Accessibility links

logo-print

რუსეთის მშვიდობისმყოფელების ბედი საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგების 10 წლისთავი სკანდალს დაემთხვა: 18 ივნისს დილით რუსეთის 8 სამხედრო პირმა თვითნებურად დატოვა პოსტი და დაუდგენელი მიმართულებით გაუჩინარდა.

დეზერტირებმა თან საკმაოდ სერიოზული შეიარაღება გაიყოლეს: 2 ავტომატი, ხელის ტყვიამფრქვევი, 10 ყუმბარა და დიდძალი ტყვია- წამალი.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშვიდობის ხელშემწყობი შერეული ძალების შტაბის განცხადებით, დეზერტირობის შემთხვევა ამ 10 წლის მანძილზე პირველად მოხდა. თუმცა, მთლიანობაში, შეიარაღებული სამხედროების მიერ სამხედრო ნაწილების თვითნებურად დატოვების ფაქტები რუსეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საოცრად გახშირდა. როგორც წესი, გაქცევა სისხლიანი ტრაგედიით სრულდება ხოლმე – საკმარისია ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის გახსენება, როცა 17 ივნისს ადიღეაში ორმა დეზერტირმა საგზაო პოლიციელები დახოცა.
გაქცეულები ყოფილ სამხრეთ ოსეთში სამსახურს საკონტრაქტო საფუძველზე ორი თვეა, რაც გადიან. დეზერტირების დასაკავებლად, თავად რუსეთის სამხედროების გარდა, მობილიზებულები არიან ყოფილი სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლები. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, რამდენიმე რუსი სამხედრო მათ ცხინვალის მისადგომებთან შენიშნეს, მაგრამ ამ დროისთვის დეზერტირთა ძებნას შედეგი არ მოჰყოლია.
თუმცა დეზერტირების მიერ გატაცებული იარაღი მოკრძალებულად გამოიყურება იმ სამხედრო შეიარაღებასთან შედარებით, რომელიც 18 ივნისს საგზაო პოლიციამ თბილისი-ნატახტარის გზატკეცილზე დაკავებული “ლენდკრუიზერიდან” ამოიღო – 9 ცალი “ფაგოტის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა სამი დანადგარით და 3 ტანკსაწინააღმდეგო ცეცხლმტყორცნი. ავტომანქანას უშიშროების სამინისტროს ობიექტების დაცვის განყოფილების მე-11 ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე სიმონ მჭედლიძე მართავდა. მისივე ოჯახში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მაყუჩით და სხვადასხვა სისტემის პისტოლეტების ვაზნები. სიმონ მჭედლიძე უშიშროების სამინისტროში მეოთხე თვეა, რაც მსახურობს. მანამდე იგი სამთავრობო დაცვასა და სამხედრო პოლიციაში მსახურობდა.
უშიშროების სამინისტრო ინფორმაციას აგროვებს დაკავებულ ავტომობილში მყოფი ვინმე ლუდკოვის შესახებ. დაუზუსტებელი ცნობებით, იგი 17 ივნისს ჩამოფრინდა მოსკოვიდან თბილისში.
ავტომანქანაში აღმოჩენილი შეიარაღების მიახლოებითი ფასი 300 ათასს დოლარს აღემატება. უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია არ გამორიცხავს, რომ იარაღი ცხინვალის რეგიონიდან შემოჰქონდათ. იარაღის ადრესატის დადგენის ღონისძიებები დაწყებულია. უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას ვარაუდით, ვინაიდან აღმოჩენილი იარაღი საბრძოლო მოქმედებისთვის არის განკუთვნილი, არ არის გამორიცხული, იგი პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი ბოევიკებისთვის გადასაცემად სდომებოდათ. სხვათა შორის, ბოლო დღეებში რუსეთის მხარე დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ 20 ივნისისთვის პანკისში თავშეფარებული ჩეჩენი ბოევიკები რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავენ. თუ ეს ასეა, საბრძოლო იარაღი მათ ნამდვილად დასჭირდებათ. სხვა საქმეა, ჩეჩენი ბოევიკების შეიარაღების პრობლემას საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი რომ წყვეტს.
XS
SM
MD
LG