Accessibility links

logo-print

ლადო ქუთათელაძის საიუბილეო გამოფენა


სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე" გიამბეთ დიდი ქართველი მხატვრის ლადო ქუთათელაძის შესახებ.

ისიც ვთქვით, რომ საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ, გადაავიწყდა აღენიშნა ლადო ქუთათელაძის დაბადების ასი წლის იუბილე. უფრო მეტიც, ქართველი გრაფიკოსის, ქართული შრიფტის ოსტატის, თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგის ასი წლისთავი თავად მხატვრებსაც "გამოეპარათ". საბოლოოდ, ისევ მხატვრის ნათესავების ძალისხმევით, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოეწყო ლადო ქუთათელაძის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გუშინ დაიხურა "ცისფერ გალერეაში".


ლადო ქუთათელაძეს ასი წელი ხუთ აპრილს შეუსრულდებოდა, მაგრამ ქართული მხატვრული შრიფტის სამოცდაათამდე სახეობის შემქმნელის იუბილე მხოლოდ მხატვრის ოჯახმა აღნიშნა. მხატვრის ქალიშვილის, მუსიკისმცოდნე რუსუდან ქუთათელაძის თქმით, ქართული მხატვრობის კლასიკოსის გამოფენის მოწყობაც კი პრობლემატური გახდა. თბილისის სამხატვრო დარბაზები ხომ ყოველი გამოფენისთვის სოლიდურ თანხას ითხოვენ. ბოლოს და ბოლოს, 11 ივნისს ლადო ქუთათელაძის ნამუშევრებს ეროვნული გალერეა დაუთმეს, თუმცა, რუსუდან ქუთათელაძის თქმით, ამ ნამუშევრების ჩარჩოსა და მინაში ჩასმა ოჯახის წევრებს საკუთარი ხარჯებით მოუხდათ. კიდევ ერთხელ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მავანს და მავანს (შეგვიძლია მათ "კონკურენტები" დავარქვათ), უბრალოდ, ხელს არ აძლევდა საზოგადოებას ეხილა ქართული შრიფტის ის სახეები, რომლის შექმნას ქუთათელაძემ მთელი ცხოვრება შეალია და რომლის მსგავსს განუწყვეტლივ ამკვიდრებენ ქართველი პროგრამისტები - სხვა სახელებითა და გვარებით. ამავე დროს, საქართველოში ვრცელდება აზრი, ვითომ ქართული შრიფტი არ ექვემდებარება კომპიუტერული გრაფიკის სპეციფიკას - ზოგი ამბობს, მეტისმეტად "ხატოვანია", ზოგი ამბობს - "მრგვალი" ფორმებითაა გადატვირთულიო და ა.შ... კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტები თითქოს თავს იმართლებენ. პროგრამისტებს კი ხშირად ტვინის ჭყლეტა უხდებათ, რათა სასურველ შრიფტს როგორმე მიაგნონ. ეროვნულ გალერეაში მოწყობილმა ლადო ქუთათელაძის ნამუშევრების გამოფენამ გვიჩვენა, რომ "მოუხელთებელი" ქართული შრიფტის შესახებ გავრცელებული აზრი, ასე ვთქვათ, "ცრუ მითია". ქართული ანბანის ყოველი ასო უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და სწორედ ამ ინტერპრეტაციის უსასრულო შესაძლებლობები წარმოაჩინა მხატვარმა, დაწყებული 30-იანი წლებიდან 1981 წლამდე, როცა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართული შრიფტის ახალი, უაღრესად პრაქტიკული და სადა, ვარიანტი შექმნა.

ყველაფერი ეს ერთად იხილა დამთვალიერებელმა ლადო ქუთათელაძის საიუბილეო გამოფენაზე. ამას დაემატა ექსლიბრისები (დღესდღეობით გრაფიკის თითქმის დაკარგული ჟანრი), ქსილოგრაფიის ტექნიკით შესრულებული პეიზაჟები, წიგნის გაფორმება - ყველაფერი, რასაც "ეროვნული გალერეის" ერთი დარბაზი დაიტევდა და რაც მთლიანობაში წარმოაჩენდა ლადო ქუთათელაძის, მართლაც რომ, პერფექციონისტურ ხელწერას. ეს გამოფენა უამრავმა ადამიანმა ნახა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა მედიამ თითქოს დემონსტრატიულად გამოხატა გულგრილობა ეროვნული გრაფიკის კლასიკოსის ნამუშევრების მიმართ. რაც ბუნებრივია... პერფექციონიზმი, ფორმის დახვეწილობა და კლასიკური სილამაზე საქართველოში დღეს ნაკლებად ფასობს. სისადავე არაა მოდაში. დღევანდელ კულტურაში უფრო "მეტისმეტად ხატოვანს" ანიჭებენ უპირატესობას. საერთოდ, ყველაფერს, რაც "მეტისმეტია"... თანაც, წუწუნებენ, "რა ვქნათ, ასეთი მემკვიდრეობა გვერგოო".
XS
SM
MD
LG