Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აძლევს საპრეზიდენტო პროგრამის ფონდს 750 მილიონ დოლარს


სოზარ სუბელიანი, თბილისი კონტროლის პალატის მიერ წამოყენებული ბრალდება, თითქოს ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა 483 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტები მიიღეს და,

ერთ-ერთი ოპოზიციური გაზეთის სიტყვებით რომ ვთქვათ, “გაფლანგეს და მიითვისეს”, საოცრად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ამ მითმა მას შემდეგაც გააგრძელა არსებობა, რაც ცხადი გახდა, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველას ერთად, არათუ 483 მილიონი, არამედ ამ თანხასთან მიახლოებული ოდენობის გრანტიც კი არასდროს მიუღიათ. მეტიც, გაირკვა, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი, 475 მილიონი დოლარი, “საპრეზიდენტო პროგრამის ფონდს” უნდა მიეღო და სამოქალაქო სექტორთან ამ თანხას არასოდეს არავითარი კავშირი არ ჰქონია.

რაც არ უნდა მოულოდნელი ყოფილიყო, კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილი და გახმაურებული მითი 483 მილიონის შესახებ, რომელიც თითქოს “გრანტიჭამია” არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიითვისეს, სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის გადაცემაში გაცამტვერდა, როცა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხსენებული თანხა ორ ნაწილად გაყო: 475 მილიონად, რომელიც “საპრეზიდენტო პროგრამის ფონდს” უნდა მიეღო და დარჩენილ 8 მილიონად, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ნაწილად იყოფოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ლაპარაკია არა 475, არამედ 750 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთზე, რომელიც ხსენებული ფონდისთვის ამერიკულ ორგანიზაცია “გლობალ ჰუმანიტარიან სერვისს” უნდა გამოეგზავნა.

ეს ფაქტი, პირველ რიგში, თავად იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი, რომლებიც პირველი არხის პირდაპირ ეთერში, ერთგვარად, იმ ბრალდებულთა როლში იყვნენ მიწვეული, რომელთაც პასუხი უნდა გაეცათ ხელისუფლების ბრალდებაზე – სად და რატომ მიითვისეს ამდენი მილიონი. თუკი ანტიკორუფციული საბჭოს წევრის გივი თარგამაძის სიტყვებს გავიმეორებთ, საბოლოოდ, ბრალდება ბრალმდებლის წინააღმდეგ შებრუნდა და ტელემაყურებელს ცნობილი ქართული ანდაზა გაახსენა: [გივი თარგამაძის ხმა] “როგორც ერთ-ერთმა ჩვენმა ოპონენტმა ღია ეთერში ბრძანა, “თაგვმა თხარა, თხარაო და...” – ჩვენ მიმართ იყო ეს ნათქვამი, მაგრამ, როგორც ვნახეთ, თაგვმა გამოთხარა ისევ პრეზიდენტი…”

კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ასე გართულდა იმის გარკვევა, თუ რას წარმოადგენს “გლობალ ჰუმანიტარიან სერვისი”, რომელიც ესოდენ უშურველად იძლევა ამოდენა თანხას. ლარისა და დოლარის დღევანდელი შეფარდების პირობებში, 750 მილიონი დოლარი თითქმის მილიარდ 700 მილიონ ლარს, ანუ, დაახლოებით, საქართველოს ორი წლის ბიუჯეტს უდრის. ორიოდე თვის წინ, როცა შეერთებული შტატების მთავრობამ გამოაცხადა, რომ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში საქართველოს დასახმარებლად 64 მილიონ დოლარს გამოყოფდა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ფაქტი უდიდეს მოვლენად გამოაცხადა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ქართული ჯარის ფორმირება ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემაა, მაგრამ არანაკლებ პრობლემურია ის სფერო, რომელსაც, თითქოს, “საპრეზიდენტო პროგრამის ფონდი” უნდა დაეხმაროს. ამ ფონდის მთავარ მისიას საუნივერსიტეტო სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის რეალიზება წარმოადგენს, რაც, პერსპექტივის თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიდრე ჯარის მშენებლობა ან ქვეყანაში წესრიგის დამყარება.

გივი თარგამაძის თქმით, ამ ხელშეკრულების გასაიდუმლოება უკვე თავისთავად ბადებს ეჭვს, ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ მიქელაძე კი აცხადებს, რომ ზედმეტი ხმაურისა და პოპულიზმისთვის თავის არიდება არ შეიძლება ეჭვებისა და ბრალდებების საფუძვლად იქცეს. თუმცა ეჭვი მხოლოდ ხელშეკრულების კონფიდენციალურად შენახვის გამო არ ჩნდება. [გივი თარგამაძის ხმა] “გარდა ამისა, უპირველესი, რაც ბადებს ეჭვს, ეს არის ის, რომ ბატონი მიქელაძე, მოქალაქე ირინა სარიშვილის და, როგორც ჩანს, მოქალაქე ედუარდ შევარდნაძის ახლო მეგობარი, ამბობს, რომ არ ჰქონია პირადი კონტაქტი გრანტის გამცემთან, მასთან აქვს მუდმივი სატელეფონო კავშირი და ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ფაქსის მეშვეობით. აქ მინდა აუცილებლად ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ლაპარაკია საქართველოსთვის ფანტასტიკურ თანხაზე – 750 მილიონზე.”

