Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დასავლეთის წამყვანი გაზეთები განაგრძობენ ჩეჩნეთში მიმდინარე ომის გაშუქებას მიუხედავად იმისა,

რომ ინფორმაცია იმ ბარბაროსობის შესახებ, რასაც ფედერალური ჯარი სჩადის ჩრდილოეთ კავკასიაში, დასავლელი კორესპონდენტებისთვის სულ უფრო ძნელადაა ხელმისაწვდომი, ვინაიდან კრემლმა საამისოდ, სათანადო ზომები მიიღო. როგორც გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ”ორი მნიშვნელოვანი ტაქტიკური ბრძოლა” მოიგო სამი წლის წინათ დაწყებულ ამ სამხედრო კამპანიაში. მართალია, ფედერალური ჯარი კვლავინდებურად ძალზედ შორსაა დამოუკიდებლობისათვის მებძოლი ჩეჩნების დამარცხებისაგან, ბატონმა პუტინმა წერტილი დაუსვა რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ყოველგვარ კრიტიკულ გამოხმაურებას ჩეჩნეთის ომის შესახებ. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კორუმპირებული და დემორალიზებული ჯარი განაგრძობს ჩეჩნეთში სამხედრო დანაშაულს და მიუტევებლად არღვევს მშვიდობიან მოქალაქეთა უფლებებს, ევროპის მთავრობები და და პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აღარაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა კრემლს დაეკისროს ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის პასუხისმგებლობა. გაზეთი განაგრძობს:

”11 სექტემბრის შემდეგ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა ვითარებამ რუსეთის პრეზიდენტს მისცა შესაძლებლობა - კიდევ უფრო გააფართოვოს ქვეყანაში რეპრესიები. ამჯერად, ახალი ამბიციური გეგმა მზადდება ინგუშეთში, სადაც 200,000 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს. მოსკოვმა განიზრახა იძულებით დააბრუნოს ეს ლტოლვილები ჩეჩნეთში, სადაც რუსეთის ჯარის სპეცოპერაციები, ეგრედ წოდებული ”წმენდები” გრძელდება. თუ ხსენებული გეგმა განხორციელდა, ადამიანის უფლებათა დარღვევა არნახულ მასშტაბებს მიიღებს ჩეჩნეთში. გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში წინ უნდა აღუდგეს ინგუშეთში მყოფი ლტოლვილების იძულებით დაბრუნებას ჩეჩნეთში, და იგივე უნდა მოიმოქმედონ რუსეთის ახალმა პარტნიორებმა ნატოში – დასავლეთის მთავრობებმაც. ვლადიმირ პუტინი არ კარგავს იმედს, რომ დასავლეთის მთავრობები დუმილს ამჯობინებენ ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობასთან დაკავშირებით”.

ჩეჩნეთის პრობლემას უბრუნდება გაზეთი ”ქრისჩიენ საიანს მონიტორიც”, როცა წერს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა – სამშობლოში დააბრუნოს ინგუშეთში გახიზნული ჩეჩენი ლტოლვილები. ამით, განაგრძობს გაზეთი, კრემლს სურს დაარწმუნოს რუსეთის საზოგადოება და დანარჩენი მსოფლიო იმაში, რომ ჩეჩნეთში ომი, დამთავრდა. თუმცა ლტოლვილთა უმრავლესობას, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, არ სურს დაბრუნება, ვინაიდან ჩეჩნეთი ნანგრევებადაა ქცეული, და რაც მთავარია, ლტოლვილებს კარგად მოეხსენებათ, რომ იქ - არ იქნებიან დაცული.

”ჩეჩნეთის საკითხებში რუსეთის მინისტრის მოადგილე პრესის მონაჩმახს უწოდებს ცნობას იმის შესახებ, რომ ლტოლვილთა იძულებითი დაბრუნებაა დაგეგმილი. თუმცა, ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტები ამბობენ, რომ ჩეჩენ ლტოლვილთა იძულებითი დაბრუნების კამპანია უკვე დაიწყო. ხოლო რეპრესირებულ ხალხთა კონგრესის ლიდერი, სვეტლანა ალიევა ამტკიცებს, რომ ინგუშეთის ხელისუფლება დაიმუქრა – სურსათით მომარაგება შეუწყვიტოს ლტოლვილთა ბანაკებს”.

