Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სამხედრო მრეწველობას საძირკველი


გერმანიის ქალაქ კილში ცენტრალური ბიურო და ქარხანა აქვს სააქციო საზოგადოებას,

რომელსაც გერმანულად “ჰოვალდსვერკე დოიჩე ვერფტ აგ კილი” ჰქვია. შემოკლებით “ჰადევეს” უწოდებენ და ქვემოთ ჩვენც ასევე მოვიხსენიებთ. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ეს ქარხანა მიაჩნია “გერმანიის სამხედრო-ტექნიკური კომპეტენციის გამორჩეულ ნაწილად”, რომელსაც მსოფლიო სახელი აქვს და წამყვანია წყალქვეშა ნავების მშენებლობის საქმეში.
გავარდა ხმა, რომ გერმანიის სამხედრო მრეწველობის ამ დიდებასა და სახელს გაყიდვას უპირებენ. განგაში გაყიდვის საშიშროების გაჩენისთანავე ატყდა გერმანიის პარლამენტსა და მთავრობაში. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ არის საფრთხე, გერმანიის თავდაცვის მრეწველობას საძირკველი გამოეცალოს.
კილშივე, ბალტიის ზღვის ამ სანავსადგურო ქალაქშია დაფუძნებული კონცერნი “ბაბკოკ ბორზიჰი”, რომლის ნაწილია “ჰადევე”. ამჟამად მათ, ორივეს, განაგებს კლაუს ლედერერი, რომლის მოქნილობითა და, ასევე, მენეჯერული გამჭრიახობით მოხერხდა გემთმშენებელი ქარხნის აქციათა გაყიდვა-განაწილება ისე, რომ გერმანია, მართლაც, მშრალზე რჩება.
როგორც გერმანიაში ფიქრობენ, საშიშროება გერმანიისა და ევროპული სამხედრო მრეწველობისათვის იმაში მდგომარეობს, რომ ევროპელი სამხედროები იძულებულები გახდებიან ტექნიკა შეერთებული შტატების კონცერნებისგან იყიდონ მათ მიერვე დაწესებულ ფასად. ამასთან, გერმანიის პოლიტიკოსებს არ ექნებათ არავითარი გავლენა იმაზე, თუ სად იქნება გატანილი გერმანიაში დამზადებული სამხედრო ტექნიკა. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრები შიშობენ, რომ გაძნელდება ევროპული საგარეო პოლიტიკის გატარება.
“ჰადევეს,” ამ მხრივ, მთავარი როლი აკისრია, რადგან იქ დამზადებული წყალქვეშა ნავები მოწინავეა მსოფლიოში. ერთი ნიმუში მის მიერ წარმოებული პროდუქციისა: წყალქვეშა ნავ
“უ 31”-ს ორ-სამჯერ მეტხანს შეუძლია იყოს წყლის ქვეშ, ვიდრე სხვაგან დამზადებულ ნავებს. ამასთან, ის თითქმის უხმაუროდ გადაადგილდება და მოწინააღმდეგისთვის შეუძლებელია მისი ადგილსამყოფელის დადგენა. არაერთი ქვეყანა, მათ შორის, ტაივანიც, დაინტერესებულია ნავის შეძენით. გერმანიის მთავრობა კი ტაივანისთვის ამ წყალქვეშა ნავის მიყიდვისგან თავს იკავებს. მისგან განსხვავებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შეპირებულია, რომ ტაივანს ჩვეულებრივ, არაბირთვულ წყალქვეშა ნავს მიჰყიდის. მაგრამ საქმე ის არის, რომ შეერთებული შტატების გემთმშენებელი ქარხნები მხოლოდ ბირთვულ წყალქვეშა ნავებს ამზადებენ. ასე რომ, მოსალოდნელია, შეერთებულმა შტატებმა ტაივანს სწორედ “ჰადევეს” მიერ წარმოებული წყალქვეშა ნავი მიჰყიდოს.
როცა ლედერერს სურვილი გაუჩნდა გაეყიდა “ჰადევეს” აქციები, მან გერმანიის კანცლერს კითხვით მიმართა: ხომ არაფერი ექნება მთავრობას ამ ქარხნის გაყიდვის საწინააღმდეგოო. ლედერერის პარტნიორი იყო “უან ეკვიტი პარტნერს”, საფინანსო ფირმა. გერჰარდ შრიოდერი გაწყრა, მან სასწრაფოდ დაურეკა “ტისენკრუპის” ხელმძღვანელ ეკეჰარდ შულცს და შესთავაზა: “ჰადევეს” ხომ არ შეისყიდიო. კანცლერს ერჩივნა მთელი ეს სფერო გერმანელთა ხელში და გერმანიაში დარჩენილიყო. შულცმა სასწრაფოდ გაუგზავნა თავისი წინადადება ლედერერს, მაგრამ ლედერერმა უარით უპასუხა: ამერიკელებმა უკეთესი ფასი შემომთავაზესო. გაჩნდა ეჭვი, რომ “უან ეკვიტი” ქარხნის აქციებს შეერთებული შტატების სამხედრო კონცერნების დავალებით ყიდულობდა და ამ აქციებს შემგომ, სულ მალე, მათვე გადააბარებდა. “უან ეკვიტი პარტნერსი” ეკუთვნის “ბენკ უანს”, რომლის თანამფლობელია ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო საზოგადოება “ჰენრი კრაუნ ენდ კო”, რომელსაც წილი სამხედრო-მრეწველობის კონცერნში “ჯენერალ დაინამიკში” აქვს. ლედერერის მიერ აქციები ისე გაიყიდა, რომ მათი ნაწილი გერმანიაში დარჩა. თვით ლედერერის თქმით, 2012 წლამდე ქარხანა ვერ გაიყიდებოდა გერმანიის გარეთ.
თითქოს ყველა დამშვიდდა, მაგრამ გასულ კვირას, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მეშვეობით, გაირკვა ერთი საინტერესო დეტალი, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს თავდაცვის მინისტრის სახელმწიფო მდივანი შულტე: გარდა აღნიშნული ფირმისა, “უან ეკვიტი პარტენრისა”, რომელსაც “ჰადევეს” აქციების 50 პროცენტი გადაეცემა, აქციების 15-15 პროცენტის მფლობელები გახდებიან გერმანული “ტისენკრუპი” და “ფერორშტალი”. და კიდევ ერთი: შეერთებული შტატების სამხედრო მანქანათმშენებლობის ფირმა “ნორთროპ გრამმენს,” სურთ, ხელში ჩაუგდონ “ჰადევეს” 20 პროცენტი. ამ ფირმასთან ლედერერი, უბრალოდ, თანამშრომლობას აპირებდა მხოლოდ. სინამდვილეში კი, როგორც გაირკვა, მას განზრახული ჰქონია “ბაბკოკის,” ანუ მისი მთავარი ფირმის, კუთვნილი 25 პროცენტი და, დამატებით, ერთი აქცია გადასცეს ამერიკულ კონცერნს. ექსპერტების თანახმად, ეს იმას ნიშნავს, რომ “ჰადევე” დე ფაქტო ამერიკელ კონკურენტს ჩაბარდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG