Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მემარჯვენეები მიწისძვრით დაზარალებულებს ეხმარებიან


"ახალი მემარჯვენეებისა" და ბიზნესმენთა ერთი ჯგუფის მიერ "ახალ ქართულ ფონდში" გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მიწისძვრისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად მობილიზებული მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი ლარი ეტაპობრივად ნაწილდება.

დღეისათვის უკვე დაკმაყოფილდა სპეციალური საზოგადოებრივი კომისიის მიერ, დაზარალების ხარისხის შესაბამისად, სამ კატეგორიად დაყოფილი 185 ოჯახი. ყველაზე მძიმე, პირველ კატეგორიაში, გაერთიანებული 100 ოჯახიდან თითოელმა 10 000 ლარი მიიღო, დანარჩენთათვის განსაზღვრული დახმარებები კი, თანხობრივად, 500-დან 3000 ლარის ფარგლებში მერყეობს. 19 ივნისს "ახალი მემარჯვენეების"ოფისში მეორე კატეგორიის 37 დაზარალებულ ოჯახს გადასცეს საბანკო ქვითრები.

მინესაშვილების ოჯახი ოქროს უბანში, გოგი დოლიძის ქუჩის 39 ნომერში, ცხოვრობს. ოჯახის ექვსი წევრიდან ერთი პენსიონერია, ორი კი - მცირეწლოვანი ბავშვი. 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად მათ სახლზე გაჩენილი დაზიანებები "ახალი მემარჯვენეების" ინიციატივით შექმნილმა საზოგადოებრივმა კომისიამ მესამე კატეგორიას მიაკუთვნა, რაც, შესაბამისად, იმას ნიშნავს, რომ დახმარების თანხა, საშუალოდ, 2000 ლარი იქნება. აქვე შევნიშნავთ, რომ, დაზიანების ხარისხის მიხედვით, პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან ოჯახები, რომელთაც, მიწისძვრის შედეგად, სახლი მთლიანად დაენგრათ, მეორე კატეგორიას განეკუთვნება ბინები, რომლებიც მთლიანად არ დანგრეულა, მაგრამ იქ ცხოვრება სიცოცხლისათვის საშიშია, ხოლო მესამე კატეგორიას განეკუთვნება ბინები, რომლებიც შეკეთებას საჭიროებს. მინესაშვილების საცხოვრებელი სახლი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მესამე კატეგორიაში მოხვდა:
[ციური მინესაშვილის ხმა]" ერთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია, სახლის ნახევარი გამოვიდა მგდომარეობიდან და ნახევარი მთლად დამსკდარი, განადგურებულია. ერთი პერიოდი ვიყავით გამოსული ბინიდან, მაგრამ ბავშვებით ვერსად ვერ წავედით. ბინის ნახევარი, თუ შეიძლება შეკეთება ერქვას, ფიცრები შევუყენეთ კედლებს, ბიგები გავუკეთეთ და გავაუქმეთ ნახევარი, ფიცრები გავტიხრეთ და ნახევარში ვცხოვრობთ. საშიშია მთლიანი შენობა, იმიტომ რომ საძირკველი გამოეცალა, საძირკველი გამოცლილია მთლიანად, როგორ არის, გადავარდა ბინა, მეზობლის ჭიშკარსა და ჩემს ჭიშკარს შორის არის კარები ჩაყენებული, კარები არის დიდი, 120 მილიმეტრიანი ჩარჩოთი რკინის და ეს ჩარჩო 45 გრადუსზეა მოხრილი, იმდენად მიაწვა კედელი კარებს. " [სტილი დაცულია]
25 აპრილის მიწისძვრის შედეგად, მინესაშვილების ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა მეზობლად მცხოვრები, სულ ცოტა, ოთხი ოჯახი, რომელთაც "ახალმა მემარჯვენეებმა", ასევე, ორი ათას -ორი ათასი ლარი გადასცეს.
[ციური მინესაშვილის ხმა]" ოთხი ოჯახი ვართ ერთ კედელზე. ეს ოთხი ოჯახი შევაერთებთ ამ რვა ათასს და თუ არ გაგვიყვანენ ბინიდან, ამ ერთ კედელს დავანგრევთ, მაგრამ დანგრევა ისევ გამგეობის დახმარებით უნდა მოხდეს, რადგან კედელი იმდენად საშიშია, რომ მეზობელს ანგრევს, მთელ ბინას ანგრევს, უნდა მოიხსნას სათითაო აგურით ზედა სართულიდან და უნდა ხელახლა ავაშენოთ ამ ოთხმა ოჯახმა". [სტილი დაცულია]
სიტყვამ მოიტანა და დავაკონკრეტებთ, რომ "ახალი მემარჯვენეებისა" და ბიზნესმენთა ჯგუფის ქველმოქმედება თბილისის მერიას საკუთარი დაზარალებული მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს და ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო უნდა გამოიკვეთოს მას შემდეგ, რაც თბილისის ახალი მოწვევის საკრებულო შეუდგება მუშაობას. ამ კონკრეტული სახლის შემთხვევაში, როგორც ხედავთ, ქალაქის სამსახურებს დაზარალებული მოსახლეობა ძალზე მცირეს - კედლის დემონტაჟში დახმარებას - სთხოვს. რაც შეეხება "ახალ მემარჯვენეებს", მიუხედავად იმისა, რომ დახმარების მთხოვნელთა განცხადებები რაოდენობრივად სერიოზულად აჭარბებს ამ საქმისათვის განსაზღვრულ ფინანსებს, მოსახლეობა მათ მაინც ემადლიერება:
[ვოვა მაღლაკელიძის ხმა]" ძნელია ასე თქმა, რომ ეყოფა. - კანეშნა, არავის არ ეყოფა, მაგრამ რაღაცით ხომ დაგეხმარენ, რაღაცით გვერდში ამოგვიდგნენ, ეს საკმარისია, რომ შენ მომავალში რაღაცა გქონდეს იმედი ამ ცხოვრების გაგრძელებისა, თორემ მეტი არაფერი". [სტილი დაცულია]
ვოვა მაღლაკელიძემ 19 ივნისს "ახალი მემარჯვენეები" ოფისში 1500 ლარის ქვითარი მიიღო.
XS
SM
MD
LG