Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მემარჯვენეები პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში


ახალ მემარჯვენეებს, როგორც პოლიტიკურ ძალას, უცნაური როლი აქვს ქართულ პოლიტიკურ ინტერიერში. ეს პარტია, თავისი ლიდერებიანად, ხან პროცესების ავანგარდში ექცევა, ხან კი თითქმის უფუნქციოდ რჩება.

ახალმა მემარჯვენეებმა თავისი სტაბილური ადგილი პოლიტიკურ სპექტრში ჯერჯერობით ვერ გამოკვეთეს. ამის მიზეზად, უპირველეს ყოვლისა, მიჩნეულია მათი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ყოფილი მმართველი პარტიის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტის მიმართ.

ახალი მემარჯვენეების ლიდერებს - დავით გამყრელიძეს და ლევან გაჩეჩილაძეს - არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი" სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად დაიშალა. შესაძლოა, ასეთი შეფასება გადაჭარბებულია, ის კი უეჭველია, რომ მოქალაქეთა კავშირს და მის საპარლამენტო ლიდერს - ზურაბ ჟვანიას - ყველაზე მწვავედ და თანმიმდევრულად სწორედ "ახლები" აკრიტიკებდნენ. სადავო არც ის ფაქტია, რომ საპარლამენტო თანამდებობების ხელახალი გადანაწილება სწორედ ახალმა მემარჯვენეებმა მოითხოვეს, ამ მიმართულებით ბევრი იშრომეს და, ბოლოს, შედეგსაც მიაღწეს.

საიდუმლოდ არც ის ფაქტი დარჩენილა, რომ გამყრელიძე და გაჩეჩილაძე კარგად თანამშრომლობდნენ სახელმწიფო მინისტრთან - ავთანდილ ჯორბენაძესთან. ახალ, არაოფიციალურ საპარლამენტო უმრავლესობაში ლიდერი პოლიტიკური ძალის ფუნქციას სწორედ ახალი მემარჯვენეები ასრულებდნენ.

თბილისის საკრებულოს შემადგენლობაშიც, იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი და შალვა ნათელაშვილი საერთო ენას ვერ გამოძებნიდნენ, ახალი მემარჯვენეების ფრაქცია ხდებოდა ის "მესამე ძალა", რომლის გარეშეც ვერც ლეიბორისტები და ვერც ნაციონალები უმრავლესობას ვერ შექმნიდნენ. ამიტომ, თუკი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ნათელაშვილიც დათმობდა და სააკაშვილიც, ეს პოსტი, შესაბამის ბერკეტებთან ერთად, ლევან გაჩეჩილაძეს დარჩებოდა.

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ახალ მემარჯვენეებს ჰქონდათ პერსპექტივა, რომ შეესრულებინათ წამყვანი პოლიტიკური ძალის ფუნქცია როგორც პარლამენტში, ისე თბილისის საკრებულოში. დღეს კი პოლიტიკური პროცესი "ახლებისთვის" არასასურველი მიმართულებით შეიცვალა.

ყველაფერი გადაწყვიტა პრეზიდენტის სურვილმა, გააცოცხლოს მოქალაქეთა კავშირი. თუკი ავთანდილ ჯორბენაძე პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, "ახლები" დაკარგავენ ამჟამინდელ პოლიტიკურ ნიშას. მათთვის მეტისმეტად არახელსაყრელი იქნება სახელისუფლო პარტიასა და მის თავმჯდომარესთან სტრატეგიული თანამშრომლობა. თავის მხრივ, ხელისუფლებაც, "ახლების" ნაცვლად, ამიერიდან მოქალაქეთა კავშირს გააძლიერებს. თუკი ედუარდ შევარდნაძე საყრდენ პოლიტიკურ ძალად ახალ მემარჯვენეებს შეარჩევდა, მას უარი უნდა ეთქვა მოქალაქეთა კავშირის რეანიმაციაზე; - რაც არ მოხდა. სააკაშვილისა და ნათელაშვილის შეთანხმების შემდეგ "ახლებმა" წამყვანი როლი დაკარგეს თბილისის საკრებულოშიც. დღევანდელი მდგომარეობით, ახალი მემარჯვენეების პარტიას თავიდან აქვს მოსაძებნი საკუთარი ფუნქცია როგორც პარლამენტში, ისე საკრებულოში და, ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრში.
XS
SM
MD
LG