Accessibility links

ცნობილი რუსი მსახიობის საღამო თბილისში


დავით პაიჭაძე, თბილისი თბილისში თვეზე მეტია გამოჩნდა სარეკლამო ფარები საქართველოს ტელევიზიის მეორე არხის ყოფილი წამყვანის, ლალი მოროშკინას, გამოსახულებით და წარწერით "ჩემი საქართველო".

ფარების გამოჩენას წინ უძღოდა ლალი მოროშკინას ინტერვიუ ერთ-ერთ ქართულ ჟურნალში, სადაც მან განაცხადა, რომ ტოვებს ტელევიზიას და არ გამორიცხავს პოლიტიკაში წასვლას. ორიოდ კვირის წინ კი მოროშკინამ, 5 თანამოაზრესთან ერთად, დააფუძნა კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია "ჩემი საქართველო", რომლის პრეზენტაციაც 14 ივნისს გაიმართა თეატრალური სარდაფის ახალ შენობაში. ახალ თეატრში საკუთრივ ორგანიზაციის წარდგენას მცირე დრო და მნიშვნელობა მიენიჭა, პრეზენტაცია უფრო თეატრალურ საღამოს დაემსგავსა.

[ისმის მრავალჟამიერი] აი ასე, მრავალჟამიერის ცოცხალი შესრულებით დაიწყო არასამთავრობო, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციის, “ჩემი საქართველოს,” პრეზენტაცია. ვაჟთა გუნდის შემდეგ სცენაზე ასოციაციის თავმჯდომარე ლალი მოროშკინა ავიდა და “ჩემი საქართველოს” მიზნებზე ილაპარაკა. ასოციაციის ამოცანაა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებთან საგანმანათლებლო მუშაობა და მათი ჩაბმა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, აგრეთვე, ხელის შეწყობა თანამეგობრობის (იგულისხმება “ესენგე”-ს) ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება-განმტკიცებისათვის. ლალი მოროშკინას თქმით, [მოროშკინას ხმა] “ძალიან შორს წაგვიყვანდა იმის ჩამოთვლა, თუ რამდენი გამოჩენილი მწერალი, მუსიკოსი, პოეტი – სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ებრაელი - დაიბადა, გაიზარდა საქართველოში და საქართველოს გაუთქვა სახელი. ჩვენი ორგანიზაცია გააკეთებს ყველაფერს საიმისოდ, რომ საქართველოდან გავიდეს სწორი ინფორმაცია, რომლის ნაკლებობას ჩვენც განვიცდით და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც. ვფიქრობ, ქართველებმაც და არაქართველებმაც უნდა დავიმსახუროთ, ვთქვათ: ჩემი საქართველო”.

საზოგადოებას, რომელსაც ძირითადად თეატრალური პუბლიკა შეადგენდა, მიესალმა რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, წარუდგა ქისტი გოგონა ჩეჩნურ და ქართულ ენაზე შესრულებული სიმღერებით. იცეკვეს ყმაწვილებმა. მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა, ვითარცა ზღაპარი, ისე გაიხსენა დრო, როცა თვითმფრინავის ბილეთი მოსკოვში 37 მანეთი ღირდა და ქართველ ხელოვანთ არაფერი უშლიდა ხელს, დასწრებოდნენ იქ გამართულ სპექტაკლებს, კონცერტებსა თუ ფესტივალებს. მაგრამ პრეზენტაციაზე ეს არ იყო მთავარი. ასოციაცია “ჩემი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელია მსახიობი მანანა კოზაკოვა, რომლის მამა, ცნობილი რუსი არტისტი მიხეილ კოზაკოვი ამ დღეს თეატრალურ სარდაფს სტუმრობდა. სცენაზე მისი ასვლის შემდეგ პრეზენტაცია უცებ იქცა მიხაილ კოზაკოვის საღამოდ. ის იგონებდა, ჰყვებოდა და ბრწყინვალედ კითხულობდა ლექსებს – ქართველი პოეტების რუსულ თარგმანებს, ტარკოვსკისა და პასტერნაკის ტექსტებს. სიუჟეტი კი გვინდა დავასრულოთ ფრაგმენტით ოსიპ მანდელშტამის ლექსიდან თბილისზე, რომელიც, ასევე, წაიკითხა მიხაილ კოზაკოვმა. [მიხაილ კოზაკოვის ხმა]
XS
SM
MD
LG