Accessibility links

logo-print

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი 10 წლის წინ, 1992 წლის 3 ივლისს , საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ფიფა-ს სრულუფლებიან წევრად მიიღეს. ამ წლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების 4 შესარჩევ ტურნირში ითამაშა, მაგრამ ყველა ეს ცდა წარუმატებელი გამოდგა: ქართველები ოთხივეჯერ ფინალს მიღმა აღმოჩნდნენ, მათ შორის, მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატისა, რომელსაც ამ დღეებში კორეა-იაპონია მასპინძლობს. ამასობაში მოახლოვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა, სადაც ჩვენი ფეხბურთის ავ-კარგზე იმსჯელებენ და ფედერაციის ახალ ხელმძღვანელებსაც აირჩევენ.


ჯერჯერობით სულ სამი რეგისტრირებული კანდიდატია: ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, ამავე ფედერაციის აწ უკვე გაუქმებული საერთაშორისო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დავით პეტრიაშვილი და საფეხბურთო კლუბ “მრეტების” პრეზიდენტი ვაჟა ჩხაიძე. ამ სამეულს, შესაძლოა, სხვაც დაემატოს – განაცხადს 24 ივნისამდე მიიღებენ, მერე კი ორთვიანი საარჩევნო მარათონი დაიწყება, რომელიც, მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ვერ მივა, მაგრამ, საეჭვოა, უხმაუროდ ჩაიაროს. საქმეში ჩახედულთა ვარაუდით, მთავარი ბრძოლა ჟორდანიასა და პეტრიაშვილს შორის გაჩაღდება. ყოფილი თანაგუნდელები ბარიკადის სხვადასხვა მხარეს მაშინ აღმოჩნდნენ, როცა პეტრიაშვილს პრეზიდენტობის სურვილი გაუჩნდა და ამის თაობაზე საჯაროდ განაცხადა. ჟორდანიას საპასუხო ნაბიჯები ასეთი იყო: იმავე დღეს, 2 აპრილს, მან ფედერაციიდან დაითხოვა უკლებლივ ყველა თანამშრომელი, ორი დღის შემდეგ კი, პეტრიაშვილის გამოკლებით, ყველანი უკანვე დააბრუნა. ამას მოჰყვა ფედერაციის აღმასკომის საგანგებო სხდომა და მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, მოგვიანებით კი - უეფა-ში გაგზავნილი, დაახლოებით, ასეთი შინაარსის წერილი: პეტრიაშვილს შეეშალა, პრეზიდენტობა მოინდომა, ამის გამო სამსახურიდან დავითხოვეთ და თქვენც ნუ დააყოვნებთ, უეფა-დანაც მოკვეთეთო. უეფა პირიქით მოიქცა: ახალგაზრდა ქართველ ფუნქციონერს ფუნქციები გაუზარდა და ზედიზედ ორი უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატის დირექტორად მიავლინა. ხშირი ევროპული მივლინებებიდან შინ მობრუნებული დავით პეტრიაშვილი დროს უქმად არ კარგავს და საარჩევნო ოფისში ხან თანამოაზრეებს ხვდება, ხან – ჟურნალისტებს. მის მხარდამჭერ შტაბს საპრეზიდენტო პროგრამა უკვე შეუდგენია და ჩემპიონატის დამთავრებისთანავე პრეზენტაციაც მოეწყობა. პეტრიაშვილის თქმით, ეს არის რეალისტური და კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს.


(დავით პეტრიაშვილის ხმა) “ეს გახლავთ ბავშვთა ფეხბურთი, სხვადასხვა ასაკის ნაკრები გუნდები, პლუს, რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრები გუნდი, შიდა ჩემპიონატი, ანუ კლუბები, სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, წესდებები, რეგლამენტები, სხვადასხვა ნორმატიული აქტები და ასე შემდეგ და მეხუთე – პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება. ეს ეხება მწვრთნელებს, ექიმებს, ადმინისტრაციულ მუშაკებს და ყველა იმათ, ვინც მოღვაწეობს ფეხბურთში. ეს არის ხუთი ძირითადი მიმართულება.”


