Accessibility links

ქართველი დეპუტატები რუსეთის მოქალაქეობის ახალი კანონის შესახებ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რას ფიქრობენ ქართველი პარლამენტარები რუსეთის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს;

როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა ასეთ ვითარებაში. - დღეს
ამ პრობლემატიკის შესახებ გესაუბრებით.

წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა საქართველოს თითქოს არაფრით ემუქრება. თუ რატომ, ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანდა, მოკლედ კი იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე - მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით არის შესაძლებელი. პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძის თქმით, [ხმალაძის ხმა] "შესაბამისად, მათზე ვერ გავრცელდება რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესი. ამიტომ თუ აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირი თხოვნით მიმართავს რუსეთს მოქალაქეობის მიღების თაობაზე, რუსეთის კანონის შესაბამისად, რუსეთი საქართველოს უნდა შეეკითხოს, არის თუ არა ეს პირი საქართველოს მოქალაქე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ამ პირზე ვერ გავრცელდება რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესი."

მაგრამ ითვალისწინებს რა რუსეთის პოლიტიკას, ვახტანგ ხმალაძე ვარაუდობს, რომ მოსკოვი თვალს დახუჭავს დარღვევებზე. ამიტომ დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი შეიძლება რუსეთის მოქალაქე გახდეს. იგი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ამ პირების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების ნებართვის გარეშე უკანონო იქნება და, თუ მოვლენები, მართლაც, ამგვარი სცენარით განვითარდება, მაშინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება.

ამ თემაზე საუბრისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი გია გვაზავა აღნიშნავს: [გვაზავას ხმა] "რუსეთის მიერ მიღებული სხვა კანონით, მას უფლება აქვს, ყველგან დაიცვას თავისი მოქალაქეები, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რუსეთს, პრაქტიკულად, უჩნდება უფლება, ისინი ძალის გამოყენებით დაიცვას. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული იარაღი, ეს არის ასიმილაციის ერთ-ერთი საფუძველი."

როგორც გია გვაზავა, ისე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში საქართველომ აქტიურ და აგრესიულ დიპლომატიურ პოლიტიკას უნდა მიმართოს. საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულ ფორმებში უნდა ითხოვდეს რუსეთისაგან კანონიერების დაცვას მოქალაქეობის საკითხში, უნდა ავლენდეს მოქალაქეობის უკანონოდ მიღების ფაქტებს და ყოველ ასეთ ფაქტზე უნდა ავრცელებდეს მკვეთრ დიპლომატიურ განცხადებებს როგორც რუსეთის მისამართით, ისე საერთაშორისო დონეზე.

საქართველო, ასევე, კატეგორიულად უნდა ითხოვდეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავიზო რეჟიმის დაცვას ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე და ამ შემთხვევაშიც შესაბამისი განცხადებებით უნდა მიმართავდეს რუსეთის ფედერაციას და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
XS
SM
MD
LG