Accessibility links

logo-print

ამ კვირის პრესა კვლავ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ კვირის პრესა კვლავ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების

შედეგების ანალიზით იყო დაკავებული და მოვლენების შესაძლო განვითარების საკითხს იხილავდა. მაგალითად, 10-16 ივნისის გაზეთი "ახალი ვერსია" შენიშნავს, რომ სკანდალური 2 ივნისის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში პოსტსაარჩევნო ცილისწამებების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ მოსაზრების საფუძვლიანობას გასული კვირის პრესაც ადასტურებს, რომელიც ამა თუ იმ პარტიის გარიგების შესახებ არაერთ მასალას აქვეყნებს. 10 ივნისის გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სოციალისტური პარტიის წევრი ქეთევან ჟორდანია აცხადებს, რომ არჩევნები ლეიბორისტებმა გააყალბეს, 13 ივნისის გაზეთი ალია ცსკ-ში მომხდარი რთული გარიგებების სცენარს აღწერს, 10 ივნისის გაზეთი "24 საათი" კი ფიქრობს,რომ ადგილობრივმა არჩევნებმა ოფიციალურად გააფორმა ის ახალი რეალობა, რომელიც ქვეყანაში მოქალაქეთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა. უკვე გამოიკვეთა იმ ძალთა კონტურები, რომლებიც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას მთავარ კონკურენტებად მოგვევლინებიან. არჩევნებმა აჩვენა ისიც, რომ, მიუხედავად იმედგაცრუებისა, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და მკაფიოდ გამოხატული სიმპათიები აქვს. გაზეთის აზრით:


"აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ძალები იმედოვნებენ, რომ 2003 წელსაც შეძლებენ ამომრჩევლებისგან მხარდაჭერის მიღებას. დღეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დადგა - შეიძლება სწორედ ახლა ჩაეყაროს საფუძველი პოლიტიკური თამაშის იმ წესებს, რომლებიც პოსტშევარდნაძისტული ეპოქისთვის იქნება დამახასიათებელი.
მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების თავისებურებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ყოველთვის სჭირდება მოკავშირეები, რომლებიც პოლიტიკური დასაყრდენის ფუნქციას იკისრებენ. მოქალაქეთა კავშირი დიდი ხნის განმავლობაში ამ როლს წარმატებით ართმევდა თავს. თუმცა, საბოლოოდ, მოხდა ის, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ამის შემდეგ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ამ ფუნქციას ახლები იტვირთებდნენ (არაოფიციალურად მაინც). გარეგნულად ისე ჩანდა, რომ არც ახლები იყვნენ თავისი ახალი როლით უკმაყოფილო, შეიძლება ითქვას, პირიქითაც. თუმცა ადგილობრივმა არჩევნებმა არც ახლები დატოვა კმაყოფილი და, როგორც ჩანს, არც მათი მეგობრები.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ახალი პარტიული მოკავშირეების ძიებაშია. ამ მხრივ, არჩევანი არცთუ ისე დიდია: ან ყოფილი "სმკ"-ს რეფორმატორული ფრთა ან ლეიბორისტები. ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამოცდილება ორივე ბანაკს საკმარისზე მეტი აქვს, თუმცა შედეგები განსხვავებული იყო. თუ რეფორმატორებმა თავის დროზე პოსტები ნებაყოფლობით დატოვეს, ყოფილი ლეიბორისტები თბილისის საკრებულოში, პირიქით, ასევე ნებაყოფლობით, თანამდებობზებზე აღმოჩნდნენ. სწორედ ამას ემყარება ის მოსაზრება, რომ ხელისუფლება არჩევნებში სწორედ ლეობორისტებს ეხმარებოდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ მათთან უფრო ადვილი იქნებოდა ურთიერთობის აწყობა. მეორე მხრივ, ჟვანია-სააკაშვილს შევარდნაძესთან ფარული ალიანსი ბრალდებათ. ოპონენთა მტკიცებით, ხელისუფლება მათგან ხელოვნურ ოპოზიციას ქმნის. სად არის სიმართლე და სად - სიცრუე, ალბათ, ცოტა ხანში გაირკვევა, მაგრამ იქამდე ერთი ნიშანდობლივი მომენტია გასათვალისწინებელი. ყველა პარტია თავისი კონკურენტის დისკრედიტაციისთვის საუკეთესო საშუალებად ოპონენტის ხელისუფლებასთან კავშირში დადანაშაულებას მიიჩნევს, რაც იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ ყველა გრძნობს ხელისუფლებასთან, კონკრეტულად კი, პრეზიდენტთან სტრატეგიული პარტნიორობის წამგებიანობას. თუმცა, ალბათ, ზოგიერთები, ე.წ. ტაქტიკური მოსაზრებით, ამაზეც არ იტყოდნენ უარს, მაგრამ რისკი დიდია და სწორედ ახლა არ ღირს ჩიტი ბრდღვნად.
ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა თავად ედუარდ შევარდნაძე, ადამიანი, რომელიც უკვე 30 წელია, საქართველოში მართვის სადავეებს ხელიდან არ უშვებს. ამ მხრივ, მოვლენათა განვითარების ორი სცენარი შეიძლება განვიხილოთ.
პირველი ვარიანტი: შევარდნაძე უღალატებს დღემდე მის მიერვე დამკვიდრებულ ტრადიციას და მიმდინარე დივიდენდებზე მეტად იმაზე იფიქრებს, რომ მისი მმართველობის შემდეგ ქვეყანაში ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური ძალები დატოვოს. ანუ უნდა მოისპოს ფავორიტიზმი, რაც ყველას თავისი შესაძლებლობის გამოვლენის შანსს მისცემს. ამისთვის მან, თუნდაც დროებით, გვერდზე უნდა გადადოს ის მეთოდები, რითაც დღემდე სარგებლობდა და შეეცადოს, გაითავისოს ის პოსტულატი, რომ მისი მოღვაწეობის შეფასება, მეტწილად, იმას ეფუძნება, თუ როგორი პოლიტიკური სისტემით შეხვდება საქართველო 2005 წელს - მისი პრეზიდენტობის მეორე და საბოლოო ვადის გასვლას.
მეორე სცენარი: შევარდნაძე დარჩება ისევ იმ შევარდნაძედ, როგორიც დღემდე იყო. ანუ ჩაერთვება შიდა პოლიტიკურ ინტრიგებში, შეეცდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მეთოდებით მოხიბვლას, რაც ისევ ამ პარტიების დისკრედიტაციას გამოიწვევს. ამის შედეგად, ამომრჩევლის მხრიდან საჯარო პოლიტიკოსებისადმი ნდობა საბოლოოდ გაქრება. ეს კი ნოყიერი ნიადაგი იქნება ხელისუფლების კლანური პრინციპით გადაცემისთვის.
ალბათ, ძალზე ოპტიმისტური იქნებოდა იმის იმედად ყოფნა, რომ მოვლენათა განვითარება პირველი სცენარით მოხდება, მით უფრო, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით ხელმძღვანელობს. მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას: შევარდნაძემ ერთხელ უკვე გააკეთა არჩევანი, რომელსაც შემდგომში "ჩემი არჩევანი" უწოდა. დღეს მას კიდევ ერთხელ მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. "



