Accessibility links

დაბა წყნეთის პრობლემები


უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დაბა წყნეთში სააგარაკე მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაცემის გამალებული კამპანიის შედეგად დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩენილი მოსახლეობა ბოლო

დროს საკუთარი უფლებების დასაცავად ენერგიულად იბრძვის.რძოლის ყველაზე აპრობირებული ფორმა საპროტესტო აქციები და გზის გადაკეტვაა, რაც, ეტყობა, უახლოეს ხანში უფრო კონკრეტული მეთოდებით გამრავალფეროვნდება: წყნეთელები უკანონოდ შემოღობილ სააგარაკე მიწის ნაკვეთებს თვითნებურად დაიკავებენ, არა ძალადობის წახალისების, არამედ მიწის ინკოგნიტო მფლობელების გამომჟღავნების მიზნით.

დაბა წყნეთის გამგებლის მოადგილის რეზო არეშიძის თქმით, უამრავი ფაქტის დასახელება შეიძლება, როცა გლეხი, 100 კვადრატულ მეტრზე ლობიოს უკანონოდ დათესვის გამო, გარდაბნის სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ თვეობით ატარა სასამართლოებში. იგივე სატყეო დეპარტამენტი, სამწუხაროდ, ასეთ სამაგალითო პრინციპულობას წყნეთის მიწების სააგარაკე ნაკვეთებად დარიგებისას აღარ იჩენდა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ის სურათი, რომელიც დღეისათვის წყნეთში არსებობს და რომლის განზოგადებაც თავისუფლად შეიძლება ქვემოთ მოხმობილი რეპლიკით:
[ნანული ქაჩიბაიას ხმა] “მე მაინტერესებს, ვისია ის ფართობი, სადაც ხუთი ჭიშკარია გაკეთებული, სადაც მთავრობა ადის და ჩამოდის ყოველდღე, იმიტომ რომ, ფაქტიურად, იქ არიან ხოლმე, წყნეთში. თქვენ, როგორც ამვლელს და ჩამვლელს, ხომ დაგაინტერესებდათ, რა არის ეს შემოფარგლული, მარტო ჭიშკრები და შიგნით არაფერი არ არის? რაშია საქმე? - შენდება უკვე? და ვისია ტერიტორია? საოცარია. იცით, რა არის... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.”[სტილი დაცულია]
ქალბატონი, რომელსაც, წყნეთის ჯადოსნურ წრეში ტრიალის სამწლიანი გამოცდილების მიუხედავად, მაინც უკვირს, ვინ მფარველობს ამ ზღვარგადასულ უკანონობას, არასამთავრობო ორგანიზაცია “ვაკის გონივრული განვითარების საზოგადოების” თავმჯდომარე ნანული ქაჩიბაიაა. სწორედ მისგან მიიღეს წყნეთელებმა ამ საგულდაგულოდ შემორაგვული ნაკვეთების დალაშქვრის რჩევა მას შემდეგ, რაც დაუჯერებელი რეალობა გამჟღავნდა, რაც გაირკვა, რომ ისეთი ორგანოებისათვის, როგორიცაა: წყნეთის გამგეობა, სატყეო დეპარტამენტი, მიწის მოწყობის სამმართველო და სხვ., არც მიწის გამცემისა და არც მისი მფლობელის ვინაობა ცნობილი არ არის.

წყნეთის გამგეობის მიწათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარის ომარ დალაქიშვილის არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ფართი, ხუთი ჭიშკრით, ერთ-ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელზე გაიცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნულმა საზოგადოებამ თავის გენერალურ დირექტორად თბილისის სატყეო დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი და სკანდალური თავმჯდომარე შოთა მეფარიძე დანიშნა. შოთა მეფარიძის სახელი აქტიურად ფიგურირებს წყნეთის გამგეობის მიწათსარგებლობის კომისიის მიერ მოძიებულ მასალებში - 1996 წლიდან მიწის მიღება-ჩაბარების აქტებში, რომელთა 70 პროცენტი ყალბია და რომლებზეც სწორედ ზემოხსენებული შოთა მეფარიძე აწერს ხელს. ამ აქტებშია აღნიშნული უშუალოდ მისი ოჯახის წევრებზე გაცემული ნაკვეთებიც.
[ომარ დალაქიშვილის ხმა] “გაიცა ეს მიწის ნაკვეთი. ეხლა წარმოიდგინეთ - ციფრია საინტერესო - 1020 კვადრატული მეტრი.ასეთი ციფრი პირველად დავაფიქსირეთ ჩვენ წყნეთის სინამდვილეში. ერთი ნაკვეთი გაცემულია შოთა მეფარიძეზე, მეორე ნაკვეთი - შოთა მეფარიძის მეუღლეზე, ქალბატონ ლილი თელიაზე. გაცემულია მიწის ნაკვეთი წყნეთის სატყეოს მეხუთე კვარტალში –1000 კვადრატული მეტრი; ხელს აწერს მისი მეუღლე შოთა მეფარიძე.”
ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და მასში, რაღა თქმა უნდა, აღმოჩნდებიან: შოთა მეფარიძის შვილი, ნათესავები და სხვანი და სხვანი. 13 ივნისს გაიმართება სასამართლო პროცესი: წყნეთის გამგეობა შოთა მეფარიძეს იმ 1380 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გამო უჩივის, რომელსაც ის იჩემებს და რომელზეც, ერთი დანგრეული აუზის გარდა, არაფერია. აუზი ვახსენეთ და, ერთი საჩივარი ზღვაში – გნებავთ, აუზში - წვეთია, იმასთან შედარებით, რაც წყნეთში უკანასკნელი წლების განმავლობაში კეთდება, რა თქმა უნდა, არამხოლოდ შოთა მეფარიძის ხელით.
XS
SM
MD
LG