Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დღეებში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. კვირას პარლამენტის მისადგომებთან პროტესტს ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრები გამოხატავდნენ,

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მეთაურობით. 19 ივნისს პარლამენტის შენობის წინ უკვე ადვოკატთა კორპუსი შეიკრიბა, რომელიც ადვოკატურის შესახებ კანონ-პროექტის დამტკიცებას მოითხოვდა. 20 ივნისს კი პარლამენტის წინ თავს მოიყრიან აფხაზეთიდან დევნილები, - ისინი საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას მოითხოვენ.

ჯერ კიდევ გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთიდან დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი 20 ივნისის სხდომაზე არ განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსს, პარლამენტის შენობის წინ აფხაზეთიდან დევნილები გამართავენ მასობრივ საპროტესტო აქციას, რომელიც, გამორიცხული არ არის, მთელი საქართველოს მასშტაბით დაუმორჩილებლობის გამოცხადებაში გადაიზარდოს. მეტიც - დასახელდა კონკრეტული თარიღი, 1 აგვისტო, როცა, თამაზ ნადარეიშვილის გეგმით, აფხაზეთის დასაბრუნებლად რადიკალური მოქმედებები დაიწყება, თუკი მანამდე კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესში რაიმე რეალური პროგრესი არ გამოჩნდა. 1 აგვისტო შემთხვევით არ არის დასახელებული. 31 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭო კვლავ განიხილავს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი პროცესის მიმდინარეობის საკითხს. გამორიცხული არ არის, უშიშროების საბჭო ისევ ზოგადი ხასიათის რეზოლუციის მიღებით და სოხუმის ხელისუფლების მსუბუქი კრიტიკით შემოიფარგლოს. როგორც ცნობილია, სოხუმის ხელისუფლება უარს აცხადებს, განიხილოს გაეროს გენერალური მდივნისა და მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნას ეხება და რომელსაც მხარს უშიშროების საბჭოც უჭერს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 1 აგვისტოდან აფხაზეთში პარტიზანული მოქმედებების გააქტიურების შესახებ განცხადება, თამაზ ნადარეიშვილთან ერთად, იმ უკანონო ჯგუფების ხელმძღვანელებმაც გააკეთეს, ვინც პარტიზანულ საქმიანობას ეწევა აფხაზეთში. ერთ-ერთი მათგანი - დაჯგუფება "ტყის ძმების" ხელმძღვანელი დავით შენგელია - მოულოდნელად საკმაოდ სერიოზულ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული, როცა განაცხადა, რომ 18 ივნისს ნატახტართან დაკავებულ მანქანაში აღმოჩენილი იარაღი სწორედ მისთვის იყო განკუთვნილი. იარაღი კი საკმაოდ სერიოზულია - 9 ცალი "ფაგოტის" ტიპის ტანკსაწინააღმედო მართვადი რაკეტა, სამი დანადგარით, და 3 ტანკსაწინააღმდეგო ცეცხლმტყორცნი. დავით შენგელიას განცხადებიღ, ეს შეიარაღება პარტიზანებს ეკუთვნით. მისივე განმარტებით, შეიარაღების ფასი 300 ათასი კი არა, დაახლოებით, 7 ათასი დოლარია.

19 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ არასერიოზული უწოდა შენგელიას განცხადებას და თქვა, რომ იარაღის ადრესატის დადგენა ბევრ საინტერესო მომენტს მოჰფენს ნათელს. საქმე ის გახლავთ, რომ აღმოჩენილი იარაღი საქართველოს შეიარაღებული ძალების განკარგულებაში არასოდეს ყოფილა. გარდა ამისა, ამ იარაღით, შესაძლებელია, ნებისმიერი ჯავშნიანი მანქანის მწყობრიდან გამოყვანა.

შენგელიას განცხადების გულწრფელობისა არ სჯერა არც შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილს, რომელმაც 19 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დავით შენგელიას დაკითხვებისას მოუწევს თავისი განცხადების დასაბუთება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ უნიკალურად შეფასებული იარაღი, მართლაც, "ტყის ძმებს" ეკუთვნით, კიდევ არაერთ კითხვაზე იქნება პასუხი გასაცემი. მაგალითად, რატომ აღმოჩნდა იარაღის კონტრაბანდაში გარეული უშიშროების სამინისტროს მაიორი, ან ვინ არის ის "ქველმოქმედი", ვინც თუნდაც 7 ათასი დოლარი გაიღო პარტიზანების უახლესი იარაღით აღსაჭურვად, რომ აღარ ვიკითხოთ ის, თუ რაში სჭირდებათ პარტიზანებს ჯავშნიანი ტექნიკის მწყობრიდან გამოსაყვანი იარაღი.

ძალაუნებურად, პირველ პლანზე მაინც შესაძლო ტერაქტის თემა გამოდის. სხვათა შორის, დაახლოებით, ერთი თვის წინათ რუსეთის ერთ-ერთმა ტელეარხმა საქართველოში მორიგი დესტაბილიზაციის გამოწვევის მწყობრი გეგმა გაახმაურა. შესაბამისად, ოფიციალური თბილისის განსაკუთრებული ინტერესი 18 ივნისს აღმოჩენილი იარაღის მიმართ სრულიად გასაგებია.
XS
SM
MD
LG