Accessibility links

logo-print

რეფორმა თბილისის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში


რაც დრო გადის, უფრო ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალთა ჩარევის გარეშე დროისა და ფინანსების კარგვაა.

ამ სფეროში დროის კარგვა კი უხარისხო სამედიცინო მომსახურების ეპოქის გახანგრძლივებას ნიშნავს, რაც ემუქრება ყველას _ როგორც დღევანდელი, ისე პოტენციური პაციენტების - ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ის, რაც დღეს ხდება თბილისში ბავშვთა ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მართლაც, ჰგავს რეფორმას.

ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო “რესპუბლიკა”, რომელიც თბილისში, დიღმის რაიონში, მდებარეობს, არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე დაწესებულებას შორის, რომელსაც ყოველთვის ყველაზე ხშირად მიმართავდნენ პატარა პაციენტები ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან. უკვე მეორე წელია, რაც ეს დაწესებულება სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა, მოვიდა ახალი გენერალური დირექტორი და დაიწყო ცვლილებების ხანა.

მანამდე კი იყო პერიოდი, როცა აქ არც შუქი იყო, არც წყალი და მთელ საავამდყოფოში მხოლოდ ერთი ტელეფონის ხაზი მოქმედებდა.

უმთავრესი პროექტი, რომელიც დღეს საავადმყოფოში ხორციელდება, თანამედროვე ტიპის სასწრაფო დახმარების მიმღების შექმნაა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის ამაღლებას, რომლის უმთავრესი ასპექტი ავადმყოფის მიღების პროცესის ხანგრძლივობის შემცირებაა.

ირაკლი სასანია ყოფილი ნევროლოგია, რომელმაც ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად მოსვლამდე, ისრაელის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, იერუსალიმის უნივერსიტეტთან არსებულ ბრაუნის ჯანდაცვის სკოლაში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მართვის დარგში და კვალიფიკაცია აიმაღლა შეერთებული შტატების, ისრაელისა და შვედეთის სამედიცინო დაწესებულებებში. თავის დროზე, ნევროლოგიის ინსტიტუტში მუშაობისას, ირაკლი სასანია მიხვდა, რომ, გარდა კვალიფიციური ექიმებისა, ჯანდაცვის სფეროს გარდასაქმნელად კვალიფიციური სამედიცინო მენეჯერებიც არიან საჭირო და დღეს, როგორც ჩანს, უკვე პრაქტიკაში საკუთარ თავსაც უმტკიცებს ამას. რას ეყრდნობა კლინიკის დირექტორი რეფორმის პროცესში:

[ირაკლი სასანიას ხმა]
“აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ რაღაცნაირად სამედიცინო მომსახურება უნდა გამხდარიყო პაციენტზე ორიენტირებული. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ეს, მართლაც, ასეა _ ანუ პაციენტი უნდა იყოს მთლიანად ყურადღების ცენტრში და, სამედიცინო მომსახურება უნდა აეწყოს ისე, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული პაციენტის ყველა საჭიროება”.

მეორე სტრატეგიული მიმართულება კლინიკის განვითარებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებაა, რის გამოც გამოც უმთავრეს პრობლემად რჩება უწყვეტი სამედიცინო განათლება. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი საავადმყოფოში ექიმებისათვის მოეწყო ინტერნეტ-დარბაზი, მოწვეულები არიან ინგლისურისა და ინტერნეტის სპეციალისტები, შეძენილია უამრავი ნაბეჭდი თუ ელექტრონული წიგნი. იმისათვის, რომ ექიმები მეტად დაინტერესდნენ განვითარებულ ქვეყნებში არსებული სტანდარტების გაცნობით და თვალი მიადევნონ თანამედროვე მედიცინის მიღწევებს, საავადმყოფოში დანერგილია წახალისების სისტემაც.

