Accessibility links

როგორ ჩატარდა არჩევნები აჭარაში და როგორ ეხმაურებიან ამ არჩევნებს თბილისში


აჭარაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და ეს გასაკვირი არავისთვის ყოფილა. ბათუმის მერად იქ ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე აირჩიეს – არც ეს ყოფილა მოულოდნელი.

ბათუმის საკრებულოში “აღორძინებას” აბსოლუტური უმრავლესობა ერგო – ესეც ჩვეულებრივი ამბავია, რადგან აჭარაში ასეთ შედეგებს, კარგა ხანია, შეეჩვივნენ. იქ წელსაც არჩევნებად მონათლული ღონისძიება ჩატარდა.
იქ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ადგილობრივმა სახელისუფლებო ძალამ, თუმცა, როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ირწმუნება, აჭარის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
რესპუბლიკელების მონაცემებით, წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებზე აჭარის მოსახლეობამ ხელისუფლებისადმი აშკარა უნდობლობა დაადასტურა.

ადგილობრივი არჩევნები აჭარაში, 2 ივნისის ნაცვლად, 16 ივნისს შედგა და, როგორც აღნიშნავენ, ამ არჩევნებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. ამ უმრავლესობის 94 - მა პროცენტმა “აღორძინებას “ მისცა ხმა და ბათუმის მერადაც აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე აირჩია. გიორგი აბაშიძის გამარჯვებას ასლან აბაშიძის მომხრეები მარტივად ხსნიან. მოვიყვან ნაწყვეტს დეპუტატ ჰამლეტ ჭიპაშვილის საგაზეთო ინტერვიუდან: “გიორგი აბაშიძე ბოლო ორი წლის მანძილზე ბათუმის მერი იყო. ამ პერიოდში მას ჰქონდა შანსი დაენახვებინა ბათუმელებისთვის საკუთარი შესაძლებლობები. აბაშიძეთა გვარი ბათუმში ცნობილია, თანაც გიორგი ასლან აბაშიძის შვილია.” ამავე ინტერვიუში ჰამლეტ ჭიპაშვილი ბათუმის საკრებულოს არჩევნებში “აღორძინების” ერთპიროვნული გამარჯვების მოტივსაც ასახელებს: “ აღორძინება” აჭარაში, კარგა ხანია, ლიდერია, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი” იყო. ოღონდ ეს ორი პარტია განსხვავდება ერთმანეთისგან . “აღორძინება” რასაც დაჰპირდა, უსრულებს კიდეც მოსახლეობას.” ასეა თუ ისე, “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი” 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა, “აღორძინებამ” კი ბათუმში ამომრჩევლის ხმათა 94 პროცენტი გაიფორმა. ეს ციფრი კი უფრო აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებულ განსხვავებაზე მეტყველებს, ვიდრე “აღორძინებასა” და “ მოქალაქეთა კავშირის” სხვადასხვაობაზე.

აჭარაში ადგილობრივი არჩევნები 2 ივნისს არ ჩატარებულა. აჭარაში არჩევნების 16 ივნისს დანიშვნის ფორმალურ მხარეებზე ამასწინათ ჩვენი ბათუმელი კორესპონდენტი ევგენი თავდგირიძე გესაუბრათ. მე მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებს პრეზიდენტი ნიშნავს და, ამდენად, არსებობს სრული საფუძველი იმისათვის, რომ ადგილობრივი არჩევნების 16 ივნისს დანიშვნის გამო აჭარის ხელმძღვანელობა ანტიკონსტიტუციური ქმედებისათვის დადანაშაულდეს. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის თქმით, ეს მოტივი საკმარისია აჭარაში ჩატარებული არჩევნების კანონგარეშედ გამოსაცხადებლად, მით უფრო, არსებობს მონაცემები, რომ 16 ივნისის არჩევნებზე აჭარის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ მისულა. რესპუბლიკელების მტკიცებით, ბათუმის ელექტორატის ბოლოდროინდელი გაუგონარი აქტივობის დამადასტურებელი პროცენტული მაჩვენებელი ისეთივე სიყალბეა, როგორსაც საქართველოში, განსაკუთრებით კი, აჭარაში ჩატარებული არჩევნები წარმოადგენს ხოლმე და მაინც, ტყუილია თუ მართალი, ბათუმში “აღორძინების” სასარგებლოდ გამოკვეთილი 94 პროცენტი მრავლისმეტყველია. კომუნისტური ეპოქის არჩევნების ტრადიციულ შედეგებს ის 6 პროცენტით ჩამორჩება და ამიტომ, შესაძლოა, პატარა წინსვლის ნიმუშადაც მიჩნეულიყო, რომ არა ის წლები, რომლებიც საბჭოთა პერიოდისგან გვაშორებს. დავით ბერძენიშვილის აზრით, ეს მაჩვენებელი აჭარის, განსაკუთრებით კი, ბათუმის მოსახლეობის მორიგი შეურაცხყოფაა. “ ამ მოსახლოების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივიდა და ამით აბაშიძის რეჟიმისადმი ღია პროტესტი გამოხატა,” - ამბობს ის და დასძენს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ძალებს ბათუმში მაჟორიტარ კანდიდატად მოსინჯავს.
XS
SM
MD
LG