Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯობათ. ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გამოშვებას მთლიანად


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი გამარჯობათ. ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გამოშვებას მთლიანად

ვუძღვნით წიგნს და წიგნის მკითხველებს. გამოვეხმაურებით ფილარმონიის ფოიეში გახსნილ თბილისის წიგნის მეოთხე ფესტივალს. შევხვდებით გაზეთ “ახალი ვერსიის” ჟურნალისტს ლაშა გაბუნიას, როგორც აქტიურ მკითხველს, და ვისაუბრებთ მსოფლიო ლიტერატურაში კარგად ცნობილი რომანის “ალი და ნინოს” ქართულ თარგმანზე. წიგნის მეოთხე ფესტივალზე წიგნის მოყვარულებს ჰქონდათ საშუალება ეს მშვენიერი თარგმანი შეეძინათ.

გაზეთ “ახალი ვერსიის” ჟურნალისტს ლაშა გაბუნიას ფილარმონიის ფოიეში გამართულ ღონისძიებაზე შემთხვევით შევხვდით და ჩვენი გადაცემის სტუმრად მოვიწვიეთ. ისევე, როგორც სხვა მრავალი ადამიანი, თბილისის წიგნის მეოთხე ფესტივალიდან ლაშაც ახალი გამოცემებით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა.
თბილისის წიგნის მეოთხე ფესტივალმა მასაც დაანახვა, რომ, მიუხედავად გაჭირვებისა, საქართველოში მწერლობა, ლიტერატურული ცხოვრება ცოცხალია, რომ მუშაობენ გამომცემლობები და ყოველწლიურად ჩნდებიან ახალი ავტორები. წლევანდელ ფესტივალზე არაერთი ახალი წიგნის პრეზენტაცია შედგა, გამოჩნდა ახალი თარგმანები. ლაშაზე ამ ყველაფერმა სუპერცოცხალი შესრულების შთაბეჭდილება დატოვა.

[ლაშა გაბუნიას ხმა]“ ბაზრობა ტარდება ფილარმონიის ფოიეში, ანუ იმ შენობაში, სადაც ფონოგრამული კონცერტები იმართება. ეს ბაზრობა კი არის სუპერცოცხალი შესრულება.”

ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა, ფესტივალზე საქართველოს სხვა ქალაქებისა და რეგიონების გამომცემლობებიც რომ ყოფილიყო წარმოდგენილი.
ამ მხრივ, გამონაკლისი აჭარა იყო. დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში მწერლობა, ლიტერატურა, მხოლოდ თბილისში ცოცხლობს.
ასეა თუ ისე, ლაშა, როგორც თანამედროვე, უფრო სწორად, დღევანდელი ქართველი ავტორების აქტიური მკითხველი, ლიტერატურის ურბანიზაციის ტენდენციას ამჩნევს.

[ლაშა გაბუნიას ხმა] “ნაწარმოებებში ყველა მოქმედება ხდება, ძირითადად, ქალაქებში. ამ ბაზრობაზეც არ მონაწილეობენ საქართველოს სხვა ქალაქების გამომცემლები და საქართველოს სხვა რეგიონების მწერლები. არ ვიცი, ორგანიზატორები რატომ არ ეძებენ, ასე ვთქვათ, ტალანტებს საქართველოს სხვა კუთხეებში.”

მაინც რისი ბრალი იყო ის, რომ წიგნის ფესტივალმა, ძირითადად, თბილისში მოქმედი გამომცემლობები წარმოგვიდგინა, ლაშასთვის გაურკვეველი დარჩა. მისი თქმით, მიზეზი ან ღონისძიების ორგანიზატორების უყურადღებობა უნდა ყოფილიყო, ან ისევ და ისევ თბილისის გარეთ არსებული კიდევ უფრო მძიმე სოციალური მდგომარეობა, რომლის პირობებშიც, ვთქვათ, ამა თუ იმ ქუთაისელ ავტორს, შესაძლოა, არც ჰქონდა საშუალება თბილისში ჩამოსულიყო წიგნის ფესტივალში ჩასართველად. იმედი დავიტოვოთ, რომ შემდგომი ფესტივალი, ამ თვალსაზრისით, უფრო მრავალმხრივი იქნება. თბილისის წიგნის მეოთხე ფესტივალმა, რომელიც ნამდვილ ზეიმად გადაიქცა, ამის იმედი დატოვა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მან შეგვახსენა, რომ წიგნი კვლავ რჩება ცოდნისა და ინფორმაციის უმთავრეს წყაროდ და რომ კაცობრიობას წიგნზე უკეთესი ჯერჯერობით არაფერი გამოუგონია. ასე ფიქრობს ჩვენი სტუმარი ლაშა გაბუნიაც.

