Accessibility links

სახელმწიფო აღიარებს, მაგრამ არ იცავს მომხმარებელთა უფლებებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ნებისმიერი ჩვენგანი, მიუხედავად სოციალური, საზოგადოებრივი თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ეკონომიკური გაგებით, მომხმარებელია.

ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ჩვენი, როგორც მომხმარებლის, უფლების დასაცავად ფორმალურად რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, დეკლარაციულად თავად სახელმწიფო იღებს უპირველეს ვალდებულებას იზრუნოს ჩვენს უფლებებზე.

ეკონომიკის სახელმძღვანელოების მიხედვით, მომხმარებელი ეწოდება ყველას, ვინც საქონელს ან მომსახურებას საკუთარი საჭიროებისათვის ყიდულობს.

საერთოდ, სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის, არსებობა ჩვენი, მომხმარებლების, გარეშე შეუძლებელია, რადგან ის ვალდებულებები, რასაც სახელმწიფო უნდა კისრულობდეს მოქალაქეებისა თუ სხვა ქვეყნების მიმართ, სწორედ ჩვენი, ანუ მომხმარებლის, მიერ გაღებული გადასახადების წყალობით ფინანსდება.

მომხმარებელთა ხარჯები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის უდიდეს ნაწილს. სხვადასხვა გათვლებით, მომხმარებლის წილი ამ მაჩვენებელში, დაახლოებით, 70 პროცენტის ტოლია. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის უფლებები.

ფორმალურად ამ უფლებების დაცვა ჩვენი კანონმდებლობით გარანტირებულია. არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელსაც დელეგირებული აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მეთვალყურეობა; არის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, ფუნქციონირებენ დარგობრივი კომისიები და კომიტეტები, შექმნილია ადგილობრივი სტრუქტურებიც, მაგრამ რეალურად ჩვენი, როგორც მომხმარებლის, უფლება, ისევე როგორც ბევრი სხვა უფლება, ხელყოფილია და ყოველდღიურად, ვამჩნევთ თუ არა ამას, ჩვენ თვალწინ ეს ერთ-ერთი უპირატესი უფლება მუდმივად ირღვევა.

სოციალურად დაძაბული ფონი მომხმარებელთა უფლებების დაცვას უკიდურესად აძნელებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენი გაუთვითცნობიერებლობა კანონით მონიჭებულ უფლებებში ამავე კანონის ხელყოფას აადვილებს.

მომხმარებელთა უფლებები, ფაქტობრივად, სტანდარტული გახლავთ ნებისმიერ ქვეყანაში და გულისხმობს უსაფრთხოების, ინფორმაციის მიღების, არჩევანისა და მოსმენის უფლებას.

კონკრეტულად - მომხმარებელი გარანტირებული უნდა იყოს, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქტი თუ მომსახურება უსაფრთხოა.

ინფორმირებულობის უფლების ინტერპრეტაცია შემდეგნაიარია: მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს, სახელდობრ, რას ყიდულობს; იცოდეს გაყიდვის პირობები და ნებისმირი გარანტიები; სავარაუდო რისკი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საქონლის მოხმარებამ.

რაც შეეხება არჩევანის უფლებას, იგი თავისუფალი მეწარმეობის ფუძემდებლური პრინციპია და სახელმწიფო ვალდებულია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით შეზღუდოს არაჯანსაღი კონკურენციის ნებისმიერი მცდელობა.

დაბოლოს, მომხმარებელთა უფლება მოუსმინონ მას - კონკურენციის დასავლური პრინციპის ეს აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც საქართველოში, ფაქტობრივად, იგნორირებულია - გულისხმობს მარტივ ფორმულას: "კლიენტი ყოველთვის მართალია". მომხმარებელთა აზრის შესწავლაზე დასავლეთში სპეციალური ინსტიტუტები მუშაობენ და ნებისმიერ, თავისი თავის პატივისმცემელ, ფირმას აქვს მომხმარებელთა საჩივრებისა თუ წინადადებების ქვესტრუქტურა.

ქართულ რეალობაში მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შექმნილია სურათი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო კანონმდებლობით აღიარებს, მაგრამ, როგორც წესი, არ იცავს ამ უფლებას.
XS
SM
MD
LG