Accessibility links

logo-print

დღეს იწყება თბილისის წიგნის ფესტივალი


დავით პაიჭაძე, თბილისი დღეს, 19 ივნისს, სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, ანუ ფილარმონიაში, იხსნება თბილისის წიგნის მეოთხე ფესტივალი, რომელიც აქამდე წიგნის ბაზრობის სახელით იყო ცნობილი.

ყოველი მორიგი ბაზრობა მეტ გამომცემელს აცნობდა და მეტ წიგნს სთავაზობდა საზოგადოებას; უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე იქნება წლევანდელ ფესტივალზეც, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 70-მდე გამომცემლობამ და ორგანიზაციამ გამოთქვა.

შარშან გამართულ წიგნის ბაზრობაზე რამდენიმე უცხოურმა ორგანიზაციამაც გამოიტანა თავისი პროდუქცია: გასახსენებლად გოეთეს საზოგადოებაც იკმარებდა. მონაწილეთა შორის იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო. წელს უცხოელ მონაწილეთა ნუსხა იზრდება: თბილისის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის გამომცემლობათა წიგნები. ჩაერთვებიან გამომცემლობები საქართველოს რეგიონებიდან, რაც უწინ არ ხდებოდა. პროდუქციას წარმოადგენს ევროკომისიაც. როგორც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა მერაბ ქათამაძემ მითხრა, ფესტივალს ეყოლება საპატიო სტუმარი ქვეყანა – აზერბაიჯანი, რომლის თარგმნილი და ორიგინალური წიგნები, ასევე, იქნება გამოფენილი.

წიგნის ბაზრობებს თბილისში ყოველთვის უცხოელი სპონსორები ეხმარებოდნენ. წელსაც ფესტივალის მოსაწყობად თანხები გაიღეს ევრაზიის ფონდმა თბილისში, ფონდმა “ღია საზოგადოება - საქართველო”, ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტმა, რომელიც აფინანსებს სწავლება-სემინარებს წიგნის ქართველ გამომცემელთათვის. წლევანდელ ფესტივალზე პირველად გაიმართება კონკურსი და ყოველ გამარჯვებულს გადაეცემა ას-ასი დოლარი – ეს უკვე ქართველ გამომცემელთა პროფესიული გაერთიანების სახსრებიდან. მერაბ ქათამაძის თქმით, პრემიები გადაეცემათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულებს [ქათამაძის ხმა]: “საუკეთესო რომანი, საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო პროზაული კრებული, საუკეთესო მხატვრული გაფორმება, მხატვარი, საუკეთესო თარგმანი, საუკეთესო საბავშვო გამოცემა და წიგნის ხელოვნება, წიგნი, როგორც პროდუქტი; აქ გათვალისწინებული იქნება ქაღალდი, ბეჭდვა, გარეკანი, ყდა, აკინძვა და ა.შ.”.

მერაბ ქათამაძეს, რომელიც, ამავე დროს, გამომცემლობა “აზრსაც” ხელმძღვანელობს, ვთხოვე, მოეთხრო რამდენიმე ახალი წიგნის შესახებ, რომლის წარმოდგენასაც ფესტივალზე აპირებს. მისი თქმით, გამომცემლებს თავიანთი წელთაღრიცხვა აქვთ და ახალ წიგნად მიაჩნიათ ის, რაც წინა ბაზრობის შემდეგ გამოიცა. ერთი იქნება “დასახვრეტი საქმე”. მისი ავტორია ეკა ჩიხლაძე, 1984 წელს “თვითმფრინავის საქმის” გამო დახვრეტილი მღვდლის, თემურ ჩიხლაძის, ქალიშვილი. წიგნში გამოყენებულია სასამართლოს სხდომების საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მასალები, ჩვენებები, სქემები და ა.შ. მერაბ ქათამაძემ აღნიშვნის ღირსად მიიჩნია ალმანახი “ახალი დროება”, რომელსაც ცნობილი მთარგმნელი გია ჭუმბურიძე რედაქტორობს.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გამომცემლობა “ლოგოს პრესის” დირექტორმა ლაშა ბერაიამ ფესტივალზე გამოსაფენ წიგნთა შორის განსაკუთრებით აღნიშნა ნოდარ ლადარიას თარგმნილი პიტერ ბერკის წიგნი “ისტორია და სოციალური თეორია”, აგრეთვე ვლადიმირ ნაბოკოვის “ლოლიტა” ქართულად, რომელსაც აუდიტორიას კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე და ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი წარუდგენენ.

ახალ გამოცემებზე ველაპარაკე გამომცემელ ბაკურ სულაკაურსაც. მისი გამომცემლობის სიახლეთა შორის სულაკაურმა, უწინარესად, საბავშვო გამოცემები მოიხსენია: მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედიის პირველი ორი ტომი - “შუა საუკუნეების ისტორია” და “უკანასკნელი 500 წელი”, “საბავშვო ენციკლოპედია”, “მხიარული სურათები” და “მხიარული რიცხვები”; “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” დასტამბა აკა მორჩილაძის “შენი თავგადასავალი”, რომლის ფრაგმენტებსაც სხვა სათაურით იცნობს მკითხველი და ალეკო შუღლაძის “სამსარა”. კრებულში “15 საუკეთესო” კი შევიდა ბოლო ერთი წლის მანძილზე დაწერილი 15 ქართული მოთხრობა. ახალ გამოცემათა შორის ბაკურ სულაკაურმა აღნიშნა ერთი სამეცნიერო ხასიათის წიგნიც [სულაკაურის ხმა]: “ეს არის გურამ ბედოშვილის “ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი”; ეს უზარმაზარი ნაშრომია, დაახლოებით, 700 გვერდი. ავტორი მასზე თითქმის 30 წელიწადს მუშაობდა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცემაა”.

წიგნის ფესტივალი ფილარმონიაში დღეს, 13 საათზე, დაიწყება. საღამოს ხუთ საათზე კი ის შეიძლება თვით პრეზიდენტმა შევარდნაძემ გახსნას საზეიმოდ.
XS
SM
MD
LG