Accessibility links

logo-print

აფხაზეთიდან ადგილნაცვალ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგიერთი თავისებურები


დევნილთა სოციალური მდგომარეობისა და ყოფიერების სპეციფიკით განპირობებული ფსიქო-ნერვული განწყობა აფხაზეთიდან ადგილნაცვალ პირთა კონტინგენტს ჯანმრთელობის მხრივაც

განასხვავებს საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისაგან - განასხვავებს, რა თქმა უნდა, უარესის ნიშნით, რაც ერთი მაგალითითაც დასტურდება:დაავადებათა მაჩვენებელი დევნილთა შორის ორნახევარჯერ აღემატება ქვეყნის ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს. ასეთ მდგომარეობაში, სტრესებით გაჯერებული საყოველთაო ნიჰილიზმის ფონზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი ჯანდაცვის სამინისტრო, შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ მუშაობს: იგი აფხაზეთიდან ადგილნაცვალ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის თავისებურებებს სწავლობს და თვალსაჩინო სტატისტიკას ყოველწლიურად საგანგებო კონფერენციას წარუდგენს. ამგვარი კონფერენცია წელს 14 ივნისს გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი 2 მიმართულებით ჩაატარა: ჯანმრთელობის მდგომარეობის 5 წლის დინამიკის ანალიზი და საკუთრივ რეგიონების შედარებითი ანალიზი. რეგიონებიდან, დევნილთა მსხვილი კომპაქტური ჩასახლებების ნიშნით, შერჩეული იყო: თბილისი - 85000 დევნილით, სამეგრელო - 113 800 დევნილით და იმერეთი- 35800 დევნილით. გამოკვლევები ჩატარდა სტატისტიკური ინფორმაციისა და ამბულატორიული ბარათების შესწავლის საფუძველზე. მიღებული შედეგები დევნილთა კონტინგენტის მიმართ არსებული მიდგომების სრული კორექციის საჭიროებაზე მიუთითებს, რაც, უახლოეს წლებში ძნელი სავარაუდოა, მაგრამ მაინც- თვალსაჩინოა აფხაზეთის მოსახლეობის ავადობის მაჩვენებლის აშკარად გამოხატული მეტობა, ქვეყნის საერთო მაჩვენებელთან, და ნაკლებობა, სამედიცინო დაწესებულებებში საკონსულტაციო მიღებათა საერთო რიცხვთან შედარებით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან, მოგეხსენებათ, აფხაზეთიდან დევნილთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო თუ მედიკამენტებით დახმარება უფასოა. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დალილა ხორავა შენიშნავს, აფხაზეთის მოსახლეობის, ეგრეთ წოდებულ, პასიურ ვიზიტებს ჯანდაცვის დაწესებულებებში ფსიქოლოგიური ფაქტორიც განაპირობებს:მცირე შემოსავალი, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, არასრულფასოვანი კვება და უმუშევრობა, თანაც - დევნილობაში, პიროვნების სოციალურ თვითიზოლაციას იწვევს, მისთვის დამახასიათებელი ყველა თანმდევი სიმპტომით. აქვე შევნიშნავთ, რომ, სტატისტიკის მიხედვით, სიკვდილიანობა დევნილ მამაკაცებში ერთნახევარჯერ აღემატება ქალთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რასაც, ერთი მხრივ, იმით ხსნიან, რომ მამაკაცები ქალებზე იშვიათად აკითხავენ ამბულატორიებს, მეორე მხრივ კი, იმით, რომ აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეული სტრესი, მამაკაცის საბრძოლო მოვალეობების აღსრულებაში არსებული შეფერხებისა თუ ფიასკოს სახით, მეტად აზიანებს მამაკაცის ჯანმრთელობას, ვიდრე ქალისას.
შესაბამისად, აფხაზეთიდან ადგილნაცვალ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საგრძნობი ზრდა უკვე ჩამოყალიბებულ ტენდენციად იქცა.
[დალილა ხორავას ხმა]“წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთი ტენდენცია - სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის, საჭმლის მონელების სისტემების, ფსიქო-ნევროლოგიური პროფილისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებების სტაბილურად მაღალი ხვედრითი წილი-ბოლო წლებში უცვლელად აღინიშნება შარდ-სასქესო დაავადებათა ზრდაც. სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით ავადმყოფთა შედარებითი რაოდენობითი ანალიზი აჩვენებს, პირველად დადგენილი დიაგნოზით, ჰიპერტონული, გულის იშემიური და თავის ტვინის სისხლძარღვთა მაჩვენებლების ზრდის ტენდენციას.შედარებითი ანალიზი აჩვენებს, ასევე, რომ დევნილთა შორის დაავადებათა მაჩვენებელი თითქმის 2,5-ჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.”[სტილი დაცულია]
აქვე შევნიშნავთ, რომ ანალოგიური დაავადებები, პროცენტულად, სჭარბობს, ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთიდან დევნილ მოსახლეობაშიც. ზოგადად, დევნილობის დაავადებათა განკურნების წამალი ყველას კარგად მოეხსენება, თუმცა სკეპსისი აქაც თავს იჩენს და, ქალბატონ დალილა ხორავას პროგნოზით, აფხაზეთის მოსახლეობის ქართული ნაწილის შემცირება და დაბერება უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ამ მოსახლეობის საკუთარ სახლში დაბრუნება.
XS
SM
MD
LG