Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი ისრაელს აკრიტიკებს


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სულ მალე ახალ წინადადებას წამოაყენებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად.

ამასობაში, თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა კრიტიკა გამოთქვეს იმის გამო, რომ ორშაბათს ისრაელმა, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის 350-თ კილომეტრიან საზღვარზე ელექტრონული კედლის მშენებლობა დაიწყო, რათა თვითმკვლელმა ტერორისტებმა ვეღარ შესძლონ ისრაელში შეღწევა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, კედლის მშენებლობის საკითხი ისრაელს, პალესტინელთა ოფიციალურ წარმომადგენლებთან უნდა შეეთანხმებინა.



”ჩვენ შევახსენებთ ისრაელს, რომ იმედის მიცემა პალესტინელებისთვის, მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შეთავაზება, და ყოველგვარი ბარიერების მოსპობა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში უშიშროებისა და მშვიდობის დასამყარებლად”-განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა. ხოლო ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა, გადამდგარმა გენერალმა ეფრაიმ სნემ, ეროვნული პრესის კლუბში გამოსვლისას ვაშინგტონში თქვა, რომ კედელი თავდაცვის მიზანს ემსახურება. ”ამ კედლის მიზანია ბოლო მოუღოს ისრაელში თვითმკვლელი ტერორისტების შეღწევას. ეს ადამიანები ადვილად შემოდიან ისრაელის ქალაქებსა და სოფლებში. და ამას, ბოლო უნდა მოეღოს”-განაცხადა ეფრაიმ სნემ.

პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა ისრაელის გადაწყვეტილებას კედლის მშენებლობის შესახებ ”რასისტული უწოდა”. მან მძაფრად გააკრიტიკა ამასთანავე პრეზიდენტ ბუშის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისი, რომელმაც პრესკონფერენციაზე ამ დღეებში განაცხადა, რომ პალესტინელთა ამჟამინდელი ადმინისტრაცია კორუმპირებულია და ხელს უწყობს ტერორიზმს, და ამდენად, ვერ შესძლებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებასო.

სამშაბათს დილით, მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა იერუსალიმში. სულ ცოტა 18 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაიჭრა. დაღუპულთა უმრავლესობა მოსწავლეები არიან. ტერორისტმა ავტობუსში აიფეთქა თავი, როცა მანქანა ხალხმრავალ გზაჯვარედინზე შეჩერდა. ტრაგედიის ადგილზე მისულმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა – გაგრძელდება, და კვლავაც კატეგორიულად უარყო პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების იდეა.

ორშაბათს, პრეზიდენტმა ბუშმა კვლავ გადასდო იერუსალიმში ამერიკის საელჩოს მშენებლობის დაწყება. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ თელ ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს ამერიკის საელჩოს, რითაც დაადასტურა ისრაელის მტკიცება, რომ იერუსალმი – ებრაული სახელმწიფოს დედაქალაქია. მას შემდეგ, რაც იგი არაბული ქვეყნებისა და ისრაელის ლიდერებს ეთათბირა, ჯორჯ ბუში ამზადებს წინადადებას, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის იმ ნაწილში, რომელიც პალესტინელთა კონტროლქვეშაა, დაარსდეს პალესტინის დროებითი სახელმწიფო, ხოლო პალესტინელთა ტერიტორიებზე შეწყდეს ებრაულ დასახლებათა მშენებლობა.

პარასკევს, იასირ არაფატის უფროსმა მრჩეველმა ნაბილ შაათმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს გადასცა არაოფიციალური წინადადება, რომელიც პალესტინის მუდმივი სახელმწიფოს დაარსებას ითვალისწინებს და იმავდროულად ისრაელმა მთლიანად უნდა დათმოს იორდანეს დასავლეთი ნაპირი, ღაზის სექტორი და იერუსალიმის ნაწილი. ბუში აცხადებს, რომ ვიდრე პალესტინელთა ხელმძღვანელობაში არ მოხდება დემოკრატიული რეფორმები, პალესტინის უფრო დიდი სახელმწიფოს დაარსებაზე ზედმეტია ლაპარაკი.
XS
SM
MD
LG