Accessibility links

დასავლეთს უუნარო ხელისუფლების მხარდაჭერა მობეზრდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და მეგობარი სახელმწიფოებისა თუ აღიარებული დასავლელი ავტორიტეტების მიერ საქართველოს მისამართით საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაკეთდა.

დასავლეთის ეს რეაქცია საქართველოში ბევრმა დაგვიანებულადაც კი მიიჩნია.

ხელისუფლება წლების განმავლობაში სარგებლობდა საერთაშორისო თანამეგობრობის კეთილგანწყობით და დიდი ხნის განმავლობაში მიღებული საერთაშორისო დახმარებების ოდენობით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაც გახლდათ.

დასავლეთის დახმარება სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა და გულისხმობდა როგორც წმინდა მატერიალურ, ასევე კონსულტაციურ, ტექნიკურ და მორალურ თანადგომას: საქართველო იღებდა შეღავათიან კრედიტებსა და გრანტებს, გვეხმარებოდნენ ენერგოშემცველებით, ხორბლით, ტექნიკური აღჭურვილობით, პერმანენტულად გზავნიდნენ კვალიფიცირებულ ექსპერტებს, გვინიშნავდნენ აღიარებულ; საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი გააწევრიანეს სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებში; საქართველო ჩართეს სხვადასხვა გლობალურ პროექტში, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულად დიდი ნავთობსადენის ”საუკუნის პროექტია”აღიარებული; რიგმა ქვეყნებმა დაგვიწესეს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი, გაზარდეს - რეგიონალური მასშტაბით - საქართველოს როლი. მოკლედ, დასავლელმა მეგობრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, მოძლიერებულიყო და წელმომაგრებულ თანასწორ პარტნიორად ჩამოყალიბებულიყო.

დასავლეთის ეს კეთილი ჟესტი, ბუნებრივია, არ იყო უანგარო. საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესებულია საქართველო იხილოს დემოკრატიულ, განვითარებულ და სტაბილურ სახელმწიფოდ, რათა შეძლოს აქ თავისი სტრატეგიული გეგმების განხორციელება. სტაბილური და ნორმალური ეკონომიკის მქონე პარტნიორი გაცილებით საიმედოა, ვიდრე მუდმივი კონფლიქტებითა და კორუფციით დამძიმებული,სოციალურად გაჭირვებული სახელმწიფო.

დასავლეთის მხრიდან ავანსად გაცემულ კრედიტებსა და სხვადასხვა სახის მხარდაჭერას წლების მანძილზე ქართული სახელმწიფო, უკეთ კი - ხელისუფლება, მუდმივი სკანდალებით, პირობების შეუსრულებლობით, ზღვარგადასული კორუფციით, იარაღის კონტრაბანდით, თრეფიკინგით და კრიმინალის პერმანენტული ზრდით უპასუხებს.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მუდმივად თვალს ხუჭავდნენ ხელისუფლების უნებლიე თუ შეგნებულ ”ცუღლუტობებზე”. მართალია, პერიოდულად გვიჩერებდნენ დახმარების პროგრამებს, მაგრამ მხოლოდ იმ დროს და იმდენად, რომ საქართველოს ამ დახმარებების მიუღებლობით კარდინალურად არ შეეცვალა თავისი დეკლარირებული პრინციპები მაინც.

გასულ კვირას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის წერილსა და მეგობარი სახელმწიფოების ოფიციალურ წარმომადგენელთა და ცალკეულ ავტორიტეტულ ფინანსისტთა განცხადებებში კი უკვე ის ტონი გამოიკვეთა, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებამ ჩვენს მიმართ ორიენტირების შესაძლო ცვლილებაზე მიგვანიშნა.

მაშინ, როდესაც საქართველო, უკვე მეორე წელია, ყველა ეკონომიკური პარამეტრით, თავისი მეზობლებისა და ყოფილი მოძმე რესპუბლიკებისგან განსხვავებით, საგრძნობ რეგრესს განიცდის, დასავლეთის მზრუნველი ყურადღების
მოკლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზირებას.

ხელისუფლება პერიოდულად საუბრობს საინვესტიციო გარემოზე, წუხს საქართველოში ინვესტიციების კლებაზე და თითქოს ზრუნავს კეთილსაიმედო საკანონმდებლო ბაზა მაინც შეუქმნას საერთაშორისო კაპიტალს. მაგალითად, გასულ კვირას პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” კანონიც კი მიიღო.
მიღებული კანონის თანახმად, ახალი სააგენტო ხელს შეუწყობს მრეწველობის განვითარებას, საფინანსო და სახელმწიფო თვალსაზრისით.
ამ უწყების დაფინანსების ძირითადი წყაროები იქნება წარმოების განვითარების პრეზიდენტის საინვესტიციო ფონდი, ასევე - სხვადასხვა გრანტები.

სააგენტომ კონკურსის საფუძველზე უნდა შეარჩიოს საწარმოო-საინვესტიციო პროექტები, რომლის მხარდაჭერასაც განახორციელებს მომავალში.
სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, გამოიცემა საინვესტიციო პროექტების მსვლელობის აღმწერი კატალოგები. კანონპროექტით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის საწარმოო-საინვესტიციო პროექტებზე. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების მოზიდვისა და მისი ეფექტური მართვისათვის სპეციალური სააგენტოც შევქმენით, კაპიტალისათვის ამას, ფაქტობრივად, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ფული ის უნივერსალური ინდიკატორია, რომელიც თავად გრძნობს მისთვის კეთილსაიმედო პირობებს და ამგვარი უწყებების არსებობის თუ არარსებობის მიუხედავად, თავად მიილტვის სასურველ ქვეყანასა და დარგში.

ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოში არსებობს საშიშროება, რომ ის მიზერული კაპიტალიც კი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში რის ვაივაგლახით ჩაიდო ქართულ ეკონომიკაში, კვლავ უკან დაბრუნდეს. ამის გარდა, ადგილობრივ მწირ კაპიტალსაც გადინების ტენდენცია ახასიათებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა შეიძლება ფულის, ანუ სისხლის, გარეშე დარჩეს.

ეს საფრთხე სავსებით რეალურია. მსოფლიო ბანკი, რომელიც ბოლო წლამდე მაინც გვანებივრებდა თავისი ყურადღებით და საქართველოში არაერთ პროექტს წარმართავდა, პროგრამების დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრა. ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, გააგრძელებს თუ არა სიღარიბის დაძლევის პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ფინანსისტსა და ფილანტროპ ჯორჯ სოროსს კი საქართველოს მომავალი საკმაოდ ბუნდოვნად ესახება. ანუ ხელისუფლებას ის ერთადერთი თავის მოსაწონებელი ფაქტორიც - დასავლეთის მხრადაჭერა - ხელიდან ეცლება. ამ შემთხვევაში, პოტენციური მატერიალური დახმარების დაკარგვასთან ერთად, უუნარო ხელისუფლება რისკავს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც არაკეთილსაიმედო ქვეყნების არაპრესტიჟულ სიაში კიდევ უფრო წინ წაიწიოს.
XS
SM
MD
LG