Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო ფინანსებს არაკანონიერად განკარგავს


საქართველოში კორუფციის აყვავებას იმ სტრუქტურებში არსებული კანონდარღვევები უწყობს ხელს, რომლებსაც კორუფციასთან ბრძოლა და კანონის დაცვა ევალება.

2001 წელს კონტროლის პალატამ შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო ფინანსების მოპოვებისა და ხარჯვის პროცესში სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, აღმოჩენილი კანონდარღვევები არ გამოესწორებინათ და პოლიციისათვის დაეტოვებიათ უკანონო შემოსავლის წყარო.

კახა თარგამაძის მიერ ამ წერილის დაწერის შემდეგ, პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად, თავად შინაგან საქმეთა მინისტრიც შეიცვალა, თუმცა კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება დღემდე არ მომხდარა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა თარგამაძის მაშინდელი თხოვნა გაითვალისწინა, - უბრალოდ, შევარდნაძემ საქმე ანტიკორუფციულ ბიუროს გადაულოცა და ამით მისი განხილვა გაჭიანურდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსახსრების კანონიერების საკითხზე ანტიკორუფციულმა საბჭომ 14 ივნისს იმსჯელა.

კონტროლის პალატის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001 წლის 6 თვის საფინანსო საქმიანობის შემოწმებისას გაირკვა, რომ ამ ხნის მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონოდ აქვს მიღებული და გამოყენებული 6 მილიონ 640 ათასი ლარი. შემოწმების პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნული პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გაცემით 2 მილიონ 258 ათასი ლარი მიიღო; ასევე, საგზაო პოლიციის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმებით მიღებულმა შემოსავალმა 547 ათასი ლარი შეადგინა. ეს შემოსავლები სამინისტრომ სპეცსახსრებად გააფორმა, ანუ იმ თანხად, რომლის შეხედულებისამებრ ხარჯვის სრული პრეროგატივა ჰჰქონდა. ანტიკორუფციული ბიუროს ექსპერტ პალიკო კუბლაშვილის განცხადებით:

[კუბლაშვილის ხმა] „აქ საუბარი არის 2001 წლის პირველი 6 თვის შედეგებზე. ანალოგიური სიტუაცია მეორდებოდა დღემდე. ჩვენ, უბრალოდ, თანხობრივად აღარ დაგვიზუსტებია რამდენი შეადგინა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თანხები დიდად არ შეიცვლებოდა.“

ეს ყველაფერი პრეზიდენტ შევარდნაძის კანონთან შეუსაბამო განკარგულების ძალით ხდებოდა. ანტიკორუფციული ბიუროს განმარტებით, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გარდა საკანონმდებლო და პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ყველა არასაგადასახადო შემოსავალი უნდა ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის შესაბამისად კი, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტად ითვლება ბრძანებულება და დეკრეტი. შესაბამისად, პრეზიდენტის განკარგულება ნორმატიულ აქტს არ განეკუთვნება.

ფინანსებისადმის სიყვარულის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბუღალტერიასთან მწყრალად არიან. ანტიკორუფციულმა ბიურომ დარღვევები აღმოაჩინა სამინისტროს სალაროსთან ურთიერთობაშიც. ბიუროს ექსპერტ ანდრო გოცირიძის განცხადებით:

[გოცირიძის ხმა] „დარღვეულია სალაროს მეურნეობის შესახებ მოქმედი დებულების მოთხოვნები. შემოსული თანხა დადგენილ ვადაში არ არის შეტანილი სპეცსახსრების ანგარიშზე. საანგარიშო პერიოდში 62 ათას 300 ლარიდან 51 ათას 400 ლარი სხვა დანიშნულებითაა გაცემული. გარდა ამისა, დარღვეულია სახელმწიფო სპეციალურ ფონდებთან ანგარიშსწორების წესები, რის გამოც სოციალური გადასახადის სახით ამოღებას დაექვემდებარა 33 ათას 200 ლარი.“

კანონდარღვევებია შესყიდვების სფეროშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში საჭირო პროდუქციის შეძენა ტენდერის გარეშე და გაბერილი ფასებით ხდებოდა.

ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პოლიციის გენერალ-მაიორ ვასილ დავითაიას საქმიანობის შედეგია. დავითაია ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დღიდან მისი დაარსებისა. 200 ლარიანი ხელფასის მქონე ჩინოვნიკი, ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, მილიონერად შეიძლება ჩაითვალოს. იგი 886 ათასი ამერიკული დოლარის უძრავი ქონების პატრონია, ფლობს 77 ათას დოლარად შეფასებულ აქციებს და 285 ათას დოლარს.

საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭომ 14 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული დარღვევების განხილვის შემდეგ თუ რა დაადგინა, პალიკო კუბლაშვილის განცხადებიდან ჩანს:

[კუბლაშვილის ხმა] „გამოვლენილია მნიშვნელოვანი დარღვევები. ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისათვის, რომ დაისვას კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად, ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რეკომენდაციით მიმართოს შინაგან საქმეთა მინისტრს. რეკომენდაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდეს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ვასილ დავითაია.“

ანტიკორუფციული საბჭო, ასევე, მოითხოვს აღნიშნული დარღვევების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და მოკვლეული მასალების პროკურატურისთვის გადაცემასაც აპირებს. ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ადასტურებს კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილ დარღვევებს და ანტიკორუფციული საბჭოსათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ კანონთან შეუსაბამობებს გამოასწორებს. დაეთანხმება თუ არა საბჭოს რეკომენდაციას, რომელიც ვასილ დავითაიას გათავისუფლებას მოითხოვს, ახლო მომავალში გახდება ცნობილი. ანტიკორუფციული საბჭის წევრები, ასევე, ითხოვენ კორუფციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული სახელმწიფო მოხელეები კვლავ სხვა თანამდებობებზე არ დაინიშნონ, როგორც ეს დღემდე ხდებოდა.
XS
SM
MD
LG