Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი „AES თელასს“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის


საქართველოს ლეიბორისტული შრომის პარტია „AES თელასს“ კარგა ხანია თბილისის მოსახლეობის ინტერესების შებღალვაში ადანაშაულებს,

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი სულ სხვა შინაარსისაა. თელასის მოწინააღმდეგე ძალებს პრაქტიკამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო ელექტროგამანაწილებელი კომპანიისათვის სასამართლოში ჩივილი საგრძნობი ეფექტის მომტანი არაა და ამიტომ ლეიბორისტულმა პარტიამ კორპორაცია AES-ის მიერ თელასის პრივატიზება ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „AES თელასის“ წინააღმდეგ სარჩელი ჯერ კიდევ 2000 წელს შეიტანა. ნათელაშვილის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაშინ სასამართლომ ხელისუფლების შეკვეთა შეასრულა, რადგან მოსამართლეები პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ არიან დანიშნულნი. საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო დრომდე შალვა ნათელაშვილის სარჩელის მიღებაზეც კი არ უმსჯელია. ეს საკითხი სასამართლოს დღის წესრიგში სარჩელის შეტანიდან 2 წლის შემდეგ დადგა და 14 ივნისს განმწესრიგებელი სხდომაც შედგა. მოსამართლის მცდელობა გაეგო, თუ ვინ იზარალა „AES თელასის“ საქართველოში შემოსვლით, პირადად ლეიბორისტთა ლიდერმა თუ მთელმა ქვეყანამ, შალვა ნათელაშვილმა შეურაცხყოფად მიიღო და, თავის მომხრეებთან ერთად , სასამართლოს დარბაზი, პროტესტის ნიშნად, ხმაურით დატოვა,.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 17 ივნისს გაგრძელდა. ამჯერად მას შალვა ნათელაშვილი არ დასწრებია და სხდომამაც გაცილებით საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა, თუმცა სარჩელთან დაკავშირებული რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ. საკონსტიტუციო სასამართლოს პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნათია ჯინჯოლავამ ჩემთან საუბარში განაცხადა:

[ჯინჯოლავას ხმა] „მოუსმინეს იურისტის მტკიცებულებებს, თუ რატომ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად ეს სარჩელი. დაასაბუთა, წარმოადგინა თავისი ვერსია ამ საქმისა. 21-ში კოლეგია განჩინებას გამოიტანს, მიიღებს თუ არა არსებითად განსახილველად.“[სტილი დაცულია]

ჯინჯოლავამ დასძინა, რომ განაჩენის გამოტანამდე არც მას და არც მოსამართლეებს საქმის კომენტირების უფლება არა აქვთ. შესაბამისად, მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრებებს გაგაცნობთ. საკონსტიტუციო სასამართლოში შალვა ნათელაშვილის წარმომადგენლის, ლეიბორისტული პარტიის მთავარი იურისტის გიორგი გუგავას განცხადებით, თელასის პრივატიზებით საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა.

[გუგავას ხმა] „პირდაპირ არის კონსტიტუციის მესამე მუხლში ცალსახად აღნიშნული, რომ ენერგეტიკული რეჟიმი არის საერთო სახელმწიფო გამგებლობის ქვეშ და არ შეიძლება მისი პრივატიზება. ამავე დროს, ამის პრივატიზებამ გამოიწვია იმ ფუნდამენტური უფლებების შ ელახვა, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავშია მოცემული. და ვითხოვთ იმ ნორმატიული აქტების გაუქმებას, რომელიც პარლამენტის მიერაა მიღებული და იმ ხელშეკრულების გაუქმებას, აგრეთვე,რომელიც დაიდო სახელმწიფოსა და „AES თელასს“ შორის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის დანაშაულებრივი ხელშეკრულება.“[სტილი დაცულია]

ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაციისათვის საკანონმდებლო ბაზის მომზადება და „AES თელასის“ ინტერესების ლობირება ჟვანია-სააკაშვილის გუნდს ბრალდება. პირველი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხოლო მეორე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, როდესაც ამერიკელმა ინვესტორმა თელასი შეიძინა. ხოლო სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთი ამჟამინდელი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სახელმწიფოსა და „AES თელასს“ შორის დადებული ხელშეკრულების ავტორია.

გიორგი გუგავას თქმით, „AES თელასის“ საქმიანობით შალვა ნათელაშვილის უფლებები დაირღვა და სწორედ ამიტომ ჩივის იგი საკონსტიტუციო სასამართლოში.

[გუგავას ხმა] „მოქალაქეს უფლება აქვს, თუ მისი უფლებები და თავისუფლებები შეილახა, რომელიც აღნიშნულია კონსტიტუციის მეორე თავში, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად კანონშესაბამისად არის საკონსტიტუციო სასამართლოში დაყენებული საკითხი შალვა ნათელაშვილის მიერ, გაუქმდეს ის ნორმატიული აქტები, რამაც გამოიწვია ამ ობიექტების პრივატიზაცია.“ [სტილი დაცულია]

მიუხედავად ამისა,შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურ კავშირს აფორმებს სააკაშვილის იმ გუნდთან, რომელიც „AES თელასის“ ლობისტი თუ არა, ამერიკულ კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული წამგებიანი ხელშეკრულების ავტორი მაინცაა. თუ როგორ განვითარდება ეს წინააღმდეგობებით აღსავსე კავშირი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნათლად გამოიკვეთება.
XS
SM
MD
LG