Accessibility links

logo-print

ასრულებს თუ არა ანტიკორუფციული საბჭო პოლიტიკურ დაკვეთებს


რადიო თავისუფლების 15 ივნისის გადაცემაში საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ გესაუბრეთ.

ანტიკორუფციულმა საბჭომ დარღვევების გამოსწორებისა და დამნაშავე პირების დასჯის რეკომენდაციაც გასცა, რაც რამდენიმე პარლამენტარმა პოლიტიკურ შეკვეთად მონათლა. ასეთი რეაქცია არ მოჰყოლია არც ერთი სახელმწიფო მოხელის გათავისუფლებას ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციით. ასრულებს თუ არა ანტიკორუფციული საბჭო პოლიტიკურ დაკვეთებს?

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა საბჭომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, რომელშიც სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პოლიციის გენერალ-მაიორ ვასილ დავითაიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ურჩევს.

ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, დავითაია მილიონერად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 800 ათას ამერიკულ დოლარად მას შეფასებული აქვს სოხუმსა და გულრიფშის რაიონში დატოვებული უძრავი ქონება. აფხაზეთიდან დევნილ სახელმწიფო მოხელეს დამცველად აფხაზეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი პარლამენტარი ჯემალ გამახარია გამოუჩნდა. გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დავითაიას ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემაც შეაწია ერთი-ორი სიტყვა და ანტიკორუფციული საბჭოს წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიაც წამოიწყო. ჯემალ გამახარიას განცხადებით:

[გამახარიას ხმა] „ანტიკორუფციულ საბჭოში არიან გივი თარგამაძის მსგავსი პიროვნებები, რომლებიც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების დაკვეთებს ასრულებენ. ეს არის ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფი, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ ხელში ჩაიგდოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. იქ მარტო დავითაიას წინააღმდეგ არაა ბრძოლა, ბრძოლა არის ჩხაიძის წინააღმდეგ და ყველა იმ თანამშრომლის წინააღმდეგ, ვინც კახა თარგამაძის მიერ არის დანიშნული. კახა თარგამაძის დამცველი მე არ ვიყავი არასოდეს და არც დღეს ვარ, მაგრამ ამ პრინციპით ხომ არ შეიძლება დავერიოთ პროფესიონალებს და გავაძევოთ სამსახურიდან.“

გამახარიამ პროფესიონალიზმი ახსენა, თუმცა კონტროლის პალატის მიერ დავითაიას უწყების შემოწმების შედეგები, რომელთა შესახებ, ძირითადად,15ივნისის გადაცემაში გესაუბრეთ, საწინააღმდეგოზე მეტყველებს. გამოცდილი ბანკირის საქმიანობაში აღმოჩენილია ელემენტარული დარღვევები. კერძოდ, არ წარმოებს სპეცსახსრების მიღების აღრიცხვა საპასპორტო-სავიზო, მოსახლეობის რეგისტრაციის მთავარი სამმართველოსა და საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს რაიონული განყოფილებების მიხედვით; არასრულყოფილია შედარების აქტები სამინისტროსა და „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“ შორის ურთიერთანგარისშწორების შესახებ; სერიოზული ნაკლოვანებებია იარაღის რეგისტრაციის საქმეში და ასე შემდეგ.

ხოლო რაც შეეხება კახა თარგამაძის გადმონაშთთან ჟვანია-სააკაშვილის ბრძოლას, უნდა აღინიშნოს, რომ მათი ხელი ამ საქმეში ნაკლებად ურევია. ანტიკორუფციული საბჭო თავს იკავებს პოლიტიკოსთა განცხადებების კომენტირებისაგან, მიუხედავად იმისა, რომ მას პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას აბრალებენ. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გივი თარგამაძეს, რომლის პერსონა კარგა ხანია ჟვანია-სააკაშვილის გუნდთან ასოცირდება, ვასილ დავითაიას საქმეზე არ უმუშავია და ანტიკორუფციული საბჭოს მასალები მირიან გოგიაშვილის თავმჯდომარეობის დროსაა მომზადებული, მისივე აქტიური მონაწილეობით. გოგიაშვილის ჟვანია-სააკაშვილთან ალიანსს კი ორივე ძალის დაუძინებელი მტერიც ვერ დაიჯერებს.

უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო საქმიანობა კონტროლის პალატამ მაშინ შეისწავლა და ანტიკორუფციული საბჭოც ამ პროცესში იმ დროს ჩაება, როდესაც კახა თარგამაძე ჯერ კიდევ მყარად იჯდა მინისტრის სავარძელში. მიუხედავად ამისა, ჯემალ გამახარიას მიაჩნია, რომ ანტიკორუფციულ საბჭოს დავითაიას საქმიანობის შესწავლის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.

[გამახარიას ხმა] „იქ საუბარი იყო თითქოს კონტროლის პალატის რაღაც გადაწყვეტილებებზე. მე საქმის კურსში გახლავართ ამასთან დაკავშირებით და კონტროლის პალატის შენიშვნებში არაფერი ისეთი იქ არ არის მითითებული, რომელიც შეიძლება გამხდარიყო თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი. მე უფრო მეტსაც გეტყვით, სამინისტრომ მოახდინა იმ ადრინდელ შენიშვნებზე რეაგირება, წერილი მისწერა კონტროლის პალატას და კონტროლის პალატამ მიიღო ეს მხედველობაში.“[სტილი დაცულია]

ამას გამახარია იმით ასაბუთებს, კონტროლის პალატის 2002 წლის მოხსენებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ახალი დარღვევები ფიგურირებდაო. წერილს რაც შეეხება, 18 მარტს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სულხან მოლაშვილისთვის გაგზავნილ წერილში შინაგან საქმეთა მინისტრი ეთანხმება პალატის შენიშვნებს და მათი გამოსწორების პირობას დებს. ამ დროისათვის საქმე, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით, ანტიკორუფციულ საბჭოს ჰქონდა გადაცემული და, როგორც ჩანს, კონტროლის პალატამ თავისი ანგარიშიდან სწორედ ამიტომ ამოიღო ვასილ დავითაიას საქმე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის პაატა გომელაურის განცხადებით, სამინისტროს საბჭოს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციაზე ჯერ არ უმსჯელია. გომელაური იმასაც უარყოფს, რომ სამინისტროზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება და ამის დასტურად ასახელებს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც არც საჯაროდ და არც პრივატულ საუბრებში მსგავსი არაფერი განუცხადებია.
XS
SM
MD
LG