Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანია ახალი პარტიის თავმჯდომარე ხდება


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 17 ივნისს, ფილარმონიაში დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია "გაერთიანებული დემოკრატები", რომლის ბირთვსაც ზურაბ ჟვანიას გუნდი შეადგენს.



ყრილობა ფილარმონიაში რამდენადმე უჩვეულოდ დაიწყო: სცენაზე გართხმულიყვნენ ახალგაზრდები. ისმოდა პირქუში მუსიკა, რომელიც მალე შეიცვალა “შენ ხარ ვენახით”. ფონოგრამით კითხულობდნენ ფრაგმენტს გრიგოლ ორბელიანის “სადღეგრძელოდან”. სცენაზე მიმოყრილი ჭაბუკები და ქალიშვილები ასახიერებდნენ რაღაც ტანჯულსა და გათელილს, მაგრამ ნელ-ნელა წამომართვისას მიმიკითა და მიმოხრით ცდილობდნენ გადმოეცათ იმედი, სასოება და აღორძინება. მე მჯერა, რომ ჩემი ხე გაიზრდება, – თქვა ბიჭუნამ ეკრანიდან. გაისმა ჩიტების ჟღურტული.

პირველი ორატორი გახლდათ ვახტანგ კოტეტიშვილი. საერთოდ კი, 17 ივნისს ფილარმონიის სცენიდან მოლაპარაკე ყველა ადამიანი ცნობილი არ იყო ფართო საზოგადოებისათვის, სამაგიეროდ, წარმოადგენდა კონკრეტულ სფეროს, რომელსაც, ასე ვთქვათ, “მიხედვა” ესაჭიროება. მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებსა და საქართველოში ტურიზმის სავალალო მდგომარეობაზე ილაპარაკა ფირმა “კავკასუს თრეველ”-ის ხელმძღვანელმა საბა კიკნაძემ, სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში და ფინანსურ სირთულეებს შეეხო ფინანსთა მინისტრის ახალგაზრდა მოადგილე ალექსი ალექსიშვილი, სამედიცინო მომსახურება და სოციალური დაცვა გახლდათ ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ვანო ბოკერიას გამოსვლის თემა. განათლების სისტემა, რომელსაც ბავშვი დაავიწყდა, მიხეილ მინდაძემ მოიხსენია. ხელისუფლებას, რომელიც არაფრად დაგიდევს კულტურას, არ დადის თეატრში, არ კითხულობს წიგნებს და სამი კლასის განათლებას სჯერდება, რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა გაჰკრა კბილი. მოკლედ, გამოდიოდნენ უაღრესად პრობლემურ სფეროებში დასაქმებული წარმატებული პიროვნებები. ყრილობას მიესალმნენ დავით ბერძენიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ დიდ და გამოუყენებელ პოტენციალზე, ადამიანურ რესურსებზე გაამახვილა ყურადღება. სააკაშვილს შეეხმიანა ზურაბ ჟვანია, ერთხმად არჩეული პარტია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარედ [ჟვანიას ხმა]: “როცა მკითხეს, პროგრამას ვინ დაწერსო, ვთქვი, რომ არც უნდა ვცადოთ ამის გაკეთება. ჩვენ არ უნდა გამოვუწეროთ ექიმებს ან მეჩაიეებს, მასწავლებლებს ან მეცნიერებს რეცეპტები; ჩვენი ხელისუფლების ერთი მთავარი მინუსი, მათ შორის, იმ ხელისუფლების, რომლის წევრი მეც ვიყავი, ის იყო, რომ ამ წლების განმავლობაში ვერ გამოვიყენეთ ქართული საზოგადოების უზარმაზარი პოტენციალი. ამიტომაც გვინდა, მივმართოთ თითოეული დარგის წარმომადგენელს: მათ განსაზღვრონ, რა არის მთავარი, რაც ჩვენ მათი მიმართულებით უნდა განვახორციელოთ, როგორ გადავწყვიტოთ პრობლემები... ჩვენ ველით თქვენს მოსაზრებებს, ინიციატივებს, იდეებსა და თქვენს მონაწილეობას. ესაა მთავარი საწვავი, რაც ამოძრავებს დემოკრატიულ მანქანას; სხვაგვარად ვერც ერთი დემოკრატია ვერ იფუნქციონირებს”.

და მაინც, რა პარტია დაფუძნდა ფილარმონიაში ამა წლის 17 ივნისს? კითხვას პასუხი ისევ ზურაბ ჟვანიამ გასცა [ჟვანიას ხმა]: “დღეს ჩვენ ვქმნით პარტიას, რომლის დარიც – მე მაქვს ამბიცია და პრეტენზია, განვაცხადო ეს – საქართველოში დღემდე არ ყოფილა. ჩვენ ვქმნით ახალ, დასავლური ტიპის გახსნილ პარტიას, სადაც არ იარსებებს მკაცრი იერარქიული დისციპლინა; პარტიას, სადაც აუარება ადამიანი მოვა არა საიმისოდ, რომ თავის კარიერაში რაღაც წინსვლას მიაღწიოს, არა რაღაცის მისაღებად, არამედ პირიქით – მოვლენ იმისთვის, რომ ჩვენს საერთო საქმეში რაღაცა შეიტანონ, რაღაც შესწირონ: თავისი ცოდნა, თავისი ხედვა, თავისი გულწრფელი ენერგია, რათა ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა”.

ყრილობის დასასრულს ყველაფერი ისე იყო, როგორც ძველ სტენოგრამაში: მქუხარე ტაში, ყველანი ფეხზე დგებიან. მღერიან მრავალჟამიერს (ინტერნაციონალის ნაცვლად).
XS
SM
MD
LG