[ირაკლის სასანიას ხმა]
“ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც მე ავირჩიე, ეს არის მოტივაციური მართვის პრინციპი და მოტივაცია სერიოზული აქვთ ექიმებს: ის ექიმები, რომლებიც უფრო აქტიურნი იქნებიან, უფრო მეტად მოტივირებულნი, უფრო მეტად გამოავლენენ თავს ამა თუ იმ აქტივობაში, რომელიც ქულებით ფასდება და აბსოლუტურად გამჭვირვალე სისტემაა, მათ ექნებათ უკეთესი პირობები – ან პრემიის, ან ბონუსის სახით, ან ხელშეკრულების უფრო ხანგრძლივად დადების სახით და ა.შ.. ამდენად, ისინი ძალიან მოტივირებულნი არიან.”

ინფორმაციის მისაწვდომობის და ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფას უმნიშვნელოვანესად თვლის ექიმი-რეანიმატოლოგი თამარ მიჩიტაშვილი, რომელიც უკვე 12 წელია ბავშვთა ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს და ახსოვს ის დროც, როცა სამსახურში ფეხით დადიოდა და უწყლობისა და უშუქობის პირობებში უხდებოდა მუშაობა. ჩემთან საუბრისას მან აღნიშნა:

[თამარ მიჩიტაშვილის ხმა]
“თუ ჰქონდა ბავშვს საქართველოში გადარჩენის შანსი, ეს შანსი აუცილებლად განხორციელდებოდა ჩვენთან. მე ასე ვთვლიდი. მაგრამ ახლა ეს შანსები გაიზარდა, რა თქმა უნდა”.

რეანიმატოლოგის აზრით, პაციენტის გადარჩენის შანსს, ექიმის კვალიფიციურობის გარდა, თანამედროვე ტექნიკა საგრძნობლად ზრდის. ამის მაგალითად მან სუნთქვის თანამედროვე აპარატი მოიყვანა.

[თამარ მიჩიტაშვილის ხმა]
“მედიცინა არ არის მარტო ექიმი, ანუ იქ ბევრი რაღაცა გვერდით უნდა გქონდეს, რომ სიცოცხლე გადაარჩინო და ეს მართვითი სუნთქვის აპარატები არის ერთ-ერთი ასეთი საშუალება. ამდენად, “ევიტა დურა” გვაქვს მართვითი სუნთქვის აპარატი, რომელიც იძლევა, მრავალი რეჟიმი აქვს მას, ვარირების საშუალებას და ძალიან მოხერხებულია პაციენტისთვისაც”.[სტილი დაცულია]სტილი დაცუ

საავადმყოფოში, მითუმეტეს, ქირურგიულ განყოფილებაში ყოფნა არც ერთი ასაკის პაციენტს არ უხარია, მითუმეტეს, ბავშვს. ხუთი წლის ნიკას ბებიამ კი ასე შეაფასა მომსახურება:

[პაციენტის ბებიის ხმა]
“გუშინ მოვიყვანეთ. ბრმა ნაწლავის შეტევა იყო, როგორც მითხრეს. გაუკეთეს პირველად მიმღებში ანალიზები და ორი-სამი საათის მერე პირდაპირ აიყვანეს და გაუკეთეს ოპერაცია. ჩატარდა ძალიან კარგად, ნახევარ საათში, და ყველაფერი კარგად არის, რა ვიცი, დღეს, აგერ, ბავშვმა ჭამა კიდევაც. ნემსებს უკეთებენ დროზე და ყველაფერი... ჯერ არაფერი არ გადამიხდია იმიტომ, რომ დაზღვეულია ბავშვი, პოლისი გვაქვს. როგორც გვითხრეს, არ ვიცი, რამდენად მართალია, რომ პოლისი თუ გაქვთო, არის უფასოო”.

პირველი გადაუდებელი დახმარება საავადმყოფოში უფასოა. აგრეთვე, უფასოა ნულიდან 3 წლამდე პაციენტების მკურნალობა. მენეჯმენტი აწარმოებს მოლაპარაკებას სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიასთან იმისათვის, რომ უფასო იყოს ნულიდან 15 წლამდე ასაკის პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ამბულატორიული ვიზიტების საფასურს მომავალშიც პაციენტები გადაიხდიან.
XS
SM
MD
LG