ეს ფაქტი კიდევ უფრო დაუჯერებელი ჩანს იმ ფონზე, რომ ფაქსით გამოგზავნილი ხელშეკრულება სულ სამი გვერდისგან შედგება. ეს მაშინ, როცა გრანტის მიმღებ სხვა ქართულ ორგანიზაციებს გაცილებით ნაკლები თანხების მისაღებად გაცილებით მეტი ფორმალობების შესრულება უხდებათ: [გივი თარგამაძის ხმა] “მინდა ისიც გავიხსენო, რომ გაცილებით მცირე გრანტებზე, თუნდაც, ვთქვათ, თავისუფლების ინსტიტუტის ყველაზე დიდ გრანტზე, რომელიც 124 ათასს შეადგენს, დგება უამრავი დოკუმენტაცია… აქ სასაცილოც კი არის იმაზე ლაპარაკი, რომ ეს მოხდეს პირადი კონტაქტის გარეშე: ის ხალხი აქ ჩამოდის, ატარებს აუდიტს, შესყიდვის წესები, საერთოდ, ცალკე დოკუმენტს წარმოადგენს, თუ როგორ უნდა მოხდეს შესყიდვები, თვეების მიხედვით დგება გრანტის გახარჯვის აბსოლუტურად დეტალური გეგმა და ეს არის, ალბათ, ასეულობით გვერდის დოკუმენტაცია..."

თუმცა გაცილებით მეტი ეჭვის საფუძველს იძლევა სხვა ფაქტები. მაგალითად, გივი თარგამაძის თქმით, მთელ კალიფორნიაში, სადაც თითქოს “გლობალ ჰუმანიტარიან სერვისია” რეგისტრირებული, არ არსებობს ამ სახელწოდების მქონე ორგანიზაცია. არადა, ხელშეკრულებაშიც და ზედ დარტყმულ ბეჭედზეც შავით თეთრზე სწორედ “გლობალ ჰუმანიტარიან სერვისია” დაფიქსირებული. სამაგიეროდ, იმავე კალიფორნიაში არსებობს მსგავსი დასახელების მქონე ორგანიზაცია – “გლობალ ჰუმან სერვისი”, რომელსაც ვინმე ლუდვიგ გევორქიანი ხელმძღვანელობს. ამის პასუხად, მიქელაძე აცხადებს, რომ ხელშეკრულებას 1999 წელს მოეწერა ხელი, ამასობაში კი პარტნიორ ორგანიზაციას შეიძლება სახელი გამოეცვალა კიდეც. “ამ დეტალებისთვის მე მნიშვნელობა არ მიმიცია, თუმცა აწი დავინტერესდები და ლუდვიგ გევორქიანს მომავალი სატელეფონო საუბრის დროს ყველაფერს შევეკითხები,” – ამბობს ფონდის დირექტორი, თუმცა, გივი თარგამაძის აზრით, ეს პასუხი საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერს: [გივი თარგამაძის ხმა] “იგივე ჩვენი ტიპის ორგანიზაციები ასე ჰაერიდან ვერ პოულობენ, ვთქვათ, სატელეფონო კონტაქტებით, ვინმე ლუდვიგ გევორქიანს, რომელიც მოულოდნელად იტყვის, რომ ძალიან მოხიბლულია პროგრამით და ამიტომ 750 მილიონის ტვირთს გამოგზავნის. ისიც საინტერესოა, – ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ამას ხაზი, – რომ ფონდს თავდაპირველ მიზნად დასახული ჰქონდა ამ თანხების მეცნიერებისთვის გამოყოფა და მეცნიერების დახმარება. ამის შემდეგ თვითონ კონტრაქტში მეცნიერებაზე სიტყვა არ არის თქმული და ერთ-ერთ ძირითად დასაფინანსებელ ობიექტად თავად ფონდის ტექნიკური ბაზა არის დასახელებული, დანარჩენი პრიორიტეტები კი იმდენად ბუნდოვანია, რომ აქ შეიძლება ნებისმიერი მაღალფარდოვანი სიტყვის მითითება. კონკრეტულად მეცნიერებაზე აქ საერთოდ არ არის ლაპარაკი. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე დავადგინეთ, რომ ამ მისამართზე, გარდა “გლობალ ჰუმან სერვისისა”, არსებობს ორი ექსპორტ-იმპორტის ფირმა, “არამკო” და “სიბლ”, თუ არ ვცდები. გარდა ამისა, აქვე არის რესტორანი და ოთხივე ამ ორგანიზაციაში ფიგურირებს ლუდვიგ გევორქიანის გვარი. ისიც უნდა ითქვას, რომ მას რაღაცა ანალოგიური ფირმები აქვს ერევანშიც”.

გივი თარგამაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ ამ ხელშეკრულების მიზანს, შესაძლოა, საქართველოში უკანონო გზით ნაშოვნი თანხების გათეთრება წარმოადგენდეს. ამ ეჭვს კიდევ უფრო განამტკიცებს სახელმწიფო კანცელარიაში ახლახან შემუშავებული კანონპროექტი “ქველმოქმედების შესახებ”, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო მკაცრ ფინანსურ და პოლიტიკურ კონტროლს დააწესებს ნებისმიერი გრანტის მიღებასა და ხარჯვაზე, გარდა იმ გრანტებისა, რომელთაც თავად პრეზიდენტი გაათავისუფლებს კონტროლისგან.
XS
SM
MD
LG