Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიტერ შოუს ტყვეობა გრძელდება, თუმცა ქართველი სამართალდამცავები მის გასათავისუფლებლად მუშაობენ


ბრიტანელი პიტერ შოუ საქართველოში მძევლად რჩება, თუმცა ეს ქვეყანა მას ორიოდე დღის წინ უნდა დაეტოვებინა.

სამართალდამცავები ყველა ღონეს ხმარობენ ბოროტმოქმედთა ხელში ჩავარდნილი ამ მორიგი უცხოელი მსხვერპლის გასათავისუფლებლად, თუმცა ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, როდის მოხერხდება პიტერ შოუს ტყვეობიდან გამოხსნა. ბრიტანელი ბიზნესმენის მძევლობამ კიდევ უფრო შელახა საქართველოს ისედაც შელახული საერთაშორისო ავტორიტეტი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთიდან ნეგატიურ გამოხმაურებებს იღებს.


ქართველი სამართალდამცავები პიტერ შოუს სხვადასხვა მიმართულებით ეძებენ.
თბილისში კვლავ გრძელდება რეიდები. გადაკეტილია დედაქალაქიდან გასასვლელი გზები. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია პანკისის მიმართულებაზე. მოწმდება პანკისის ხეობისკენ მიმავალი ყველა ავტომანქანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ თბილისში ნაპოვნი საეჭვო ავტომანქანა სწორედ ის ავტომანქანაა, რომლითაც ბრიტანელი ბიზნესმენის გატაცება მოხდა. დასტურდება ისიც, რომ ამ ავტომანქანის ნომრები ახმეტის რაონშია გაცემული. საქმეში ჩართულია ექსპერტიზა, მუშაობენ კინოლოგები. შოუს გატაცების საქმე უკვე გადაიბარა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. დანაშაულის გახსნაზე ქართველ კრიმინალისტებთან ერთად ბრიტანელი კრიმინალისტებიც იმუშავებენ, ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ბრიტანელი კრიმინალისტები თბილისში უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვიდნენ. საქართველოს უშიშროების სამინისტრომ პიტერ შოუს ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 15000 ლარი დააწესა.
სამინისტროში გახსნილია ცხელი სატელეფონო ხაზი. ინფორმაციის მიმწოდებელს ანონიმურობის სრულ გარანტიებს ჰპირდებიან. ჯერჯერობით სულ ეს არის, რაც საქართველოში ადამიანის გატაცების უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში სისტემატურად რეკავენ დასავლელი ჟურნალისტები. ამ მხრივ, განსაკუთრებით “გარდიანის” თანამშრომლები აქტიურობენ. სამწუხაროა, მაგრამ ისინი ახალ, დამაიმედებელ ინფორმაციას ვერ იღებენ. ბრიტანელი ბიზნესმენის გატაცებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს საქართველოს პარლამენტში. გამოითქვა წინადადებები, რომ ამ დანაშაულის გახსნას ხელი პარლამენტმაც შეუწყოს. მაგრამ პარლამენტარების და სხვების - მათ შორის, სამართალდამცავების - შეშფოთებას არ შეუძლია შეცვალოს წარმოდგენა, რომელიც საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე დაიმკვიდრა. კრიმინალური ქვეყნის იმიჯი გავლენას ახდენს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე. პიტერ შოუს გატაცების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების ნეგატიურ გამოხმაურებებს იღებს. “სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ოფიციალურ თბილისს შესანიშნავად ესმის ამგვარი დანაშაულის შედეგები ქვეყნისთვის, ამიტომ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ამგვარი ფაქტების აღსაკვეთად,”- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი და ეს, ვინ იცის, უკვე მერამდენედ ხდება. საქართველოში ვერ მოხერხდა ესპანელი ბიზნესმენებისა და არაბი ბიზნესმენის გამტაცებლების გამოვლენა. გაუხსნელია ევროკომისიის მისიის თანამშრომლის მკვლელობაც, რომელიც თბილისში გასულ დეკემბერს მოხდა. საქართველოში პიტერ შოუც ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში მუშაობდა. ევროკავშირიდან მის სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვენ. 26 ივნისისთვის კი ბრიუსელში საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მესამე სხდომაა დაგეგმილი. ბრიუსელში გასამართ შეხვედრაზე ჩვენი ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებდა.
XS
SM
MD
LG