Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობას დათანხმდა


პარასკევს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს წაუყენა.

ამ ულტიმატუმით, სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეობას 14 ივნისს დღის 3 საათამდე უნდა დათანხმებოდა. ლეიბორისტები და “ ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტის” ლიდერები მოლაპარაკებას ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ შეუდგნენ. ლეიბორისტების ოფისს თვით მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა, ამ უკანასკნელის ოფისს კი 14 ივნისის ღამეს ესროლეს. ამავე ღამეს რუსთაველის გამზირზე ძლიერი აფეთქებაც მოხდა. ნაციონალები მიიჩნევენ, რომ ისინი დააშინეს, სხვა მიზეზებთან ერთად, იმის გამოც, რომ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობას თანხმდება.

უკავშირდება თუ არა პოლიტიკას რუსთაველის გამზირზე მომხდარი აფეთქება და ვუკოლ ბერიძის ქუჩაზე, “ ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, ატეხილი სროლა, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. ამ ინციდენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარის თაობაზე პარასკევს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომაც იმსჯელა. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს უჭირთ 14 ივნისის აფეთქებასა და სროლას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცენ. დადგენილი მხოლოდ ის არის, რომ რუსთაველის გამზირზე 500 გრამი ტროტილი აფეთქდა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ უცნობმა პირებმა ვუკოლ ბერიძის ქუჩაზე ცეცხლი მათ ოფისს გაუხსნეს, სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ნაციონალების ოფისს ნატყვიარები არ ემჩნევა. მაინც რა მოხდა რუსთაველის გამზირზე, - უბრალოდ, საშიში ხულიგნობა თუ ვინმეს, პირველ რიგში კი, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დასაშინებლად ჩადენილი დანაშაული, ჯერჯერობით, დაუდგენელია. მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები კი აცხადებენ, რომ 14 ივნისის პრეცედენტები რომელიმე სახელისუფლებო ჯგუფის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო. მათ მიაჩნიათ, რომ აფეთქებაც და სროლაც საეჭვოდ დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პერსპექტივის გამოკვეთას და სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ედუარდ შევარდნაძის სატელეფონო ჩართვასაც, რაც ამავე ტელევიზიის “ღამის მოამბეში” სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს მოჰყვა. ასეთ ეჭვებს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება. 14 ივნისს კი “ნაციონალური მოძრაობა –დემოკრატიული ფრონტის “ ლიდერები უფრო შრომის ანუ “ლეიბორისტულ პარტიასთან” შეთანხმების გაფორმებით იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე აფეთქებისა და სროლის გამოძიებით. ეს შეთანხმება შედგა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ ნათელაშვილმა და სააკაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ჟურნალისტებს ლეიბორისტებისა და “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის” სამომავლო თემატური თანამშროლობის გეგმა გააცნეს. სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობას დათანხმდა, შრომის პარტია ამ შემთხვევაში მისი მხარდამჭერი იქნება. “ ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტისა” და ნათელაშვილის პარტიის ერთმანეთის მსგავსი შინაარსის ლოზუნგები კიდევ უფრო დაახლოვდა. ეს ორი ძალა შევარდნაძის რეჟიმის დემონტაჟისა და უშევარდნაძო თბილისისთვის ერთიანდებიან, ოღონდ, ჯერ მხოლოდ საკრებულოს დონეზე. მიხეილ სააკაშვილი პარლამენტიდან თბილისის საკრებულოში მიდის.მან თბილისის საკრებულოში ლეიბორისტთა სიიით მისული ლადო კახაძის მემკვიდრეობა უნდა ჩაიბაროს. ასე რომ, ვნახოთ, რას მოუტანს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს საკრებულოს თავმჯდომარეობა ან რამდენად შესრულდება “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიულის ფრონტის” მიერ თბილისთან და თბილისელებთან დადებული ხელშეკრულება. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თბილისის საკრებულოში საინტერესო და ხმაურიანი პროცესები დაიწყება.
XS
SM
MD
LG