Accessibility links

ფინანსისტები საქართველოს საგადამხდელო სისტემის მოწესრიგებას ცდილობენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში ოფიციალურ საბანკო არხებში ფულის მოძრაობის მოწესრიგებისა და ფინანსურ სფეროში თანამედროვე მომსახურების დანერგვის მიზნით, ეროვნული ბანკის ინიციატივით,

სპეციალური "საგადამხდელო სისტემის მართვის ეროვნული კომიტეტი" შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკის ძირითადი ნაწილი ჩრდილოვან სექტორს განეკუთვნება და, შესაბამისად, ფულის მოძრაობაც ოფიციალური საბანკო არხების გვერდის ავლით ხდება, საფინანსო ბაზრისა და საგადამხდელო სისტემის მოწესრიგებაზე ზრუნვის დაწყება ამთავითვეა საჭირო.

ცივილიზებული ბიზნესი კარგა ხანია, ფაქტობრივად, არც ერთ ქვეყანაში აღარ იყენებს ნაღდ ანგარიშსწორებას. ის, რომ საბანკო არხებში ფულის მოზიდვა გაძნელებულია, მთელი ქართული ეკონომიკის პრობლემაა და მხოლოდ სრულყოფილი საფინანსო სისტემით მას ვერ გადავჭრით. თუმცა მომსახურების თანამედროვე ფორმების დანერგვა, ახალი ტექნოლოგიები და ანგარიშსწორების სისწრაფე ის გამოსავალია, რამაც პოტენციური დეპოზიტარი და სერიოზული კლიენტი საბანკო არხებისაკენ უნდა შემოაბრუნოს.

გარდა ამისა, ამ ბოლო ხანებში საქართველოში პლასტიკურ ბარათებს საკმაოდ მრავალრიცხოვანი მომხმარებელი გაუჩნდა, დანერგილია სხვადასხვა საგადამხდელო სისტემა ("ვესტერნ იუნიონი", "ანელიკი", "მანიგრამი"), თუმცა საბანკო სერვისის ეს ფორმები არ არის სათანადოდ სისტემატიზებული, რაც ხელს უშლის ბაზრის შესწავლას და იმავე "პლასტიკური ფულის" პოპულარიზებას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ანგარიშსწორების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვამ და შედარებითი გამჭვირვალობის უზრუნველყოფამ საფინანსო სექტორის მიმართ მომხმარებელთა ნდობა მეტ-ნაკლებად აღადგინა, თუმცა "მარცხენა ეკონომიკის" იმ მასშტაბებით, რაც საქართველოში არსებობს, ჯერჯერობით ობიექტურად შეუძლებელია სრულყოფილი სისტემის ფუნქციონირება.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად ცოტა ხნის წინ, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, შეიქმნა საგადამხდელო სისტემების მართვის ეროვნული კომიტეტი, რომლის პირველი სხდომა ორი დღის წინ გაიმართა.

კომიტეტი სათათბირო ორგანოა, რომლის ფუნქციას წარმოადგენს საგადამხდელო სისტემების განვითარების კონცეპტუალური სტრატეგიის შემუშავება და ამ სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების დამტკიცება და მათი რეალიზაციის გზების დასახვა.

კომიტეტის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ეროვნული ბანკის, სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების, ბანკების ასოციაციის, კომერციული ბანკების, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის, საქართველოს საფონდო ბირჟის, სააქციო საზოგადოება „ჯორჯიან ქარდის" და კორპორაცია „უი-ეფ-სის" წარმომადგენლები, ანუ ის ექსპერტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სისტემის განვითარებით და არა მარტო უშუალოდ მონაწილეობენ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, არამედ, ასევე, ანალიზს უკეთებენ ბაზარს და დიდი ხანია სწავლობენ მის კონიუნქტურას.

მალე კომიტეტი მეორე სხდომას გამართავს, სადაც განიხილავს ,,საქართველოს საგადამხდელო სისტემების მართვის ეროვნული კომიტეტის" დებულების პროექტს.

თავად ამ ინიციატივას საბანკო ექსპერტები საკმაო ენთუზიაზმით ხვდებიან და მიაჩნიათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქართულ საგადამხდელო სისტემას იმ პრობლემებს შეუმსუბუქებენ, რომელიც, ურთიერთკონკურენციის მიუხედავად,, საერთოა მთელი საფინანსო სფეროსათვის.
XS
SM
MD
LG