Accessibility links

არჩევნები და პოლიტიკური ოპოზიცია


ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა ერთი სქემით ვითარდებოდა:

მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, ყოველმხრივ ცდილობდა ოპოზიციის დაკნინებას და ყველა არჩევნებში იმარჯვებდა. 2 ივნისს ათწლიანი ტრადიცია პირველად დაირღვა.

მმართველი პარტიისა და პრეზიდენტისგან განსხვავებით, ბოლო წლების განმავლობაში ძირითადი ოპოზიცური ძალა რამდენჯერმე შეიცვალა. სამოქალაქო ომისა და შემდგომ წლებში შევარდნაძის ხელისუფლებას უკომპრომისო ოპოზიცია ჰყავდა ზვიად გამსახურდიას მომხრეების სახით. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს და, შესაბამისად, ქუჩაში აღმოჩნდნენ. გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგობა ხელისუფლებამ, შედარებით, ადვილად დაძლია, რადგან იმ წლებში საზოგადოების დიდი ნაწილი ნდობით ეკიდებოდა ედუარდ შევარდნაძის ფაქტორს და სისხლის ღვრის გაგრძელებას მხარს არ უჭერდა.

მომდევნო წლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების ცენტრმა პარლამენტში გადაინაცვლა. პრეზიდენტის და მთავრობის ძირითად ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ ეროვნული მოძრაობიდან მოსული პარტიები: ეროვნულ-დემოკრატები და მათგან გამიჯნული სახალხოელები. იმ წლებში პრეზიდენტს განსაკუთრებული საფრთხე ოპოზიციისგან არ უგრძვნია, რადგან ირინა სარიშვილი-ჭანტურია მძაფრად კი აკრიტიკებდა ედუარდ შევარდნაძეს და მის გარემოცვას, მაგრამ, იმავდროულად, პრეზიდენტის კაბინეტის კარი მისთვის ყოველთვის ღია იყო. მამუკა გიორგაძესთან ურთიერთობას კი ზურაბ ჟვანია აგვარებდა. საზოგადოება ხედავდა ოპოზიციის რეალურ სახეს და მისი მხარდაჭერის სურვილსაც ნელ-ნელა კარგავდა. სწორედ ამის გამო დარჩნენ პარლამენტს მიღმა ხმაურიანი პარტიები 1999 წლის არჩევნებში.

სამაგიეროდ, ამ არჩევნებში ხელისუფლებას ისევ გაუჩნდა რეალური ოპონენტი მეორე პოლიტიკური ცენტრისა და მისი ლიდერის ასლან აბაშიძის სახით. იმის მიუხედავად, რომ შევარდნაძე და აბაშიძე ზოგჯერ საერთო ენასაც პოულობდნენ, მთლიანობაში, ისინი ოპონენტები იყვნენ. მათი სამომავლო გეგმები პრინციპულად განსხვავდებოდა, რის გამოც დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია სწორედ საპარლამენტო არჩევნებში, როდესაც უნდა განსაზღვრულიყო, რა გზით ივლიდა ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ედუარდ შევარდნაძემ ეს დაბრკოლება თავისი პროდასავლური იმიჯით გადალახა - საზოგადოებრივი აზრი ისევ და ისევ პრეზიდენტის მხარეს აღმოჩნდა.

ათწლიანი ტრადიცია დაირღვა 2 ივნისის არჩევნებში, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის ახალ ეტაპად იქცა. საზოგადოების მხარდაჭერა ამჯერად პირველად მიიღეს პარტიებმა, რომლებიც მკვეთრად დაუპირისპირდნენ პირადად შევარდნაძეს. ოპოზიციის ახალი და წარმატებული სახეები კი პრეზიდენტის ყოფილი თანამოაზრეები - სააკაშვილი და ჟვანია იყვნენ. რა გზას აირჩევს პრეზიდენტი ძველ მეგობრებთან - იმავე ახალ ოპოზიციასთან - ურთიერთობისთვის, ქართული პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
XS
SM
MD
LG