Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მუშაობას განაგრძობს ”ლოია-ჯირგა”


ანდრო ეული, პრაღა ქაბულში მუშაობას განაგრძობს სრულიად ავღანეთის უხუცესთა საბჭოს ყრილობა ”ლოია-ჯირგა”. სამშაბათს, ყრილობის თავმჯდომარემ ისმაილ ქასიმ ხანმა,

დელეგატებს დროებითი პარლამენტის შექმნის კომპრომისული გეგმა წარუდგინა. ამ გეგმის თანახმად, პარლამენტში, როგორც ავღანეთის ყველა პროვინციის წარმომადგენლები, ასევე ამჟამინდელი ”ლოია-ჯირგის” დელეგათა ნაწილი შევა. 15 სადეპუტატო მანდატი – ქალებისთვისაა დაჯავშნული. ამასობაში, ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური თურქმენები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათი სათვისტომო არასათანადოდაა წარმოდგენილი ”ლოია-ჯირგაში”.


ეთნიკური თურქმენები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პროვინციებში არჩევნები დამთავრდა, მხოლოდ 30 თურქმენი გახდა ”ლოია-ჯირგის” ყრილობის დელეგატი. მათივე თქმით, კიდევ ბევრ სხვა კანდიდატს, იმ რაიონებში, რომლებიც თურქმენებითაა უმეტესწილად დასახლებული, შეიარაღებულმა ფრაქციებმა, ქვეყნის ჩრდილოეთს რომ აკონტროლებენ, არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

გაურკვეველია რამდენი ეთნიკური თურქმენი ცხოვრობს ავღანეთში, ვინაიდან ოც წელიწადზე მეტია უკვე, რაც ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა. თუმცა, ამ სათვისტომოს ლიდერთა გამოანგარიშებით, ავღანეთში ორ მილიონამდე თურქმენი ცხოვრობს. ისინი, ტრადიციისამებრ ქვეყნის ჩრდილოეთში სახლდებოდნენ, მაგრამ განვლილი ორი ათწლეულის მანძილზე ასეული ათასობით მათგანი ირანსა და პაკისტანში გაიხიზნა.

პაკისტანში მცხოვრებ თურქმენ ლტოლვილთა სათვისტომოს ლიდერმა აბდულა ფურქანიმ, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ქაბულში უთხრა, რომ უფრო გავლენიანმა ეთნიკურმა ჯგუფებმა არ დაუშვეს თურქმენების მონაწილეობა ”ლოია-ჯირგაში”: [აბდულა ფურქანის ხმა] ”ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახადეს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. მაგალითად, ყუნდუსის პროვინციაში, ერთი ადამიანი, რომლის ვინაობას ვერ გეტყვით, დელეგატად აირჩიეს. მაგრამ იგი დააშინეს და უთხრეს, რომ თუ უარს არ იტყოდა დელეგატობაზე, მას საფრთხე ელოდა. და ამ ადამიანის ნაცვლად, სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი გახდა ყრილობის დელეგატი”.

ჩრდილოეთ ავღანეთის იმ ნაწილს, სადაც თურქმენები ცხოვრობენ, ეთნიკური უზბეკების, ანდა ტაჯიკების შეიარაღებული რაზმები აკონტროლებენ. ყველაზე გავლენიანი ლიდერები ამ რეგიონში, უზბეკი გენერალი აბდულ რაშიდ დოსტუმი და ტაჯიკი მეთაური უსტად ათა მოჰამადი არიან. ეს ორი ლიდერი რეგიონის უდიდესი ქალაქის მაზარ-იშარიფის კონტროლირებას ეცილება ერთმანეთს, მაგრამ დოსტუმიცა და მოჰამადიც ჰამიდ კარზაის დროებით ადმინისტრაციას უჭერენ მხარს. მოელიან, რომ დოსტუმი, რომელიც თავდაცვის მინისტრია დროებით ადმინისტრაციაში, ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს ახალ გარდამავალ მთავრობაში.

ამასობაში, შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში ზალმაი ხალილზადემ განაცხადა, რომ გასული წლის დამლევს ბონში მიღწეული შეთანხმების თანახმად, სწორედ ”ლოია-ჯირღამ” უნდა დაამტკიცოს ახალი გარდამავალი მთავრობის შემდაგენლობა.
XS
SM
MD
LG