Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში კანონების არაკონსტიტუციურობის გამო ჩივის


არასამთავრობო ორგანიზაციას - "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" - მოღვაწეობის რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება აქვს.

ერთ-ერთი მათგანი მოქალაქის უფლებების კანონებისა და ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურობისგან დაცვას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით ბოლო ორი თვის განმავლობაში ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა ხუთი სარჩელი, რომელთა მიზანია კონკრეტულ კანონებსა და ნორმატიულ აქტებში იმ მუხლების მოქმედების შეჩერება, რომლებიც საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავენ.

გესაუბრებათ ნინო გელაშვილი:

იმ ხუთი სარჩელიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"-ს წევრი ადვოკატების კოორდინაციით შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში ოთხში სადაო აქტად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსია მიჩნეული, ერთში კი - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება.

უკვე ერთი წელია, რაც ორგანიზაციამ მუშაობა დაიწყო სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეებზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლია მუხაშავრიას აზრით, ასეთ საქმედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომელსაც აქვს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა როგორც პრეცედენტს, რომელიც შეცვლის სამართალსა და სამართლის განხორციელების პრაქტიკას, აგრეთვე ისიც, რომელსაც მატერიალური, იურიდიული, უფლებრივი თუ სოციალური სიკეთე მოაქვს მოქალაქეთა დიდი ჯგუფისთვის, ან ის, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სირთულით. ბოლო დროს აღნიშნული სამუშაოს ძირითადი ნაწილიდან გამოიკვეთა კიდევ ერთი მიმართულება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანა. ლია მუხაშავრია დასძენს:

[ლია მუხაშავრიას ხმა]
“სხვათაშორის, ეს ძალიან პროგრესულია, რომ ჩვენს სასამართლოში შეიძლება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებზე მიმართოს კერძო პირმა. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოში, საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთი თავისუფალი მიმართვის უფლება კერძო პირებს და ინდივიდებს არ აქვთ”.

კანონმდებლობის არასრულფასოვნება და საერთაშორისო ნორმებთან და კონსტიტუციასთან შეუსაბამობა განაპირობებს იმას, რომ სამართალდამცავთა და სასამართლოს მუშაკთა მიერ მისი ზედმიწევნით შესრულება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დარღვევას საქართველოში. ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ადამიანის დაცვის უფლების შეზღუდვად თვლის შემდეგს: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სამართალდამცავს აძლევს იმის საშუალებას, რომ დაკავებული მოქალაქე 12 საათის განმავლობაში დამცველის გარეშე ამყოფოს, რადგან ეჭვმიტანილად ცნობამდე მისი სტატუსი გაურკვეველია და მას არ შეუძლია დამცველის აყვანა. დაკავებულის სტატუსის განსაზღვრისთვის კი სამართალდამცავს 12 საათიანი ვადა ეძლევა. ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მესამე პუნქტით “დაცვის უფლება გარანტირებულია”. არჩილ ჩოფიკაშვილი აგრეთვე განმარტავს:

[არჩილ ჩოფიკაშვილის ხმა]
“ჩვენ რატომ შეგვაწუხა ახლა ამ საკითხმა: ჩვენ მოგეხსენებათ, ადვოკატები ვართ და როდესაც მივდივართ დაკავებულთან, დიპლომატით ხელში, ფურცლით მომზადებული, რომ შევალ და დავეხმარები ამ ადამიანს, მეუბნებიან ეგეთ რაღაცას “ვერავისაც ვერ დაეხმარები, ვის დასახმარებლად მოხვედი?”, - ვეუბნები ამის და ამის – სახელსა და გვარს ვეუბნები. ის მეუბნება ეს ადამიანი არ არის ეჭვმიტანილი, არ არის ბრალდებული, არ არის განსასჯელი, პროცესის სუბიექტი, სისხლის სამართალწარმოების სუბიექტი ის არ არის. ვისთან მოხვედი და ვის დასახმარებლად მოხვედი”.
სწორედ ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც გახლავთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემოქმედი და პასუხს აგებს მის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზეც.

ორგანიზაციაში “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მომზადდა აგრეთვე სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 258-ე ბრძანებულებისა და პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების გამო, რომლებიც საქართველოს ბანკებში შეტანილ და დღემდე გაუნაღდებელი ანაბრების დაბრუნების გაჭიანურებას უწყობს ხელს და ამგვარად ხელყოფს ადამიანის საკუთრების დაცვის უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალში განიხილება აგრეთვე ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც მოქალაქეთა თავისუფალი შეკრების უფლების დაცვას ითვალისწინებს და პოლიციის მიერ ევანგელისტების დევნას ეხება. ევანგელისტების დაცვის გამო ლია მუხაშავრიამ და მისმა კოლეგებმა, მოგეხსენებათ, ზოგიერთი მართლმადიდებლის წყრომაც დაიმსახურეს. ამის თაობაზე ლია მუხაშავრია საკუტარ პოზიციას გამოხატავს:

[ლია მუხაშავრიას ხმა]
“არის კონკრეტული ადამიანი, მისი რწმენა და მისი სინდისი. თუ ეროვნება და საზოგადოება არ იცავს იმ კონკრეტული ადამიანის რწმენის თავისუფლებას, ის ვერც ეროვნულ ინტერესებს ვერ დაიცავს. ამაში აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება. ეს ყველაფერი ეროვნულობის შესახებ არის მითი და ილუზია. მართლმადიდებელი არ არის ის მოქალაქე, ვისაც პოლიცია საშინლად აწამებს და მართლადიდებელი არ არის ის პოლიციელი, რომელიც აწამებს? მაშინ რატომ არ ახსოვთ ქრისტე და მართლმადიდებლობა?”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG