Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრაზიის ბუნებრივი აირის ალიანსი


ანდრო ეული, პრაღა მოსკოვმა ეგრედ წოდებული ”ევრაზიის ბუნებრივი გაზის ალიანსის” იდეა წამოაყენა, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ესენგეს ინტეგრაციის მიზანს ემსახურება.

ოთხშაბათს, ეკონომიკურ ფორუმზე სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა მხარი დაუჭირა ამგვარი ალიანსის შექმნის იდეას, რომელსაც გასულ მარტს მიეცა დასაბამი ესენგეს სამიტზე, ალმა-ატაში.

კასიანოვმა თქვა, რომ ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც რუსეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი ალმა-ატაში, ”მწვანე შუქს აძლევს ევრაზიის გაზის ალიანსის დაარსებას, რაც თავის მხრივ, ენერგორესურსების ბაზრის სტაბილურობისა და განმტკიცების გარანტი იქნებაო”.

ხსენებული ალიანსის იდეა, როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისაგან მომდინარეობს, რომელსაც იანვარში დაებადა ეს აზრი პირველად, როცა მოსკოვს თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურად ნიაზოვი ეწვია. პუტინმა მაშინ განაცხადა: ”ვფიქრობ ამგვარი ალიანსის დაარსება შესაძლებელს გახდის ეფექტური კონტროლი გავუწიოთ ბუნებრივი აირის ექსპორტს შუა აზიის რეგიონიდან, ერთიანი ბალანსირება მოვახდინოთ ბუნებირივი აირის წარმოებასა და მოხმარებას შორის, აგრეთვე ერთობლივი მიმართულებით უზრუნველვყოთ ამ ბუნებრივი საწვავის ექსპორტი”-ციტატის დასასრული.

ხოლო ამგვარი ფორმულირება უფრო რუსეთისთვის იქნება მომგებიანი, ვიდრე შუა აზიის რესპუბლიკებისთვის, ვინაიდან რუსეთის ტერიტორიის გავლით ხდება ისედაც, შუა აზიიდან წამოსული გაზის ექსპორტი. გარდა ამისა, თავად რუსეთი ხომ გაზის უდიდესი მწარმოებელია მთელს მსოფლიოში. მაისში პუტინმა შეთანხმება დადო ყაზახეთთან, რომლის ძალითაც ყაზახეთის გაზისთვის პირველად გახდება ხელმისაწვდომი ევროპის ბაზარი. ამგვარი გარიგების შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აქტიური მომხრე გახდა ევრაზიის ალიანსისა, თუმცა საეჭვოა, ასეთივე შეთანხმებები დადოს რუსეთმა შუა აზიის დანარჩენ რესპუბლიკებთან, განსაკუთრებით თურქმენეთთან.

მაისში დადებული შეთანხმება ახალი ერთობლივი კომპანიის, ”კაზროსგაზის” დაარსებას ითვალისწინებს, რომელშიც ყაზახეთის ”კაზმუნაიგაზი”, რუსეთის ”გაზპრომი” და ნავთობის კომპანია ”როსნეფტი” გაერთიანდება. როგორც შეთანხმებაშია ნათქვამი, ახალი კომპანია ერთობლივად განახორციელებს ყაზახეთისა და რუსეთის გაზის ტრანზიტს.

გაურკვეველია, როგორ მოხდება უზბეკეთიდან და თურქმენეთიდან გაზის ექსპორტი ევროპაში, მაშინ როცა მილსადენების სისტემა შეზღუდულია, ხოლო რუსეთი, პირველ რიგში, საკუთარი გაზის ექსპორტითაა დაინტერესებული.

ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ”ევრაზიის ბუნებრივი გაზის ალიანსის” იდეა, მოსკოვის ინტერესებს მოემსახურება უწინარესად, და არა შუა აზიის რესპუბლიკებისას.
XS
SM
MD
LG