Accessibility links

logo-print

ლოია ჯირგამ განაახლა მუშაობა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ლოია ჯირგა, ავღანეთის ტრადიციული დიდი საბჭო, რომელიც კვირას უნდა დამთავრებულიყო, აგრძელებს მუშაობას. გასულ კვირაში ლოია ჯირგამ ახალი მთავრობის მეთაურად 44 წლის ჰამიდ კარზაი აირჩია.



ორშაბათს ლოია ჯირგის დელეგატთა თითქმის ნახევარმა დატოვა თავშეყრა, განრისხებულმა გაუთავებელი და მოსაწყენი გამოსვლებით, რაც, მათი თქმით, გაჭიანურების ტაქტიკაა, რათა საბჭო არ გადავიდეს დებატებზე მთავარი საკითხების გარშემო.

ერთი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდა მთავრობისა ან პარლამენტის შემადგენლობის არჩევა.
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა კარზაიმ უნდა მოახსენოს დელეგატებს ახალი მთავრობის შესახებ, რომლის მთავარი დანიშნულება იქნება ეთნიკური მტრობის ჩაწყნარება და ომით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენა.

მაგრამ დელეგატების თქმით, 111 წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს არჩევა სამშაბათისთვის გადაიდო. პარლამენტი მეთვალყურეობას გაუწევს კარზაის გარდამავალ მთავრობას, რომელიც მომავალი წლინახევრის განმავლობაში შეამზადებს ახალ არჩევნებს.

დასავლეთში განათლებამიღებული 44 წლის კარზაი, რომელიც გასულ სამშაბათს აირჩიეს პრეზიდენტად, ცდილობს შეადგინოს თავისი მრავალეთნიკური კაბინეტი, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღები და, ამ მიზნით, სხვადასხვა ჯგუფების ლიდერებთან კულუარებში მიმდინარე გარიგებებით არის დაკავებული.

გაეუწყვეტელმა კინკლაობამ, დრო და დრო ცემა-ტყეპამ და ასობით ორატორის გამოსვლებმა ლოია ჯირგის მუშაობის პარალიზება მოახდინა. ზოგიერთი დელეგატი ჩიოდა, რომ ზოგიერთი სამხედრო დაჯგუფებების მეთაურები სიკვდილით იმუქრებიან, თუ მათ ხმას არ მისცემენ.

კარზაის თანაშემწემ ასრაფ ყანი (Qani)აჰამადზაიმ თქვა, “ჩვენ ვიძიებთ ამას და მკაცრ ზომებს ვიღებთ. ბატონი კარზაი სადაზვერვო სამსახურების რეფორმას პრიორიტეტულ ამოცანად თვლისო.”

ეთნიკური უმცირესობების ჯგუფები ჩრდილოეთი ავღანეთიდან მხარს უჭერენ ლოია ჯირგის მეთაურის მოჰამედ ისმაილ ყასიმიარის წინადადებას, რომ პარლამენტის წევრები აირჩეს თავშეყრაზე შემდეგი წესით: ყოველ ათ დელეგატზე – პარლამენტის ერთი წევრი.

მაგრამ პუშტუნები, ავღანეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი, მოითხოვენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის 32 პროვინციიდან ორ-ორი წევრი გაიგზავნოს. “ვინაიდან მოსახლეობის რიცხვის სანდო სტატისტიკა არ არსებობს, საჭიროა პროვინციების რიცხვის შესაბამისად ავირჩიოთო,” თქვა ერთ-ერთმა დელეგატმა.

კარზაიმ შესთავაზა თავშეყრილთ, რომ ყოფილ მეფეს 87 წლის მოჰამად ზაჰირ შაჰს, რომელიც 29 აპრილს დაბრუნდა ავღანეთში 29 წლის ლტოლვილობის შემდეგ, ეწოდოს “ერის მამა” და ცერემონიული პოსტი მიეცეს, მონარქიის აღდგენის გარეშე. ზაჰირ შაჰი 1973 წელს ჩამოაგდეს ტახტიდან, 40 წლის მეფობის შემდეგ.

შაბათს გაერომ იჩივლა კარზაისთან, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ძალადობამ შემაშფოთებელ დონეს მიაღწია და რომ ადგილი აქვს შეიარაღებულ თავდასხმებს, ძარცვა-გლეჯას და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაკის ჯგუფურ გაუპატიურებასაც კი.

პუშტუნები მოითხოვენ, რომ კარზაიმ, თავად პუშტუნმა, მოთოკოს ჩრდილოეთი ალიანსის ლიდერები. მაგრამ მას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დროებითი მთავრობის მინისტრებთან კეთილი სამუშაო ურთიერთობები ჩამოუყალიბდა და აქამდე ეყრდნობა ჩრდილოეთი ალიანსის სამხედრო ძალებს ქვეყანაში კანონისა და წესრიგის აღდგენის საქმეში.

ბონის შეთანხმებით, კარზაის ახალმა კაბინეტმა ჯერ ლოია ჯირგის მოწონება უნდა მიიღოს, შემდეგ კი პარლამენტის, როცა აირჩევენ საკანომდებლო ორგანაოს. ზოგიერთი დელეგატის აზრით, კარზაიმ უნდა დაიცადოს, სანამ აირჩევდნენ პარლამენტს, და შემდეგ შეეცადოს თავისი მთავრობისთვის ლოია ჯირგის მოწონების მიღებას.
XS
SM
MD
LG