Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სჭირდება თუ არა მართლმადიდებლობას გადარჩენა საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი ოთხშაბათს, 19 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა მოქალაქეთა შეკრება მორიგი ნაციონალისტური მოძრაობის დასაფუძნებლად დევიზით "გადავარჩინოთ მართლმადიდებლობა".

ამ შეკრების შესახებ თბილისელებს კარგა ხანია აუწყებენ მთელ ქალაქში გაკრული ტრანსპარანტები. მე შევეცადე გამერკვია, რამდენად იზიარებს თეზისს გადასარჩენი მართლმადიდებლობის შესახებ საქართველოს საპატრიარქო, აგრეთვე, ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი.

ვინ იჩემებს მართლმადიდებლობის დამცველობას იმ ქართველთა შორის, რომლებიც პოლიტიკოსობას იჩემებენ, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან. სწორედ ის ავად არსახსენებელი დეპუტატი ჰკრებდა თანამოქალაქეებს სპორტის სასახლეში ამ ოთხშაბათს. ბატონი დეპუტატი გადარჩენის ვნებამ ჯერ კიდევ მაშინ აიტანა, როცა სამიოდე წლის წინ გოგი თოფაძის პარტიაში "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" გაწევრიანდა. თუმცა მართლმადიდებლობის დაცვა და ხსნა იმხანადაც მისი მოღვაწეობის ქვაკუთხედი იყო. მე დავინტერესდი, რატომ შეიქნა მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელსაც საქართველოში 17 საუკუნის ისტორია აქვს, ერთი კაცისა და რამდენიმე ათეული მოქალაქის გადასარჩენი, რამდენად სარწმუნო და მართებულია საკითხის სწორედ ასე დაყენება; საქართველოს საპატრიარქომ მართლმადიდებლობის გადარჩენის პრობლემისადმი თავისი დამოკიდებულების გამოხატვა გიორგი ანდრიაძეს მიანდო [ანდრიაძის ხმა]: "საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლობა საქართველოში დღეს დაცვასა და თანადგომას საჭიროებს. ისედაც ბოლო 200 წლის მანძილზე დამოუკიდებლობადაკარგული ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა იდეოლოგიურ აგრესიას განიცდიდა და დარტყმის მთავარი ობიექტი მართლმადიდებელი ეკლესია იყო, რადგან ის არის ქართული კულტურისა და ცნობიერების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი. სამწუხაროდ, ბოლო ათი წლის მანძილზე, დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად, კვლავ გრძელდება იდეოლოგიური ექსპანსია ჩვენი კულტურის მიმართ, რაც ხორციელდება დესტრუქციული სექტების აგრესიული პროზელიტიზმით. ამ სექტებს ზურგს უმაგრებენ ძლიერი ფინანსური სტრუქტურები, ხოლო საქართველოს ეკლესიას, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არათუ სამოღვაწეო, ელემენტარული საარსებო რესურსებიც არ გააჩნია".

მე დავუკავშირდი ნარიყალას ეკლესიის მოძღვარს, მღვდელ ზაზა თევზაძეს, და ვთხოვე, პირადი აზრი გამოეთქვა იმაზე, მართლმადიდებლობას საქართველოში სჭირდება თუ არა გადარჩენა. აი, რა მიპასუხა მან [ზაზა თევზაძის ხმა]: "ნამდვილად არ მიმაჩნია საკითხის ასე დასმა სწორად და აქტუალურად. პრობლემები არსებობს, მაგრამ ეს პრობლემები უფრო შიგნით არის, ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე გარეთ. შარაძის მოწყობილ ღონისძიებას მე პრინციპულად ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ეს პიროვნება, როგორც ის ავლენს თავის თავს, მიუღებელია მისი აქტივობით, მიუღებელია ამ ყველაფრის ხასიათი. როგორ შეიძლება ასეთი ლოზუნგი წამოაყენოს პიროვნებამ, რომელიც შორს დგას მართლმადიდებლობისგან და, საერთოდ, ქრისტიანობისგან".

ამავე საკითხზე კომენტარი არ დაიშურა თეოლოგმა ნოდარ ლადარიამაც [ლადარიას ხმა]: "რაც შეეხება ამ კითხვის ზოგად ასპექტს - სჭირდება თუ არა მართლმადიდებლობას გადარჩენა - ამის შესახებ წერია სახარებაში: ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან; რაც შეეხება კონკრეტულ ასპექტს - მე ვგულისხმობ სპორტის სასახლეზე გაკრულ ტრანსპარანტს თუ ლოზუნგს იქ მიმდინარე ყრილობის შესახებ - მე ვიტყოდი, გაუგებარი კადნიერებაა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც კარგად ვერ გადაწყვიტეს, რა განსხვავებაა საპატრიარქოსა და ეკლესიას შორის და ერთმანეთში ერევათ ეს ორი ცნება".
.
ერთმა სწავლულმა ქალბატონმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის რადიოში გამხელა, განმიცხადა, რომ მართლმადიდებლობას არა გადარჩენა, არამედ გაძლიერება სჭირდება [უცნობი ქალბატონის ხმა]: "რაც შეეხება მაგათ პოზიციას, მე ვთვლი, რომ ეგ ძალიან არასწორი პოზიცია არის. არ შეიძლება ასე ცეცხლითა და მახვილით ამკვიდრო მართლმადიდებლობა".
XS
SM
MD
LG