[ლაშა გაბუნიას ხმა] “წიგნი არის ინდივიდუალური, თუნდაც, იარაღი, რომლითაც იმეცნებ სამყაროს, საკუთარი თავის შეცნობისკენ მიდიხარ. ამაზე კარგი კაცობრიობას არაფერი გამოუგონია. წიგნს რომ გადაშლი, შეგიძლია გადაიღო საკუთარი ფილმი ამ წიგნის მიხედვით. შეგიძლია გაჰყვე ოცნებებს და გზა მისცე საკუთარ ფანტაზიებს.”

ლაშა საზოგადოების იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც ახალ გამოცემებს მოუთმენლად ელის ხოლმე.
მის შეხედულებას თანამედროვე ქართულ მწერლობაზე მოვიყვანთ ერთგვარ მაგალითად იმისა, თუ რას ფიქრობს მკითხველი, რა მიმართულებებს ხედავს ის იმ სამყაროში, რომელსაც ჩვენი დროის ავტორები გვთავაზობენ.

[ლაშა გაბუნიას ხმა] “დღევანდელ ქართველ მწერლებს აქვთ ინდივიდუალური სახე. ისინი უფრო შეუპოვრები არიან, ვიდრე ჩვენი წინა თაობა. ქართული სიტყვა შენარჩუნებულია, მიუხედავავად იმისა, რომ ბევრი თანამედროვე ჟარგონი, ტერმინი, უცენზურო სიტყვებიც კი გვხვდება. მიმაჩნია, რომ უცენზური სიტყვებით უფრო ზნეობრივი რაღაც შეიძლება თქვას მწერალმა, ვიდრე სალიტერატურო სიტყვებით. არ მომწონს ტენდენცია, რომ მისტირიან წარსულს, ძველ თბილისს, კინტოებს, ყარაჩოღელებს. მარტო თბილისით საქართველო არ შემოიფარგლება. რაც უფრო რეალისტურად აქვს ავტორს დაწერილი ნაწარმოები, მით უფრო მისაღებია.”

ისევე როგორც ყველას, ლაშა გაბუნიასაც ჰყავს თავისი გამორჩეული ავტორები. დღევანდელ ქართველ მწერლებს შორის ის განსაკუთრებულ სიმპათიას ზურა მესხის და ზაზა ბურჭულაძის მიმართ ამჟღავნებს. მიიჩნევს, რომ ეს ავტორები კარგად ართმევენ თავს ჩვენი რეალობის იოლად, გასაგები ხერხებით ასახვას. რაც შეეხება თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ შექმნილ ლიტერატურ გმირებს, გამორჩეული გმირები ლაშამ არ დაგვისახელა. ის ფიქრობს, რომ დღევანდელი საქართველო ცრუ პოპ.ვარსკვლავების და, საერთოდ, ცრუ გმირების ცხოვრებით ცხოვრობს და ეს სიცრუე ლიტერატურაშიც აისახება. ლაშა ასეთ გმირებს არ ეძებს და ფიქრობს, რომ მწერლობაშიც და რეალურ ცხოვრებაშიც გმირია ის, ვინც თავის საქმეს ჩუმად აკეთებს, ვის გულშიც სიყვარული ცოცხლობს, ვინც მხოლოდ დაღლამ შეიძლება დაღალოს და ვისაც სწამს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ცხოვრება და აქ საქმის კეთება საინტერესოა.

თბილისში წიგნის ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გამომცემლობა “დიოგენემ” მოაწყო ყურბან საიდის რომანის “ალი და ნინოს” პრეზენტაცია. სამიოდე წლის წინ ეს რომანი ჩვენი რადიოს ეთერით საზოგადოებას გააცნო პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმა, ხოლო “ალი და ნინოს” ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ პირველად სწორედ ჩვენ ვლაპარაკობდით ახალგაზრდულ პროგრამაში გასულ ზამთარს. გამომცემლებმა, ალბათ, სწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა წიგნის წარდგენა ფესტივალის კონტექსტში არ ისურვეს – “ალი და ნინო” მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილი ტექსტია და, ჩანს, არ სურდათ, რომ ის ათობით ახალი წიგნის კონტექსტში ჩაკარგულიყო. გამოცემის პრეზენტაციიდან ცოტა დრო გავიდა, მაგრამ პრესაში უკვე გამოეხმაურნენ “ალი და ნინოს” ქართულ თარგმანს. ჩემი კოლეგა დათო პაიჭაძე ესაუბრა პოეტსა და მთარგმნელს, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძეს, რომელიც ამ წიგნის კონსულტანტიც გახლავთ.