მეორე საკითხი, რომელზეც თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ, კათოლიკურსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხება. როგორც გერმანიის გაზეთი ”ველტი” შენიშნავს, ცივი ომია დღეს გაჩაღებული ამ ორ ეკლესიას შორის. საქსონიაში დაბადებული კლემენს პიკელი, სარატოვის კათოლიკე ეპისკოპოსი გრძნობს, როგორც ეცლება ფეხქვეშ მიწა. ეპისკოპოსს ოქტომბერში უთავდება რუსეთში ყოფნის ვიზა, და ეჭვი ეპარება იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლება მას ვიზას გაუგრძელებს. მკვეთრად დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც თებერვალში რომმა, თავისი სამოციქულო ადმინისტრაციები რუსეთში, ეპარქიებად გარდაქმნა. ოცზე მეტ ქალაქში მართლმადიდებელთა დემონსტრაციები მოეწყო ვატიკანის ”ექსპანსიის” წინააღმდეგ. თუმცა, ანტიკათოლიკური კამპანია რუსეთში ჯერ კიდევ 1996 წლის მიწურულს დაიწყო, როცა მართლმადიბლური ტაძრებისა და ეკლესიების კარებზე გამოჩნდა პატარა დაფები წარწერით: ”ლოთების, ნარკომანებისა და კათოლიკეების შემოსვლა – აკრძალულია”.

”ხოლო მას შემდეგ, რაც ვატიკანმა ეპარქიები შექმნა რუსეთში, უთანხმოება რუსეთის მართლმადიდებელსა და რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის, ნამდვილ ცივ ომში გადაიზარდა, რასაც ერთობ უცნაური კოალიციების შექმნაც მოჰყვა შედეგად. უზენაესმა მუფტიმ, ტალგათ ტაჯუდინმა, მაჰმადიანთა სახელით სოლიდარობა გამოუცხადა მოსკოვის საპატრიარქოს ქორებს. მართლმადიდებელებისა და მაჰმადიანთა ”დაძმობილების” დღედ იქცა 11 სექტემბერი, როცა პატრიარქმა ალექსი მეორემ და ეკლესიის ეგრედ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიტროპოლიტმა კირილმა, ფაქტობრივად ისლამისტების პოზიცია გაიზიარეს – დასავლეთს თურმე თავად მიუძღვის ბრალი ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის დანგრევაში, ვინაიდან ცდილობს, თავისი ცივილიზაცია – თავს მოახვიოს მთელს მსოფლიოსო. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურნი ფაქტობრივად ისევე აღიქვამენ მსოფლიოს, როგორც ისლამისტი რადიკალები, ხოლო პრეზიდენტი პუტინი არაა მზად ეკლესიას დაუპირისპირდეს, ყურად არ იღოს საპატრიარქოს პროტესტი და ქვეყანაში მიიწვიოს რომის პაპი იოანე პავლე მეორე”.

გაზეთი ”ინდეპენდენტი” ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მოსკოვში კაგებეს ყოფილი გენერლის, ოლეგ კალუგინის სასამართლო იწყება. კალუგინისა, რომელიც სხვებთან ერთად ბრიტანელ ჯაშუშთან, კიმ ფილბისთან თანამშრომლობდა. ეს ის ფილბია, საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ რომ ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას. 70-იან წლებში კალუგინი, კაგებეს კონტრდაზვერვას ხელმძღვანელობდა ამერიკაში, სადაც ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს დღეს. ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მცირე ხნით რუსეთის პარლამენტშიც იმსახურა რეფორმატორი დეპუტატის სტატუსით. კალუგინი დასავლეთში გაქცეული მეორე ყოფილი თანამშრომელია სპეცსამსახურებისა, რომელსაც დაუსწრებლად ასამართლებენ რუსეთში, და ეს მაშინ, როცა ორიოდ თვის შემდეგ, ახალი კანონით რუსეთში აიკრძალება დაუსწრებელი სასამართლო პროცესები.

”2000 წელს ლონდონში დარჩენილი რუსი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს დაუსწრებელი სასამართლო პროცესი გასულ თვეს დაიწყო. ლიტვინენკოს, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებაში მსახურობდა უშიშროების ფედერალურ უწყებაში, კორუფციაში ადანაშაულებენ. კალუგინიცა და ლიტვინენკოც დარწმუნებული არიან იმაში, რომ მათ, კაგებეს მემკვიდრე – უშიშროების ფედერალური სამსახური – სამაგიეროს უხდის. კალუგინმა და ლიტვინენკომ დასავლეთში გამოაქვეყნეს წიგნები, რომლებშიც კაგებე და უშიშროების ფედერალური სამსახურია გაკრიტიკებული. ორივე – უშიშროების ფედერალურ სამსახურს ადანაშაულებს საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში, რუსეთის სამ ქალაქში რომ მოხდა 99-წლის სექტემბერში. კალუგინს იმაში ადანაშაულებენ, რომ ამერიკის ხელისუფლებას საიდუმლო ინფორმაცია გადასცა. სახელდობრ, მან, როგორც გამოძიება ამტკიცებს, ჩვენებები მისცა ამერიკელი ჯაშუშის, ჯორჯ ტროფიმოვის საქმესთან დაკავშირებით. ტროფიმოვი – საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას.
XS
SM
MD
LG