Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასმედიის დაფინანსება სომხეთში


ანდრო ეული, პრაღა პრესის თავისუფლება სომხეთში 12 წელს ითვლის, თუმცა ჟურნალ-გაზეთების გამოცემა კვლავინდებურად სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული,

რაც უდიდეს დაბრკოლებას უქმნის მათს დამოუკიდებლობას. იმისათვის, რათა განაგრძონ საქმიანობა, გაზეთების უდიდესი უმრავლესობა სომხეთში, იძულებულია პოლიტიკურად გარიგებული დახმარება მიიღოს შეძლებული პირებისაგან. ხოლო ამგვარი სპონსორობა რომ მიკერძოებასა და მოვლენების არაობიექტურ გაშუქებასთანაა დაკავშირებული, ეს ყველას კარგად მოეხსენება.


არამ აბრაჰამიანს დამატებით 3,500 დოლარი ესაჭიროება ყოველთვიურად, რათა განაგრძოს საქმიანობა. ეს თანხა, ამბობს ”არავოტის”, ანუ ”დილის” რედაქტორი, დაბეჭდვასა და გამოცემასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფარად ესაჭიროება სომხეთის ერთ-ერთ წამყვან გაზეთს. ეს კი, საკმაოდ სოლიდური თანხაა გაზეთისთვის, რომლის თვიური შემოსავალი ათი ათას დოლარს არ აღემატება. ვისგან იმედოვნებს აბრამიანი დამატებითი თანხის მიღებას? [არამ აბრამიანის ხმა] ”პოლიტიკური, ოფიციალური და საქმიანი წრეებისაგან. საუბედუროდ, ისე არაა დღეს საქმე, რომ მე ერთი რომელიმე წყაროდან შევძლო ყოველთვიურად მთელი ამ თანხის მიღება და წელგამართული ვიცხოვრო. ფულისთვის, მათხოვრობა მიხდება”.

არამ აბრაჰამიანი ამ მხრივ, როდია გამონაკლისი. გაზეთების უმრავლესობა სომხეთში, ვერ ფარავს საკუთარ ხარჯებს; მომგებიანობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. როგორც რედაქტორები აღიარებენ, მათი გაზეთების არსებობა, სპონსორებზეა დამოკიდებული. ხოლო ამგვარი ტაქტიკის შედეგად, როგორც დასავლეთის ერთ-ერთმა, პრესის თავისუფლების სამეთვალყურეო ჯგუფმა შენიშნა ამას წინათ, მთავრობის გავლენიან წევრებსა და შეძლებულ სპონსორებზე დამოკიდებულს ხდის სომხეთში მთლიანად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გაზეთების უმრავლესობა სომხეთში მეტად მცირე ტირაჟით გამოდის. ყველაზე დიდი, 15,000-იანი ტირაჟით გამოდის ერთადერთი გაზეთი ”ირავუნქი”, ანუ ”სამართალი”, რომელიც მცირერიცხოვან ოპოზიციურ პარტიასთანაა დაკავშირებული. მოვლენებს გაზეთი მემარცხენე და რამდენადმე ნაციონალისტური პოზიციიდან აშუქებს. როგორც მისი რედაქტორი ოვანეს გალაიანი ამბობს, გაყიდვაა გაზეთის შემოსავლის ძირითადი წყარო: [ოვანეს გალაიანის ხმა] ”გაყიდვაა ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო. შემდეგ მოდის საგაზეთო რეკლამები. ნორმალური ეკონომიკის პირობებში, პირიქით უნდა ხდებოდეს”.

გალაიანის ნათქვამს იმის შესახებ, რომ მისი გაზეთი ფარავს საკუთარ ხარჯებს ”ზღაპარს” უწოდებს გაზეთ ”ჰაიოც აშხარის” მთავარი რედაქტორი გაგიკ მკრტჩიანი, რომელიც სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ერთგული მოკავშირეა. ”ყველა გაზეთსა ჰყავს სპონსორი. ერთ გაზეთს შეუძლია დაფაროს ხარჯების 30 პროცენტი, მეორეს – 50. თუმცა საუბედუროდ, ინფორმაციის ვერცერთი წყარო ვერ იარსებებს სპონსორის გარეშე”-უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს გაგიკ მკრტჩიანმა. იგი არ მალავს, რომ მის გაზეთს ქოჩარიანის ყველაზე გავლენიანი მოკავშირე, თავდაცვის მინისტრი სერჟ სარქისიანი აფინანსებს. ”ჰაიოც აშხარი” ერთადერთი გაზეთია სომხეთში, რომელთანაც სარქიანია დაკავშირებული.

არამ აბრაჰამიანმა სენსაციური განცხადება გააკეთა 1999 წელს, როცა აღიარა, რომ მის გაზეთს ”არავოტს”, განვლილი ორი წლის მანძილზე სერჟ სარქისიანი აფინანსებდა. აბრაჰამიანმა განაცხადა, რომ ფინანსირება 1997 წელს დაიწყო, როცა სარქისიანი ეროვნული უშიშროების მინისტრი იყო მაშინდელი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის ადმინისტრაციაში, რომელსაც ”არავოტი” ყოველთვის უჭერდა მხარს. ამ ლიბერალურ გაზეთს დღემდე ვერ უპატიებია სარქისიანისა და მისი მოკავშირეებისთვის ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა, 1998 წლის თებერვალში იძულებული გახადეს ტერ-პეტროსიანი – გადამდგარიყო.

მეორე ოპოზიციური გაზეთის ”ჰაიკაკან ჟამანაქის” რედაქტორი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ”საქმიანი წრეები”, მისი გაზეთის გამოცემასთან დაკავშირებული ხარჯების მხოლოდ ოც პროცნტს ფარავენ. ამ გაზეთს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს სომხეთში, მაგრამ მისი ყველდღიური ტირაჟი 3,500-ს არ აღემატება, ვინაიდან დაბეჭდვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. პაშინიანი ამბობს, რომ სპონსოერბი არ ერევიან მის ჟურნალისტურ საქმიანობაში, ვინაიდან მათი ერთადერთი მიზანი - სომხეთში ”ლიბერალური ფასეულოების გავრცელებააო”.

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ჟურნალისთა დაცვის კომიტეტმა მარტში გამოქვეყნა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობა ზღუდავს სომხეთში მას მედიის დამოუკიდებლობას. ”უაღრესად მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ თვითცენზურისკენ უბიძგა სომეხ ჟურნალისტებს, რომლებიც მდიდარი პატრონებისაგან მიღებული ფინანსური დახმარების სანაცვლოდ მიკერძოებულად, არაობიექტურად აშუქებენ ხშირად მოვლენებს”-ვკითხულობთ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის საანგარიშო მოხსენებაში.
XS
SM
MD
LG