Accessibility links

logo-print

ჯაბა იოსელიანს ქვეყნის გარეთ არ უშვებენ


ჯაბა იოსელიანს და მის თანამოაზრეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს მხედრიონელების დევნას. "დევნა ახალი ფორმით ხორციელდებაო,"

- აღნიშნავენ ისინი და ამ ახალი ფორმის საილუსტრაციოდ ჯაბა იოსელიანის ქვეყნიდან გასვლის შეფერხებას ასახელებენ. პირს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ქვეყნის სათავესთან იდგა, საზღვარგარეთ არ უშვებენ. ჯაბა იოსელიანი ვერ წავიდა საფრანგეთში, სადაც “პენ-კლუბის” მიერ იყო მიწვეული.

“ლიტერატურამ საზღვრები არ იცის,” – ასეთია მწერალთა საერთაშორისო გაერთიანება “პენ-კლუბის” დევიზი. “პენ-კლუბის” წევრია ჯაბა იოსელიანიც, თუმცა მას, როგორც მწერალს, საქართველოს საზღვრის გადალახვა უჭირს. ჯაბა იოსელიანს საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება არა აქვს. ის მიწვეული იყო საფრანგეთში სწორედ მწერალთა საერთაშორისო გაერთიანება “პენ-კლუბის” მიერ. საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მასთან შეხვედრები უნდა გამართულიყო, მაგრამ ჯაბა იოსელიანს საფრანგეთში გამგზავრებაზე უარი უთხრეს. როცა უარის მიზეზი იკითხა, აუხსნეს, რომ მასპინძელმა მხარემ მისი დაპატიჟება გადაიფიქრა, მაგრამ, საეჭოა, ეს ასე მომხდარიყო, რადგან, “პენ-კლუბის” ცენტრში ჯაბა იოსელიანის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, მისი წარსულიც იციან. საკუთარი ბიოგრაფია იქ თავად ჯაბა იოსელიანმა გაგზავნა. საფრანგეთის კანონმდებლობით, ამ ქვეყნის საელჩოს სრული უფლება აქვს არ დაასახელოს ამა თუ იმ პირის ქვეყანაში შეუშვებლობის მოტივი. ჩვენ მივმართეთ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და მივიღეთ პასუხი: რადგან ჯაბა იოსელიანს უარი ეთქვა საფრანგეთში გამგზავრებაზე, ესე იგი, მიზეზიც არსებობდაო.

თავად ჯაბა იოსელიანი მიზეზს საქართველოს ხელისუფლებაში ხედავს. ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მის დისკრედიტაციას ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე ცდილობს და ახერხებს კიდეც. მართლაც, ფაქტი თვალსაჩინოა: პირი, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი იყო, ქვეყნიდან ვერ გადის. სულ ბოლოს ის განსაკუთრებით მძიმე ბრალდებით გაასამართლეს, მოგვიანებით შეიწყალეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, შეკითხვა - იყო თუ არა ჯაბა იოსელიანი სამშობლოს მოღალატე – უპასუხოდ დარჩა და მწერალს, ხელოვნებათმცოდნეს, პროფესორს და ვახტან გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანს ვერ უკონკრეტებენ, რატომ არ უშვებენ საზღვარგარეთ. რამდენიმე თვის წინ მას სერიოზული პრობლემა შეექმნა მოსკოვის აეროპორტშიც. საკუთარი წიგნების თარგმანების პრეზენტაციაზე მიწვეული ჯაბა იოსელიანი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს და უკან, თბილისში დაბრუნება მოსთხოვეს.

[ჯაბა იოსელიანის ხმა] “საელჩომ მომცა ვიზა 20 –ში. ჩავფრინდი მოსკოვში და აეროპორტში დამაკავეს. მომთხოვეს უკან წამოვსულიყავი. მაგრამ ეშმაკს ხომ ვერ შევახტებოდი ზურგზე. ჩვენი თვითმფრინავი უკვე წამოსული იყო. ამიხსნეს, ბრძანებაა ასეთი და ქალაქში ვერ შეგიშვებთო. დავუკავშირდი წერეთელს, პრიმაკოვს და მერე, ვაი-ვაგლახით, შემიშვეს. მანამდე 8 საათი მაყურყუტეს.”

ჯაბა იოსელიანის მოსკოვში შეშვება საქმეში გავლენიანი პირების ჩარევით მოხერხდა. რაც შეეხება “პენ კლუბის” მიწვევას და საფრანგეთში მის გაუშვებლობას, ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯაბა იოსელიანმა პრესკონფერენციის ჩატარება გადაწყვიტა და საკუთარ შტაბში, ჟურნალისტებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებიც მიიწვია. პრესკონფერენციაზე მხოლოდ ჟურნალისტები მივიდნენ.

[ჯაბა იოსელიანის ხმა] “აბა, სხვანაირად როგორ უნდა ვიფიქრო მე. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს არალეგალურად პერსონა ნონ გრატად გამომაცხადოს. წლების მანძილზე მებრძოდა, ცდილობდა ჩემ დისკრედიტაციას, რაც, ნაწილობრივ, მოახერხა კიდეც. ახლა საერთაშორისო დონეზე ცდილობს და, აგე, ვერ წავედი. ასეთი რამე ყოველთვის კი არ ხდება. ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება მოხდეს. ვინ მიგიწვევს ასე საფრანგეთში. საფრანგეთი კი არა, აგერ, მოსკოვში არ მიშვებდნენ. თვითონ მიმიწვიეს, ძალით კი არ მივდიოდი.”

ლიტერატურამ საზღვრები არ იცის. მწერალ ჯაბა იოსელიანისთვის კი ისევ მკაცრი საზღვრებია დაწესებული, ახალ უკვე - თავისუფლებაში.

[ჯაბა იოსელიანის ხმა] “რატომ, რის გულისათვის? ზუგდიდში ღომის ქვაბების მოპარვა რომ დაგვაბრალეს? სისხლი დავღვარეთ, თავი დავდეთ და მაინც ეს ნაძირლები გვჯობნიან. ლაურეატი ვარ მე “პენ-კლუბის”.

ჯაბა იოსელიანი ფიქრობს, რომ მისი საფრანგეთში გაუშვებლობა გაგრძელებაა პოლიტიკისა, რომელიც მხედრიონელების მიმართ ხორციელდებოდა და იუსტიციის სამინისტროს მიერ “მხედრიონის” რეგისტრაციის გარეშე დატოვებით დაგვირგვინდა.
XS
SM
MD
LG