Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილები მოწმობს იმას, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოუგვარებელი.



14 ივნისის გაზეთი “კომერსანტი” წერს, რომ “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი შეუთვალა მოსკოვს რუსეთის მიერ მოქალაქეობის ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით. თბილისმა, აგრეთვე, გამოთქვა შეშფოთება იმ ინფორმაციის თაობაზე, რომ აფხაზეთში კონტრაბანდული გზით იარაღი შეაქვთ. რუსეთმა ყველა ბრალდება უკუაგდო”.

გაზეთის თქმით, “რუსეთის ახალი კანონი ვრცელდება ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებზე, რომლებიც ე.წ. არაღიარებულ სახელმწიფოებში - მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - ცხოვრობენ და ადგილობრივი მეტროპოლიების ძალაუფლებას არ აღიარებენ, რის გამოც მოქალაქეობის გარეშე არიან დარჩენილნი. მათ ეძლევათ უფლება, რომ საბჭოთა პასპორტი რუსეთის პასპორტზე გაცვალონ.

“კომერსანტი” აღნიშნავს, რომ “13 ივნისს საქართველოს საგარეო უწყებამ კატეგორიული ფორმით მოსთხოვა მოსკოვს, შეაჩეროს რუსეთის პასპორტების გაცემა იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ”.

“გარდა ამისა, ნოტაში გამოთქმულია შეშფოთება იმ ინფორმაციის გამო, რომ ბოლო დროს მდინარე ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, ადლერის მხრიდან, გრძელდება აფხაზეთში იარაღის შეტანა ისე, რომ ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას არ ატყობინებენ. საუბარია სასროლ იარაღსა და მძიმე შეიარაღებაზე.

რუსეთის მხარე ყველა ამ ბრალდებას უარყოფს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ბორის პასტუხოვის თქმით, “რუსეთის ფედერაციის გარკვეული ძალები და კრიმინალური წრეები ცდილობენ, რომ ახალი კანონი არაკეთილსინდისიერი მიზნებისათვის გამოიყენონ”.

“რაც შეეხება იარაღს, რუსეთის მხარე ცალსახად ირწმუნება: იმ შემთხვევაში, თუ იარაღი შეაქვთ, ის მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო ძალებისთვის არის განკუთვნილი და აფხაზურ მხარეს არ გადაეცემა,” – დასძენს დიპლომატი “კომერსანტის” ფურცლებზე.

13 ივნისის ინტერნეტგაზეთ “უტროს” თქმით, საქართველოდან ჩეჩნეთში ისევ გადადიან დაქირავებული არაბი მებრძოლები და ჩეჩენი ბოევიკები, რომლებსაც იარაღისა და საბრძოლო მასალის პარტიები გადააქვთ რუსეთში. გაზეთი წერს, რომ “არაბმა საველე მეთაურმა ჯაბერმა, რომელსაც რამდენიმე ბაზა აქვს პანკისის ხეობაში, არაერთხელ გადაკვეთა საზღვარი და ტერორისტთა ლიდერს რუსლან გელაევს შეხვდა”.

გარდა ამისა, “უტრო” მიიჩნევს, რომ “კვლავ დაფიქსირდა არაბი საველე მეთაურების კონტაქტები საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. გაზეთი წერს, რომ, რუსეთის სამხედროთა მონაცემებით, ახლახან ჯაბერის ბოევიკებმა ნაღმტყორცნების პარტია მიიღეს”.

გაზეთის აზრით, “ისე, როგორც ადრე ხდებოდა, ბოევიკებს შეუძლიათ იარაღის გადატანა საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების სრული იგნორირების პირობებში”. “უტროს” თქმით, “ჩეჩენ ბოევიკთა არსენალის შევსების ტრადიციულ წყაროდ რჩება საქართველოს სამხედრო ობიექტები და საწყობები, საიდანაც გრძელდება იარაღისა და სამხედრო მასალების მასობრივი დატაცება: კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა , რომ ვაზიანის ბაზიდან 13 სატანკო ტყვიამფრქვევი და 24 რადიოსადგური დაიტაცეს”.

14 ივნისის “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ თბილისმა მომხდარში “მოსკოვის ხელი” დაინახა და ამერიკულ-ქართული სამხედრო თანამშრომლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციად აღიქვა. გაზეთს მოჰყავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის სიტყვები: “საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში ინტენსიურად მუშაობს უცხოური აგენტურის განშტოებული ქსელი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩაშალოს ქართული არმიის რეფორმირება და ხელი შეუშალოს ანტიტერორისტული ეროვნული ძალების მომზადების ამერიკული პროგრამის რეალიზებას”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ “კომიტეტის თავმჯდომარეს არც იმაში ეპარება ეჭვი, თუ ვისი ნახელავია ტყვიამფრქვევებისა და რაციების დატაცება: მისი თქმით, ამ დივერსიის კვალს მივყავართ საქართველოს ერთ-ერთ მეზობელ სახელმწიფოში, რომლის აგენტები უკვე დიდი ხანია დაფუძნდნენ საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში”.

შემდეგ “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ “რუკის ზერელე გადახედვაც საკმარისია იმის გასაშიფრად, თუ რომელ მეზობელს მიაწერს თბილისი “ბოროტი” გეგმების განხორციელებას”.

გაზეთის თქმით, “სომხეთსა და აზერბაიჯანს უკვე დიდი ხანია ნატოზე უჭირავთ თვალი. თურქეთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია – სწორედ რომ, თურქეთი ეხმარება საქართველოს ყველაზე აქტიურად არმიის რეფორმირებაში, რისთვისაც 30 მილიონი დოლარი გამოყო უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში. რჩება რუსეთი”.

“მოსკოვის ხელზე” თბილისში პირდაპირ არ ლაპარაკობენ, რაც, “ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით არის განპირობებული.
XS
SM
MD
LG