Accessibility links

logo-print

ჰამიდ კარზაი – ავღანეთის ახალი პრეზიდენტი


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს 19 ივნისს ჰამიდ კარზაიმ, ავღანეთის ახალმა პრეზიდენტმა მომავალი ორი წლის განმავლობაში, ერთგულების ფიცი დადო.

რამდენიმე წუთით ადრე კი ლოია ჯირგამ მისი ახალი კაბინეტის შემედგელობა მოიწონა.

კარზაი შეეცადა ისეთი კაბინეტის შედგენას, რომელიც შეამცირებს ქვეყანაში ეთნიკურ დაძაბულობას და ხელს შეუწყობს სამხედრო მეთაურების ძალის შესუსტებას.

ქაბულის ძველ სამეფო სასახლეში ჟურნალიტებთან საუბარში კარზაიმ თქვა: “იმედია აღარ მომიწევს კიდევ ერთი კაბინეტის შექმნაო.”

კარზაის ყველაზე ძნელი ამოცანა იყო ბალანსის პოვნა, ისე რომ კაბინეტმა დააკმაყოფილოს სამხედრო და ეთნიკური ჯგუფების ძლევამოსილი ლიდერები და, ამავე დროს, შეამციროს მათ შორის დაძაბულობა. აუცილებელი იყო ტაჯიკების შესუსტება, რომლებიც დროებით კაბინეტში თავდაცვის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ბატონობდნენ.

პუშტუნები, ავღანეთის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი დაჟინებით მოითხოვდნენ თავისთვის უფრო ფართო წარმომადგენლობას მთავრობაში.

კარზაიმ სანახევრო ზომების გზა აირჩია: თავდაცვის მინისტრად დატოვა მარშალ მუჰამად ყასიმ ფაქიმი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო გადასცა პუშტუნ ტაჯ მუჰამად ვარდაკს. ეს უკანასკნელი, ბევრის თვალში, ფაქიმის გამაწონაწორებელ ფაქტორად არ გამოიყურება.

აბდულა აბდულა, კიდევ ერთი გავლენიანი ტაჯიკი, დარჩება საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო იუნუს ყანუნი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი განათლების უწყებას ჩაუდგება სათავეში.

კარზაი აშკარად ცდილობს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას, ზოგიერთი სამხედრო მეთაურის მათი ბაზიდან დედაქალაქში გამოტყუების მეშვეობით. ამ მიზნით მან მათი რიცხვიდან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი დანიშნა.

ამ გეგმას მხოლოდ ნაწილობრივი წარმატება ხვდა წილად. ორმა, ყველაზე ძლევამოსილმა რეგიონულმა სამხედრო მეთაურმა – უზბეკმა აბდულ რაშიდ დოსტუმმა ჩრდილოეთიდან და ჰერატელმა ისმაელ ხანმა დასავლეთიდან, უარი თქვეს ვიცე-პრეზიდენტობაზე, თუ მათ ამისთვის რეგიონული ინტერესების დათმობა მოუხდებათ.

კარზაიმ თქვა, რომ თუ დაიწყება ძალადობა, ის მოითხოვს, რომ გაეროს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები, რომლებიც ამჟამად მხოლოდ ქაბულში პატრულირებენ, სხვა ქალაქებშიც გაიგზავნოს.

ავღანეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენმა განაცხადა, აგრეთვე, რომ მისი აზრით, ალ ყაიდა და თალიბანი და მათი მომხრეები ამჟამად სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამავე დროს მან თქვა, რომ ავღანეთში ჯერჯერობით უნდა დარჩეს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების 12 ათაზე მეტი ჯარისკაცი, ალ ყაიდის მებრძოლებზე ნადირობის ბოლომდე მისაყვანად.

“პირდაპირ უნდა ითქვას, ისმნი ბოროტმოქმედები არიან. მათ მოკლეს ხალხი ავღანეთში, მოკლეს ამერიკაში. საჭიროა მათი მოძებნა და სამსჯავროს წინაშე წაყენება. საზოგადოება უნდა განთავისუფლდეს მათი საფრთხისგანო”.

ამასთან კარზაიმ მოითხოვს თალიბანის იმ 600 ჯარიკაცის განთავისუფლებასა და ამნისტიას, რომლებიც ჩრდილოეთში ჰყავთ დაკავებული. “საჭიროა ნათლად გავარჩიოთ თალიბანი და ტერორისტები. რიგითი თალიბი სახლში უნდა დაბრუნდესო”.

ლოია ჯირგამ, რომელიც 9 დღის განმავლობაში მუშაობდა, ვერ გადაჭრა პარლამენტის შემადგენლობისა და მისი უფლებამოსილების საკითხი.
კარზაის თქმით, ის მხარს უჭერს ისეთ პარლამენტს, რომელიც არა მხოლოდ საკონსულტაციო ორგანო იქნება, არამედ მიიღებს და ამოქმედებს კანონებს და აგრეთვე დაამტკიცებს ბიუჯეტს.
XS
SM
MD
LG