Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასათიანი-გოგიჩაიშვილის პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 20 ივნისს, თბილისის საოლქო სასამართლოში გაიმართა პროცესი, რომელიც, დაახლოებით, ერთი წლის წინათ დაიწყო:

კულტურის ყოფილი მინისტრი ვალერი ასათიანი ტელეკომპანია რუსთავი-2-ისა და გადაცემა 60 წუთის წინააღმდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 60 წუთმა მთელი გადაცემა მიუძღვნა იმას, თითქოს ვალერი ასათიანმა რიტუალური მკვლელობა ჩაიდინა და ორი ადამიანი მოკლა. ასათიანმა სამოქალაქო სარჩელი შეიტანა სასამართლოში და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის 10 მილიონი დოლარი მოითხოვა, რასაც გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფის მოთხოვნაც ერთვოდა. პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. 20 ივნისს კი მოსამართლე მადი ჩანტლაძეს განჩინება უნდა გამოეტანა.

სასამართლო პროცესზე პირველად ვრცელი სიტყვით გამოვიდა ვალერი ასათიანის ადვოკატი დავით ჯანდიერი. ის ცდილობდა დაემტკიცებინა ასათიანის მოთხოვნათა კანონიერება და საფუძვლიანობა და, ამავე დროს, გაებათილებინა მოპასუხე მხარის მიერ შეგებებული სარჩელის არგუმენტები. როგორც ცნობილია, 60 წუთის ხელმძღვანელმა აკაკი გოგიჩაიშვილმა, ასევე, 10 მილიონი მოითხოვა ვალერი ასათიანისაგან, მისი, გოგიჩაიშვილის, მიმართ თითქოსდა შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების გამო. პროცესში ჩაერთო ირაკლი კერესელიძე, რომელსაც 1995 წელს 2 პიროვნების მკვლელობისათვის 20 წელიწადი აქვს მისჯილი და რომლის მონაყოლსაც დაეფუძნა 60 წუთის ხსენებული გადაცემა. დავით ჯანდიერის სიტყვის შემდეგ სასამართლომ სთხოვა ირაკლი კერესელიძეს, პასუხი გაეცა ადვოკატის მიერ წამოყენებული სამი ძირითადი პრეტენზიისათვის. ესენია: ვალერი ასათიანის დადანაშაულება მკვლელობაში, კრედიტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ქრთამის აღებაში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან ურთიერთობაში.

ირაკლი კერესელიძემ ამ საკითხთა განმარტებას, დაახლოებით, საათნახევარი მოანდომა. მოსამართლე მადი ჩანტლაძე მას ხშირად აწყვეტინებდა სიტყვას და მოითხოვდა, რომ მსჯავრდებულს არსებითად, საქმეზე ელაპარაკა. ირაკლი კერესელიძეს, მართლაც, ხშირად გაურბოდა სიტყვა, ასე რომ, მოსამართლე იძულებული გახდა, ხშირად ემეორებინა მისთვის კონკრეტული კითხვები მათზე პასუხების მოთხოვნითურთ. რა თქმა უნდა, სასამართლოზე კერესელიძის მონათხრობისა თუ მსჯელობის დამაჯერებლობა მთლიანად სასამართლოს განსასჯელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ის არ იყო დამარწმუნებელი, უწინარესად, მტკიცებათა ნაკლებობის გამო. კერესელიძე, ძირითადად, თავის ჩვენებებს ეყრდნობოდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ კერესელიძის საქმის შესწავლამ შარშან აჩვენა: ის უაღრესად არაკვალიფიციურად იყო გამოძიებული. ცხადია, ეს დასკვნა არაფერს ამბობს ვალერი ასათიანის ბრალეულობის სასარგებლოდ, რისი ეჭვიც საზოგადოებაში აღძრა რუსთავი-2-ის გადაცემამ. შარშანდელი 1 აპრილის 60 წუთში საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი დამარწმუნებელი მტკიცებულება ასათიანის საზარალოდ. იყო მხოლოდ განცხადებები, მინიშნებები და ვარაუდები, რომლებიც შემდეგ არაფრით დადასტურდა.

რუსთავი-2-ისა და აკაკი გოგიჩაიშვილის ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა საპასუხო სიტყვა იმის მტკიცებით დაიწყო, რომ ვალერი ასათიანის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი ირაკლი კერესელიძეა და არა აკაკი გოგიჩაიშვილი; ჟურნალისტის მიზანი არ შეიძლება იყოს პიროვნების დანაშაულის დადასტურება, მას შეუძლია თქვას, რომ არ ამტკიცებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. კახა ასლანიშვილი ცდილობდა, ემტკიცებინა, რომ მის კლიენტს არ შეეძლო შეელახა ვალერი ასათიანის ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

პროცესის მიწურულს სიტყვა ითხოვა აკაკი გოგიჩაიშვილმა და განაცხადა, რომ ახლაც ზუსტად იმავე ფორმით გააკეთებდა გადაცემას, როგორც შარშან პირველ აპრილს გააკეთა. ამის შემდეგ 5 წუთიანი შესვენება გამოცხადდა, სხდომის განახლებისას კი გაირკვა, რომ სამუშაო დრო ამოიწურა. ბადრაგმა განაცხადა, რომ 7 საათამდე ირაკლი კერესელიძე ციხეში უნდა შეეყვანა. სასამართლოს დრო არ დარჩა მხარეთა მცირე რეპლიკების მოსასმენად და შემდეგ გადაწყვეტილების გამოსატანად აუცილებელი მოთათბირებისათვის. მადი ჩანტლაძემ, პროცესუალური ნორმების სრული დაცვით, სხდომა 3 ივლისამდე გადადო. ნათელი გახდა, რომ კერესელიძის გადახვევები და გაწელილი პასუხები - ასევე, შესაძლოა, ადვოკატ კახა ასლანიშვილის ხშირპაუზებიანი მეტყველება - სწორედ დროის გაყვანასა და პროცესის გაჭიანურებას ისახავდა მიზნად.
XS
SM
MD
LG