Accessibility links

ადამიანის გატაცების მორიგი ფაქტი საქართველოში


საქართველო საშიში ქვეყნის იმიჯს იმტკიცებს. თბილისის ცენტრიდან ინგლისელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გატაცების გამო, მან კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება როგორც ქვეყანამ,

სადაც გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანის გატაცება ჩვეულებრივი მოვლენაა. პიტერ შოუს გატაცების ფაქტის მოწმეები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. მათ ბოროტმოქმედებას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

საქართველოსთვის დამახასიათებელი სამარცხვინო მოვლენის - მძევლობის -მსხვერპლი ამჯერად ინგლისელი ბიზნესმენი პიტერ შოუ გახდა. ის თბილისის ცენტრიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს. გატაცების ფატს შეესწრნენ ნამდვილი პოლიციელებიც, მაგრამ მათ გამტაცებლებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.
პიტერ შოუ საქართველოში 6 წლის წინ ჩამოვიდა და სათავეში ჩაუდგა ევროკავშირის საპარტნიორო ფონდს, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა დახმარებოდა. დახმარების პროცესს ფონდი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებდა. ევროკავშირის ფინანსური დახმარება ფონდიდან რამდენიმე ბანკს შორის ნაწილდებოდა. ბანკებიდან კი გაიცემოდა კრედიტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებას უნდა წადგომოდა და გარკვეული ხნის შემდეგ, ამავე ბანკების გავლით, ბიუჯეტს დაბრუნებოდა. ეს ასე არ მოხდა და პიტერ შოუც სერიოზულ სკანდალებში გაეხვია. მას უხდებოდა სასამართლო პროცესებში ერთ-ერთ მხარედ მონაწილეობა, თუმცა საამისოდ იურიდიული სტატუსი არ გააჩნდა. მოგვიანებით პიტერ შოუ "აგრობიზნესბანკის" დირექტორი გახდა. "აგრობიზნესბანკი" კი, რომელიც, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, ისევ აგრარულ საკითხებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, იმ გაკოტრებული ბანკის ბაზაზე შეიქმნა, რომელმაც ფერმერებზე გაცემული დახმარება ვერ დაიბრუნა. ასეა თუ ისე, პიტერ შოუს საქმიანობას საქართველოში ევროკავშირში დადებითად აფასებდნენ.
ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, უკავშირდება თუ არა პიტერ შოუს გატაცება "აგრობიზნესბანკის" ფინანსურ საქმიანობას.
თუმცა საუყურადღებოა ის, რომ პიტერ შოუს გატაცებამდე თავდასხმა მოხდა ამ ბანკის გამგეობის ერთ-ერთ ქართველ წარმომადგენელზე; საყურადღებოა ისიც, რომ პიტერ შოუს 19 ივნისს ამოეწურა "აგრობიზნესბანკში" მუშაობის კონტრაქტის ვადა და რომ ბრიუსელში "აგრობიზნესბანკისთვის" ერთი მილიონი ევროს გამოყოფის საკითხის განხილვა დაიწყო. ბრიუსელში უკვე გამოხატეს შეშფოთება პიტერ შოუს გატაცების გამო. საქართველოში კი უცხო ქვეყნების საელჩოებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საკუთარ მოქალაქეებს, რომ საქართველოში ყოფნა ან საქართველოში ჩამოსვლა საშიშია.
პრეზიდენტმა შევარდნაძემ შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს პიტერ შოუს უახლოეს დღეებში გათავისუფლების უზრუნველყოფა დაავალა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია მანქანა,რომელსაც ახმეტის რაიონში გაცემული ნომერი აქვს და რომლითაც ინგლისელი ბიზნესმენი გაიტაცეს. სამართალდამცავების ვერსიით, ამ ავტომანქანის სერია არ უნდა იყოს რეალური. ასეა თუ ისე, ახმეტის რაიონის პოლიციამ გააძლიერა მუშაობა გატაცებულის პანკისის ხეობაში გადაყვანის შესაფერხებლად. ქვეყნის ყველა სამართალდამცავ ორგანოს მიეწოდა გამტაცებლების აღწერილობა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დამნაშავეების კვალს ადგანან, თუმცა, ვნახოთ, რამდენად არ გაიზიარებს პიტერ შოუ იმ ესპანელი ბიზნესმენების ბედს, რომელთა ტყევობამაც საქართველოში წელიწადზე მეტ ხანს გასტანა.
XS
SM
MD
LG