Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება პიტერ შოუს გასათავისუფლებლად


ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გატაცებიდან მესამე დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავიანთი შეშფოთება გამოთქვეს.

საქართველოს ხელისუფლება პასუხის გაცემას მხოლოდ წუხილის გამომხატველი წერილებით ახერხებს და თავის მართლებას ცდილობს. ეს კარგად ჩანს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებში.

„აგრობიზნესბანკის" თანადირექტორის, ევროკავშირის „ტასისის" პროექტის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის პიტერ შოუს გატაცებისთანავე გამოითქვა აზრი, რომ მომხდარი დანაშაული პიტერ შოუს მოღვაწეობის შედეგია. ევროკავშირის „საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელობისას შოუმ მრავალმხრივი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ამ პროგრამიდან მიღებული კრედიტების დაუბრუნებლობის გამო 4 მსხვილი ბანკი გაკოტრდა. პიტერ შოუ ბოლო დრომდე ცდილობდა ბანკებიდან მიუღებელი თანხების ამოღებას, რაც, არაა გამორიცხული, კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენელთა გაღიზიანების მიზეზი გამხდარიყო. 20 ივნისს კი საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ შოუს გატაცების მიზეზად სხვა ვერსიაც დაასახელა.

[ჯორბენაძის ხმა] „ბევრი რამ გაურკვეველია, სხვათა შორის, დაკავშირებული, ჩემი ინფორმაციით, რაც მე მაქვს, იმ გარიგებებთან, რომელიც საქართველოში უცხოელებსა და ქართველებს შორის არაწესიერი საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამის დამტკიცება, ალბათ, არავის შეუძლია. შესაბამისად, კვლევა -ძიება წარმოებს. თუ ერთხელ მაინც ეცოდინება საზოგადოებას და სრულყოფილ პასუხს მივიღებთ ამაზე, ნორმალური ვითარება შეიქმნება." [სტილი დაცულია]

შედარებით ნეიტრალური განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა შევარდნაძემ. 20 ივნისს ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ როგორი რეაქცია მოჰყვა დასავლეთისგან პიტერ შოუს გატაცებას, შევარდნაძემ უპასუხა:

[შევარდნაძის ხმა] „არა, ნუ, საზღვარგარეთ, როგორ გითხრათ ახლა... მე წერილი გავუგზავნე ევროკავშირის პრეზიდენტს ბატონ პროდის, ჩემი განცდების გამოხატვით ამასთან დაკავშირებით. ასეთ დროს, საერთოდ, ცდილობენ გაგებით შეხვდნენ ასეთ მოვლენებს, თუმცა ძალიან სამარცხვინო და ცუდი მოვლენაა." [სტილი დაცულია]

ამ სამარცხვინო ფაქტის გამოსწორება საქართველოს პრეზიდენტმა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს მოსთხოვა. იმავეს ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან საერთაშორისო საზოგადოებრიობაც.
20 ივნისს ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარმა ქრისტოფერ პატენმა საქართველოს ხელისუფლებას ოპერატიული მოქმედებისაკენ მოუწოდა. პატენის განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ იმედი გვაქს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს გადაუდებელ და მკაცრ ზომებს პიტერ შოუს გამტაცებლების წინააღმდეგ და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო გათავისუფლებას. ეს არ არის პირველი ამ სახის ინციდენტი ბოლო თვეების განმავლობაში და შეშფოთების საფუძველს იძლევა საქართველოს რეპუტაციის გამო. ამ წუთებში მე ბატონ შოუსა და მის ოჯახზე ვფიქრობ."

ევროკომისარმა მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყონ იმ უცხოელთა უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში მუშაობენ. პიტერ შოუს გატაცება მიანიშნებს იმაზე, რომ დაუცველობის დონე საქართველოში იზრდება. 2001 წლის დეკემბერში ევროკომისიის წარმომადგენლობის თანამშრომელი ბატონი გიუნტერ ბოიხელი მოკლეს. ეს დანაშაული ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ძველის რა მოგახსენოთ, მაგრამ პიტერ შოუს გატაცების გამო სამართალდამცავი ორგანოები აქტიურ საგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებენ. 20 ივნისს იპოვეს გატაცებაში მონაწილე მესამე ავტომობილიც. აღებულია თითის ანაბეჭდები და მოპოვებულია რამდენიმე სხვა ნივთმტკიცებაც. თუმცა ჯერჯერობით არაა გამოკვეთილი დამნაშავეთა ვინაობა და ადგილმდებარეობა. პოლიცია ვარაუდობს, რომ გატაცებული პანკისის ხეობაში არ იმყოფება. პანკისის ხეობის შესასვლელებთან შინაგანი ჯარების გაძლიერებული პატრულირება მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის ხასიათიდან გამომდინარე, პიტერ შოუ ცოცხალია, მისივე თქმით, შექმნილია დამნაშავეთა ფოტორობოტები, განსაზღვრულია ეჭვმიტანილთა ჯგუფიც და ახლა მისი გადამოწმება მიმდინარეობს. ნარჩემაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ, მიღებული ზომების შედეგად, დამნაშავეებს ზუსტად გამოავლენენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პიტერ შოუს შესახებ ფასეული ინფორმაციის მიმწოდებლისთვის ფულადი ჯილდოც დააწესა.
XS
SM
MD
LG