Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის სიძნელეები საქართველოში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გამოვიდა ჟურნალ "საქართველოს ეროვნული ბანკის" ამა წლის პირველი და მეორე ნომრები ერთ გამოცემად. ჟურნალში დაბეჭდილია მურთაზ კიკორიას სტატია,

სათაურით "ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოში". გაგაცნობთ ამ სტატიის ზოგიერთ ფრაგმენტს.

სტატიაში ნათქვამია, რომ "ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ფორმალური რეკომენდაციები, რომლის მიხედვით, საფინანსო სისტემებში კრიმინალური წარმოშობის სახსრების ბრუნვა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ წყობას და კანონის უზენაესობას. ეს იყო პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ფულის გათეთრების პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია".

შემდგომ ევროსაბჭომ და ევროკავშირმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული არაერთი დოკუმენტი შეიმუშავეს, საბაზო დოკუმენტად კი მიჩნეულია ევროსაბჭოს მიერ 1990 წელს მიღებული სტრასბურგის კონვენცია "დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გათეთრების, გამოვლენის, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ".

საინტერესოა, რომ "2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები უდიდეს ყურადღებას უთმობენ ფულის გათეთრების პრობლემას, რომელსაც უკვე ანტიტერორისტულ ღონისძიებებთან ერთობლიობაში განიხილავენ". ავტორის თქმით, "საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ამ საკითხებისთვის პრიორიტეტის მინიჭება იმ ფაქტიდანაც ჩანს, რომ საქართველოში სტრუქტურული გარდაქმნების 2002 წლის დაფინანსების მიღების პირობად საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ წლის ბოლომდე ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღება ჩაიდო".

ჯერჯერობით კი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ "მოქმედი კანონმდებლობა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ქმედებას განიხილავს ე.წ. "ერთიანი დანაშაულის" მიდგომით, როგორც ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლშია განსაზღვრული". ავტორი წერს, რომ "აღნიშნული მუხლის ფორმულირება სიცხადეს მოკლებულია, ხოლო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი - რამდენადმე გაურკვეველი. კერძოდ, დაზუსტებას საჭიროებს ასეთი დანაშაულის ჩადენის გარემოებები. აგრეთვე, განმარტება სჭირდება ტერმინს "უკანონო შემოსავლები". ავტორის აზრით, აღნიშნული უზუსტობების გამოა, რომ სასამართლო გარჩევებში 194-ე მუხლი დღემდე გამოუყენებელია.
"ექსპერტების რეკომენდაციით, საჭიროა ფულის გათეთრების დანაშაულთან დაკავშირებული ამ მუხლის განვრცობა". სტატიაში ნათქვამია, რომ "სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის ფორმულირება იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ ცნებამ სრულად მოიცვას "დანაშაულის ჩადენიდან მიღებული სარგებელი". გარდა ამისა, სტატიაში ვკითხულობთ: "ფულის გათეთრებისადმი, როგორც დანაშაულებრივი ქმედებისადმი, დამოკიდებულება ნათლად უნდა გაირკვეს და საერთაშორისო დოკუმენტებს - სტრასბურგის კონვენციასა და ფულის გათეთრების შესახებ ევროპის კავშირის დირექტივას უნდა დაეყრდნოს".

ავტორი სხვა შენიშვნებსაც გამოთქვამს, კერძოდ, მიიჩნევს, რომ "უნდა გადაისინჯოს დანაშაულის ჩადენის აზრობრივი ელემენტი: არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, განზრახ ქმედების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით რაიმე მითითება არ არსებობს. 194-ე მუხლი არ უზრუნველყოფს ისეთ იურიდიულ ფორმულირებას, როგორიცაა დანაშაულის "შეგნებულად არდანახვა". სტატიის მიხედვით, "საჭიროა, რომ აღნიშნულმა მუხლმა მკაფიოდ განსაზღვროს ფულის გათეთრების აზრობრივი ელემენტი".

ჟურნალ "ბანკში" გამოქვეყნებული სტატია გვამცნობს, რომ "ექსპერტთა შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლი არაქმედითია". ავტორის აზრით, "ვითარება არ შეიცვლება, ვიდრე საქართველოს ეკონომიკური საქმიანობა უპირატესად ნაღდ ფულზე იქნება დამოკიდებული, როდესაც კანონიერ და უკანონო შემოსავლებს შორის განსხვავება არ არსებობს".
XS
SM
MD
LG