცა აქვს. სემინარზე, რომელსაც ხუთშაბათს ნიუ-იორკში უმასპინძლა არასამთავრობო ორგანიზაცია ”აზიის საზოგადოებამ”, ბარნეტ რუბინმა კრიტიკული თვალით ჯერ ტრადიციულ საკრებულოს, ”ლოია ჯირგას” შეხედა. მეცნიერის თქმით, დასავლეთში ცდებიან, როცა ”ლოია ჯირგას” დემოკრატიულ ინსტიტუციად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ავღანეთის სხვადასხვა კუთხეში გაბატონებულმა ძალებმა – საველე მეთაურებმა თუ ეთნიკური ჯგუფების ლიდერებმა- ათასგვარი უკანონობა ჩაიდინეს, რათა თავად მოხვედრილიყვნენ, ან თავიანთი ხელქვეითები შეეყვანათ ”ლოია ჯირგაში”. არადა დღეს, გარდამავალი ადმინისტრაციის მეთაურად ჰამიდ კარზაის არჩევის შემდეგ ავღანელების უმრავლესობა მაინც უკმაყოფილოა. რუბინის თქმით [ბარნეტ რუბინის ხმა] ”ხალხის უდიდეს ნაწილს ის კი არ ადარდებს, რამდენი მინისტრისაგან შედგება კაბინეტი, არამედ ის, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება ადგილებზე, იქ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. და სანამ ამ მხრივ არაფერი კეთდება, კაბინეტის შემადგენლობა ცოტას თუ დაამშვიდებს”.

როგორც ნიუ-იორკიდან ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ნიკოლა კრასტევი იუწყება, სემინარზე უსაფრთხოების პრობლემაზეც ისაუბრეს. რობერტ ტემპლერმა აღნიშნა, რომ ავღანეთში მუშაობს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი პოლიციის ძალების მხოლოდ 10 პროცენტი. შემდეგ ტემპლერი კიდევ ერთ პრობლემას შეეხო: [რობერტ ტემპლერის ხმა] ”საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობა და ინტერესი ავღანეთისადმი ”ლოია ჯირგის” დამთავრების შემდეგ შესუსტდება. დაახლოებით 6 თვეა, ასეთი ტენდენცია ჩანს. ახლა ერაყზე უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე ავღანეთზე. ეს შემაშფოთებელია, ვინაიდან შესაძლოა იკლოს ახალი მთავრობისათვის განკუთვნილმა დახმარებამ.”

არადა, დონორების დახმარებაზე ბევრია დამოკიდებული ქვეყანაში, რომლის ხელმძღვანელობის წინაშე ურიცხვი ამოცანა დგას. მათ შორის, ტემპლერის ორგანიზაციის შეფასებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი სისტემის შექმნა. ხოლო ბარნეტ რუბინი ფიქრობს, რომ მთავრობის წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული მცირე საწარმოების წარმატებულ საქმიანობაზე.
XS
SM
MD
LG