Accessibility links

სიკვლით დასჯა კვლავ ყურადღების ცენტრშია ამერიკაში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა სიკვდილით დასჯა ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში შეერთებულ შტატებში. ხუთშაბათს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება,

რომ გონებრივად ჩამორჩენილი პატიმრების სიკვდილით დასჯა არ შეიძლება. გარდა ამისა, მოსამართლეები აპირებენ არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ სიკვდილით დასჯის შესახებფედერალური კანონი, ვინაიდან იმ პატიმრების რიცხვი,რომლებსაც სიკვდილი მიესაჯა და შემდეგ გაამართლეს, საკმაოდ დიდია.

შეერთებული შტატები იხილავს ისეთ კანონპროექტს, რომელიც გააძნელებს სიკვდილის მისჯას. კანონპროექტით, უსახსრო ბრალდებულსაც უნდა მიეცეს გამოცდილი დამცველები, რომლებიც შეძლებენ ისეთ საქმეში გარკვევას, რომელშიც სიკვდილით დასჯა არის მოსალოდნელი და მოითხოვენ საჭიროების შემთხვევაში დეზოქსირიბონუკლეინ მჟავის ტესტების ჩატარებას. კანონპროექტი “უდანანშაულოს დაცვის აქტის” სახელით არის ცნობილი.

როგორც აღვნიშნეთ, უზენაესი სასამართლოს აზრით, გობნებრივად ჩამორჩენილი პატიმრის სიკვდილით დასჯა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელიც კრძალავს, კანონის სიტყვით, ულმობელ სასჯელს. ეს გადაწყვეტილება ეხება ოც შტატს, სადაც დაშვებულია იმ პატიმრების სიკვდილით დასჯა რომელთა გონებრივი კოეფიციენტი – ე.წ. IQ – 70-ზე დაბალია. ნორმალურად ითვლება 100.

25 აპრილს კი ფედერალურმა მოსამართლემ ნიუ იორკში თქვა, რომ მან შეიძლება სიკვდილით დასჯის ფედერალური კანონი, რომელიც ეხება მხოლოდ ფედერალურ დონეზე ჩადენილ ბოროტმოქმედებას, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს. მისი თქმით, ეს შეამცირებს უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით დასჯის რისკს.

მოსამართლემ მოიყვანა რამდენიმე შემთხვევა, როცა DNA-ს ტესტებმა აჩვენა, რომ დანაშაულის ადგილზე დატოვებული ბიოლოგიური მასალა, რომელიც ფაქტობრივად ნამდვილი ბოროტმოქმედისა უნდა ყოფილიყო, არ ეკუთვნოდა ბრალდებულს.

სიკვდილით დასჯა ყოველთვის მტკივნეული საკითხია შეერთებულ შტატებში. 1972 წელს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ის, განაცხადა რა, რომ კონსტიტუცია კრძალავს ულმობელი სასჯელის გამოყენებას. მაგრამ 4 წლის შემდეგ იმავე უზენაესმა სასამართლომ აღადგინა სიკვდილით დასჯა გარკვეული სახის დანაშაულისთვის. ამჟამად ფედერალური და 38 შტატის კანონმდებლობა ითვალისწინებს მას. მას მერე შეერთებულ შტატებში თითქმის 800 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით:

ამასთან, სიკვდილით დასჯის საინფორმაციო ცენტრის თანახმად, 101 ადამიანი, რომელთაც სიკვდილით დასჯა ელოდა, გამართლებულ იქნა. ეს ცენტრი მკვლევრებისთვის და საინფორმაციო სააგენტოებისთვის ამერიკაში სიკვდილით დასჯის შესახებ მონაცემებს აგროვებს.

ორი წლის წინ ილინოისის შტატის გუბერნატორმა ჯორჯ რაიანმა მორატორიუმი გამოაცხადა სიკვდილით დასჯაზე, ვინაიდან ამ შტატიდან 13 სიკვდილმისჯილი გაამართლეს. რაიანი პრინციპში მხარს უჭერს სიკვდილით დასჯას, მაგრამ თვლის, რომ სანამ ყოველი საქმე ბოლომდე არ იქნება შესწავლილი, ამ განაჩენის გამოტანა არ შეიძლება. ამ მაგალითს კიდევ ერთმა, მერილენდის შტატმა მიბაძა.

“უდანაშაულოს დაცვის აქტს” სიკვდილით დასჯის მომხრეებიც მიესალმებიან. მათი სიტყვით, სასჯელის უმაღლესი ზომა, რაგინდ ლეგიტიმური არ უნდა იყოს, კარგავს აზრს, თუ უდანაშაულო ადამიანს დასჯიან სიკვდილით.

სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ მისი საბოლოოდ გაუქმებამდე შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა კუთხეში, “უდანაშაულოს დაცვის აქტი”, შეამცირებს მაინც სასჯელის უმაღლესი ზომის მოქმედების სფეროს.

მაგრამ ზოგი ასე არ ფიქრობს. ამ უკანასკნელთა აზრით, ამან შეიძლება შეასუსტოს უფრო მნიშვნელოვანი მიზნის – სიკვდილით დასჯის საერთოდ გაუქმების – მცდელობები.

როგორც აღნიშნავს პოლ როზენცვაიგი – ექსპერტი ჰერიტიჯის ფონდიდან, თუმცა “უდანაშაულოს დაცვის აქტი” დადებით ნაბიჯად გამოიყურება, ის გამოაცლის სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეებს მათ მთავარ არგუმენტს, რომ სიკვდილით შეიძლება ხშირად უდანაშაულო დაისაჯოს და ამას უკვე ვეღარაფერი ეშველება.
XS
SM
MD
LG