დავით პეტრიაშვილი 32 წლისაა. ფეხბურთში მოიყვანა მამამ – 60-იანი წლების თბილისის დინამოელმა გურამ პეტრიაშვილმა. თამაშობდა მოსკოვისა და თბილისის “დინამოში”, საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში, მუშაობდა ჯერ კიდევ ნოდარ ახალკაცის დროინდელ ფედერაციაში, ხელმძღვანელობდა სერთაშორისო განყოფილებას, პირველი იყო იმათ შორის, ვინც ახლო და საქმიანი ურთიერთობა დაამყარა ფიფა-სა და უეფა-სთან. დღეისათვის უეფა-ს ბავშვთა ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ჩემპიონთა ლიგის დირექტორია, ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე დირექტორობდა ერთ-ერთ ჯგუფს. ასეთი საერთაშორისო აღიარება ფეხბურთსა და სპორტის სხვა სახეობაშიც ქართველთაგან არავის რგებია. საარჩევნოდ პეტრიაშვილის უმთავრეს კოზირად სწორედ მის საერთაშორისო ავტორიტეტს ასახელებენ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოკვეთილი პიროვნული თვისებები: წესიერება, პროფესიული კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა. სხვა საქმეა, რამდენად იმოქმედებს ეს ყველაფერი ყრილობის დელეგატთა გადაწყვეტილებაზე. მხარდაჭერის სანაცვლოდ, პეტრიაშვილს, ალბათ, მყარ ფინანსურ გარანტიებს მოსთხოვენ და, თუ ასე იქნება, პასუხიც მზად არის.


(დავით პეტრიაშვილის ხმა) “არსებობს იმ ადამიანთა ჯგუფი, კონკრეტულად მინდა ხაზი გავუსვა, ვინც დაინტერესებულია დღეს ფეხბურთის აღორძინებით, ელემენტარულად, ნორმალური საინვესტიციო გარემოს შექმნით ფეხბურთში. დღეს ფეხბურთს სჭირდება დახმარება და ეს ხალხი მზად არის დაეხმაროს ფეხბურთს იმისთვის, რომ შეიქმნას ეს საინვესტიციო გარემო. დღეს უცხოელი ინვესტორები არაფერს არ ჩადებენ საქართველოს ფეხბურთში იმიტომ, რომ არ არის შესაფერისი პირობები. ამიტომაც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ეს ხალხი არის ამით დაინტერესებული.”


დავით პეტრიაშვილი კონკრეტულ გვარებს და კომპანიებს ჯერჯერობით არ ასახელებს, მაგრამ გვარები პრესაში უკვე სახელდება, მათ შორის ყველაზე ხშირად თბილისის “დინამოს” მეპატრონესა და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელ ბადრი პატარკაციშვილს მოიხსენიებენ. იმასაც ამბობენ, რომ პეტრიაშვილს მთავრობაშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. “სახელმწიფოს დაუხმარებლად არაფერი გამოვა, – ამბობს ბატონი დავითი, – ოღონდ, ამ დახმარებამ ფეხბურთს უნდა არგოს და არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას”.


(დავით პეტრიაშვილის ხმა) “აქ არ არის ლაპარაკი რაღაც ფულის მოცემაზე, აქ არის სახელმწიფოს მიდგომა ფეხბურთისადმი, დაინტერესება და მერწმუნეთ, რომ ეს დაინტერესება თავის შედეგს გამოიღებს აუცილებლად. თუნდაც ელემენტარული ყურადღება გამოიღებს თავის შედეგს. ვთვლი, რომ ფედერაციას და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საერთო ინტერესები. იმიტომ, რომ ფეხბურთი არ არის მარტო თამაში, არის დიდი პოლიტიკა და აი, რა თვალსაზრისით: აგერ, მიდის მსოფლიო ჩემპიონატი, პრემიერ-მინისტრები და ქვეყნების პრეზიდენტები ესწრებიან ამ ჩემპიონატს”.


ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა 24 აგვისტოს გაიმართება. ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, დელეგატთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - ხმის უფლებით მხოლოდ 65 დელეგატს მიიწვევენ, თუმცა ამას 2 მანდატი უკვე გამოაკლდა:საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. დელეგატთა რაოდენობის მკვეთრ შეზღუდვას ფედერაცია უეფა-ს რეკომენდაციით ასაბუთებს, თუმცა სხვაგვარად ფიქრობს დავით პეტრიაშვილი.

(დავით პეტრიაშვილის ხმა)”უეფა-ს რეკომენდაციით ეს არ გაკეთებულა. ელემენტარულად, უეფა-სთან შთანხმებულიც არ არის. ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, არც მერიდება და ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ.”
XS
SM
MD
LG