Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიის შესახებ კანონპროექტს სულ უფრო მეტი წინააღმდეგობა ხვდება


სოზარ სუბელიანი, თბილისი 24 მაისს რადიო “თავისუფლებამ” ერთხელ უკვე ისაუბრა “სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ” კანონპროექტზე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა.

პროექტის გამოქვეყნების შემდეგ მის წინააღმდეგ მძაფრად გაილაშქრეს პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ, საქართველოს საპატრიარქომ და საქართველოს ეკლესიიდან განკვეთილმა მღვდელმა ბასილ მკალავიშვილმა, რომელმაც პროექტის ერთი ეგზემპლარი საჯაროდ დაწვა, მის ავტორებს კი მარადიული სასჯელით დაემუქრა. 20 ივნისს პროექტის ორი განხილვა მოეწყო: პირველი - თავისუფლების ინსტიტუტში, მეორე კი - სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თედო ისაკაძესთან, რომელმაც შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ კანონი წაკითხულიც კი არ ჰქონდა.

სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წარმოადგინა საპატრიარქოს იურისტმა გიორგი ანდრიაძემ, რომელიც გაოცებული დარჩა იმით, რომ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები კანონის მეტ ლიბერალიზაციას ითხოვენ. თავად საპატრიარქოს პოზიცია ასეთია: რელიგიური მიმდინარეობები უნდა დაიყოს სამ ძირითად ჯგუფად, რომელთაგან მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული პრივილეგიები უნდა მიენიჭოს, ტრადიციულ ეკლესიებს – უფრო ნაკლები, ხოლო შედარებით ახალ მიმდინარეობებს კანონმა მესამე – არაპრივილეგირებულ ჯგუფში – უნდა მიუჩინოს ადგილი. ამასთან, საპატრიარქო მხარს უჭერს აგრესიული და არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის აკრძალვას, რაც, თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის ლევან რამიშვილის თქმით, სხვა არაფერია, თუ არა ქადაგების აკრძალვა: [ლევან რამიშვილის ხმა] “თუკი პოლიტიკური პარტიისთვის დასაშვებია, რომ თავისი ბუკლეტები გაავრცელოს, ანდა, ვთქვათ, თუკი ჰერბალაიფის წარმომადგენელი ქუჩაში ოდნავ მსუქან ადამიანს შეხვდება და გახდომის საშუალებას შესთავაზებს და ეს დასაშვებია, რატომ ვუწესებთ ასეთ მკაცრ სახელმწიფო კონტროლს მაინცდამაინც რელიგიურ გაერთიანებებს? და, საერთოდ, ვისი რა საქმეა, თუკი ერთი ადამიანი მეორე რწმენაში გადავა, დაზარალებული აქ ვინ არის? თუკი თავად ეს პიროვნება ამაში რაიმე პრობლემას არ ხედავს, რატომ უნდა ერეოდეს ამაში სახელმწიფო?”[სტილი დაცულია]

ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლის ნუგზარ პაპუაშვილის აზრით, სახელმწიფო რომ ზედმეტს იღებს თავის თავზე, კანონის შემდეგი მოთხოვნიდანაც ჩანს: [ნუგზარ პაპუაშვილის ხმა] “როდესაც ლაპარაკია ბავშვთა რელიგიურ აღზრდაზე, უფრო სწორად, ორგანიზაციაში ჩართვაზე, მოგეხსენებათ, ქრისტიანული ეკლესიების უმრავლესობა, მათ შორის, პროტესტანტების დიდი ნაწილიც კი, ბავშვებს ნათლავს და ცხადდებიან ისინი ეკლესიის წევრებად”.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის ნონა გოგსაძის თქმით, თავდაპირველად სამინისტრო აპირებდა, პროექტის წერის დროს ევროპული - კერძოდ, ესპანეთის - გამოცდილება გაეთვალისწინებინა, რადგან, მისივე თქმით, ესპანეთში რელიგიის საკითხი ყველაზე დემოკრატიული ფორმით არის დარეგულირებული. მოგვიანებით სამინისტრომ ისევ რუსეთის გამოცდილება არჩია მაგალითად, არჩევანის საფუძველი კი სწორედ ერთმორწმუნეობა იყო.

თავისუფლების ინსტიტუტის წევრის გიგა ბოკერიას თქმით, სახელმწიფო ამ პროექტით ცდილობს, რელიგიურ უმცირესობათა შეზღუდვის ის პრაქტიკა დააკანონოს, რაც დღევანდელი საქართველოს სინამდვილეს წარმოადგენს. თავისი მოქმედებით ბოკერიას ვარაუდს ადასტურებს იუსტიციის სამინისტროც, რომელმაც, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიგი წერეთლის თქმით, კანონპროექტი პარლამენტის მხოლოდ ერთ წევრს – გურამ შარაძეს - გაუგზავნა გასაცნობად.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოს-პრეზიდენტის მალხაზ სონღულაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა სულაც არ არის ის, რომ საქართველოში რელიგიის შესახებ კანონი არ არსებობს: [მალხაზ სონღულაშვილის ხმა] “ჩვენ, რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები, და პირადად მეც, ვფიქრობთ, რომ ის, რაც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება, არის არა კანონი, არამედ კანონიერება. სწორედ კანონიერების არარსებობის გამო ხდება ყველაფერი ის, რითაც ჩვენ ყველანი შეშფოთებულები და შეწუხებულები ვართ”.

“ამ კანონის მიღების დროს ქრისტე რომ საქართველოში ყოფილიყო, მას აუცილებლად მოუწევდა საქართველოს ციხეებში ორი წლის გატარება,” – ამ ერთი ფრაზით გამოხატა კანონის სულისკვეთება ლიტერატორმა მაკა კანდელაკმა, რომელიც “თავისუფლების ინსტიტუტში” მოწყობილ განხილვას ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG