Accessibility links

სტუდენტი იურისტები ადვოკატურის კანონში ცვლილებების წინააღმდეგ


სოზარ სუბელიანი, თბილისი სამშაბათს, 18 ივნისს, საქართველოს პარლამენტი აპირებს გააგრძელოს განხილვა “ადვოკატთა შესახებ” კანონისა, რომელიც პირველი წაკითხვით რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული.

ახალგაზრდა იურისტთა ერთი ნაწილი შიშობს, რომ კანონპროექტის ამ ფორმით მიღებას შედეგად მოჰყვება ადვოკატთა რამდენიმე ჯგუფის მიერ საადვოკატო ბაზრის სრული მონოპოლიზება და პრივატიზება. რაც მთავარია, ცვლილებები, რომლებიც ხსენებულ საშიშროებას ქმნის, კანონპროექტში მისი პირველი წაკითხვით მიღების შემდეგ იქნა შეტანილი.

კანონპროექტში შესული ცვლილებების მოწინააღმდეგე იურისტები აცხადებენ, რომ ყველაზე სახიფათო და მიუღებელი ცვლილება შედის პროექტის მე-40 მუხლში, რომლის თანახმადაც, “პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლამდე ეწეოდნენ ან ეწევიან საადვოკატო საქმიანობას, შედიან ადვოკატთა ერთიან სიაში ტესტირების გარეშე და იწოდებიან ადვოკატებად. ტესტირების გარეშე ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანდება და ერთიან სიაში შეიყვანება საადვოკატო საქმიანობის პროფესიაში შესვლის მსურველი პირი, თუ მას დაცული აქვს სამეცნიერო ხარისხი იურიდიულ მეცნიერებაში, ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, ან კიდევ აქვს იურიდიულ სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი” (სტილი დაცულია).

ანტიკორუფციული საბჭოს წევრს, იურისტ გია გეწაძეს მიაჩნია, რომ კანონის ამ სახით მიღება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს სამართლებრივ რეფორმას და, ზოგადად, სამართლებრივ სახელმწიფოს. არადა, ალბათობა, რომ ხსენებული პროექტი კანონად იქცევა, საკმაოდ მაღალია, რადგან მას საპარლამენტო ფრაქციათა დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

თავად ადვოკატებს შორის ამ ცვლილებების მიღების მთავარი ინიციატორი ყოფილი მოსამართლე ნუგზარ ბირკაიაა, რომელიც უფრო ადრე სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ბრძოლას მოთავეობდა. ამჟამად მას მხარი ადვოკატთა ახალგაზრდა თაობის ისეთმა ცნობილმა წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, როგორიც ზვიად კორძაძე, ეკა ბესელია ან ლია მუხაშავრიაა.

ცვლილებების წინააღმდეგ ყველაზე ხმამაღლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა გაილაშქრეს: [გიორგი მელაძის ხმა] “არაკვალიფიციური – არ მოგვერიდება ამ სიტყვის თქმა – ადვოაკატები ცდილობენ თავისი გავლენა დატოვონ დღეს ამ სფეროში და ისევ არსებობდეს ის კორუმპირებული გარემო, გარიგებები მოსამართლეებთან და პროკურორებთან ისევ დარჩეს…” [ანდრო გიგაურის ხმა] “პირველ რიგში, ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი მომავალი პროფესია და ჩვენი უფლება, ავირჩიოთ პროფესია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არა ვართ წინააღმდეგი, რომ გამოცდები ჩავაბაროთ, მაგრამ დაცული უნდა იყოს ყველას ინტერესი. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ინტერესები საზოგადოებისა, რომლის მოთხოვნილებაა, იყოს ადვოკატების განათლების უფრო მაღალი დონე…” [მაია ოქრუაშვილის ხმა] “ელემენტარულად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ყველა კარი იქნება დახურული: როცა შეიქმნება რამდენიმე ასოციაცია, სტანდარტები აქ იქნება განსხვავებული, როგორც გამოცდები, – თუკი ისინი შიდა გამოცდებს დანერგავენ, – ისე ეთიკის ნორმების…”[სტილი დაცულია]
[ანდრო გიგაურის ხმა] “წარმოგიდგენიათ, რამდენიმე ასოციაცია შეიქმნას და ყველას სხვადასხვა ეთიკის კოდექსი ჰქონდეს? რეალურად, ამ კანონპროექტის შესაბამისად, იქმნება რამდენიმე ასოციაცია, რომელსაც ექნება განსხვავებული ეთიკის კოდექსი…”

სტუდენტი იურისტები, რომელთა კომენტარიც ახლა მოვისმინეთ, – გიორგი მელაძე, ანდრო გიგაური და მაია ოქრუაშვილი, – მიიჩნევენ, რომ საჭიროა შეიქმნას ადვოკატთა ერთი ცენტრალური გაერთიანება, რომელსაც ექნება ადვოკატად გახდომის ერთიანი, ყველასთვის სავალდებულო სისტემა და რომლის წევრებიც ეთიკის ერთიანი კოდექსით იხელმძღვანელებენ.
XS
SM
MD
LG