"ჟვანია-სააკაშვილი მყარ კოალიციას პიროვნული შეუთანხმებლობის გამო ვერ შექმნიან" - ასეთი სათაურით აქვეყნებს 10-16 ივნისის გაზეთი "ქრონიკა" ინტერვიუს პოლიტილოგ გია ნოდიასთან. მისი აზრით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნამდვილად არ არის საიმისოდ განწყობილი, რომ რევოლუციური გზით შეცვალოს ხელისუფლება.ამგვარი ინდიფერენტულობის მიზეზად გია ნოდია გამოკვეთილი ერთი ოპოზიციური ფიგურის არარსებობას ასახელებს. მისი თქმით:


"საზოგადოებისთვის ისიც საკმარისია, იმ ფორმით გამოხატოს უკმაყოფილება, რაც არჩევნებში გააკეთა, როცა ხმა მისცა ოპოზიცურ ძალებს. ყოველ შემთხვევაში, ამით ხალხი უარყოფითი ენერგიისგან დაიცალა რაღაც დროის მანძილზე.შეიძლება ითქვას, საზოგადოების საპროტესტო განწყობამ თავისი გამოხატულება პოვა, ხალხი დაიღალა პოლიტიკისგან, ხელისუფლებას კი ეს აწყობს. რაც შეეხება შესაძლო კოალიციებს, ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. სააკაშვილსა და ჟვანიას შორისაც კი არ ჩანს ჯერჯერობით ისეთი მყარი კოალიცია და ძალთა კოორდინაციის მიღწევის საფუძველი. ეს თუნდაც იმაში ჩანს, რომ არჩევნების შედეგების გადამოწმებას "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა მხარი, ჟვანიას გუნდმა კი -არა. ისინიც ვერ ქმნიან რაღაც კოორდინირებულ პოლიტიკას, ვერც სხვა პარტიები მოახერხებენ ამას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჟვანია-სააკაშვილს შორის ჩამოყალიბდება მყარი კოალიცია, ჟვანია და სააკაშვილი, ჯერ ერთი, სხვადასხვა ელექტორატზე მუშობენ. სააკაშვილს უფრო პოპულისტური მესიჯი აქვს და ფართო ელექტორატზე მუშაობს. ჟვანიას, მეტწილად, ელიტაზე აქვს ორიენტაცია. ყოველ შემთხვევაში, ასე გამოჩნდა ამ არჩევნებზე. რაც შეეხება სხვებს - ახლები, ლეიბორისტები, აღორძინება, შესაძლოა, დროებით შეთანხმდნენ რაღაცაზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. როცა საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდება, მაშინ კი შეიძლება დაიწყოს პოლიტიკურ ძალთა ალიანსების შექმნა...იდეოლოგიური პრინციპებით ჩვენთან "ალიანსები" არც ყოფილა და არც იქნება."



ამ პროგნოზის ფონზე უფრო დამაინტრიგებლად გამოიყურება გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა, როცა თბილისის საკრებულოში, თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, ლეიბორისტულმა პარტიამ და "ნაციონალურმა მოძრაობამ" თანამშრომლობა გააფორმეს. ამ შეთანხმებით, ლეიბორისტები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს. 15 ივნისის გაზეთ "რეზონანსის" ირონიული შენიშვნით, საკრებულოს მმართველი პარტიები საკრებულოს თავმჯდომარეობამ და ბრაზილიამ გააერთიანა. გაზეთი წერს:


"მომავალ საკრებულოში გამარჯვებულ პარტიებს, მართლაც, ბევრი საქმე აქვთ გასაკეთებელი. ეს ყველაფერი კი მათ საკრებულოს არასრულფასოვანი პოლიტიკური უფლებებით უნდა განახორციელონ. წარმატების შემთხვევაში ისინი საპარლამენტო ტრამპლინზე ზუსტ ნახტომს გააკეთებენ.
თუმცა მათი ერთიანობის ბევრს არ სჯერა. ამ დიდ შერიგებამდე რესპუბლიკელმა ბერძენიშვილმა ნათელაშვილს ნაძლევი დაუდო, რომ ერთ წელიწადში საკრებულოში ლეიბორისტთა ნახევარსაც ვერ შეინარჩუნებდა. მაგრამ პარტიები დროებით დაზავდნენ. ეს საქმის კეთებისთვის, მართლაც, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
თუმცა, ექსპერტების აზრით, თუ ამ ნაბიჯს მოჩვენებითი ხასიათი აქვს და დღეს შეკრული პარტიები ხვალ გაიხლიჩებიან, მაშინ ისინი უკვე ამომრჩევლის ყბიდან ვეღარ ამოვლენ, რადგან საქართველოში საარჩევნო კულტურა თანდათან ფეხს იკიდებს. ამაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ბევრი სკეპტიკოსიც კი დაარწმუნა: ამომრჩევლები თავის ხმას, სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, მართლაც, იცავდნენ....
ლეიბორისტები და ნაციონალისტები აცხადებენ, რომ ისინი ყველა ძალასთან ითანამშრომლებენ თემატურ საკითხებზე. ნათელაშვილის თქმით, მას ამის თაობაზე შეხვედრა ჰქონდა ასლან აბაშიძესთან, მრეწველებთან, იგეგმება კონსულტაციები ჯუმბერ პატიაშვილთან. :ჟვანიას გუნდიდან ჩამიჩუმი არ ისმის," - დაასმინა ჟვანიელები ნათელაშვილმა. "მე ვიცი მათი პოზიცია, ამათაც უნდათ," - დაამშვიდა ნათელაშვილი სააკაშვილმა.
ერთი სიტყვით, ნათელაშვილის პარტია ის ძალაა, რომელსაც შეუძლია "ერთობა", "აღორძინება", "მრეწველები" და "ახლები" შეკრას. სააკაშვილის ჩარევის გარეშე კი ყველა პოლიტიკური ძალის მიერ შერისხული "ნაციონალისტებისა " და ჟვანიას თანაგუნდელების შემორიგება შეუძლებელია. საერთოდ კი, საკრებულოში გასული ძალების ერთიანობის გარეშე ეს საკრებულოც ისევ ზოდელავას საკრებულო გახდება და არა - ხალხის."
XS
SM
MD
LG