ორი-სამი გამოხმაურება “ალი და ნინოს” შესახებ აქამდე უფრო რომანის ავტორს ეხებოდა, ვიდრე თავად ტექსტს. ავტორი კი, ყურბან საიდი, უაღრესად საინტერესო და დრამატული ბედის ადამიანია: მდიდარი მრეწველის ვაჟი, ბაქოელი ებრაელი ლევ ნუსიმბაუმი, რომელმაც გასაბჭოების შემდეგ, ევროპაში ემიგრირებისას, ისლამი მიიღო და ახალგაზრდა, 40-ს მიტანებული, გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის დროს. “ალი და ნინო” გერმანულ ენაზე გასული საუკუნის 30-ან წლებში გამოჩნდა.

ქართველები არ ვართ განებივრებულები ჩვენი თანამემამულეების ლიტერატურულ პერსონაჟებად ხილვით. ქართული მწერლობის მიღმა სულ რამდენიმეა ისეთი ტექსტი, სადაც ქართველი შეიძლება ეპიზოდურად მაინც მოქმედებდეს (აქ ანგარიშში არ ვაგდებთ საბჭოთა ლიტერატურის ნიმუშებს). მით უმეტეს, იშვიათია მნიშვნელოვანი ქართველი პერსონაჟი ქალები მსოფლიო ლიტერატურაში. პირველი ასეთი ქალი კოლხი მედეაა, რომლის სახეს ევრიპიდეს ტრაგედიაში ასე განმარტავენ: მედეა განასახიერებს უცხო, ბარბაროსულ სამყაროს, რომლის შეხვედრაც კოლხეთიდან დასავლეთით მდებარე უფრო განვითარებულ ცივილიზაციასთან ტრაგიკულად მთავრდება: აღმოსავლეთისა და დასავლეთის შერწყმა, თუ გნებავთ, მშვიდობიანი თანაარსებობა შეუძლებელია. “ალი და ნინოში”, ანუ ჩვენთვის ჯერჯერობით უახლეს ტექსტში, სადაც ქართველი ქალი ნინო ყიფიანი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, ქართული სამყარო უკვე დასავლეთია. რამდენად ტრაგიკულია რომანში დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ამ შემთხვევაში ახალგაზრდა, მდიდარი და წარჩინებული აზერბაიჯანელისა და ქართველი ქალის შეხვედრა, ეს მკითხველმა განსაჯოს, მე კი სიტყვას წიგნის კონსულტანტ გიორგი ლობჟანიძეს დავუთმობ [ლობჟანიძის ხმა]: “მოგეხსენებათ, საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, მოიაზრება როგორც ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ავტორს, ბუნებრივია, შემთხვევით არ აურჩევია პერსონაჟები. არც ის არის შემთხვევითი, რომ რომანის პერსონაჟი ქალი, ნინო, ქართველია, რადგან ქალური საწყისი ამ შემთხვევაში არის მიმღები საწყისი; ნინო იღებს თავის თავში ყველა კულტურას და ამას გარდატეხს ევროპულ პრიზმაში. რომანიდან ეს ძალიან კარგად ჩანს”.

როგორია აღმოსავლეთი “ალი და ნინოში”? გიორგი ლობჟანიძე ამ საკითხთან ერთად რომანის ჟანრულ და კომპოზიციურ თავისებურებებზეც ლაპარაკობს [ლობჟანიძის ხმა]: “რომანი არის ძალიან მწყობრი, შეიძლება ითქვას, ავანტიურისტული რომანის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი. მწერლის პიროვნებამაც განაპირობა ის, რომ წიგნში ზედაპირულად კი არ არის განხილული კულტურათა შეჯახებისა თუ შერწყმის თეორია, არამედ, ჟანრისთვის დამახასიათებელი ერთგვარი სიმსუბუქის მიუხედავად, ძალიან მაღალმხატვრული პროდუქტი მივიღეთ. მე, როგორც სპეციალისტს, მაღიზიანებს ხოლმე ამ ტიპის წიგნებში ცუდად გაგებული აღმოსავლეთი. კი ვითვლებით, რომ რაღაც გზაგასაყარზე ვმდებარეობთ, მაგრამ ქართველისთვის, თავისი ევროპული შინაგანი წყობიდან გამომდინარე, აღმოსავლეთი მაინც არის გარკვეული ეგზოტიკა; ეს საერთოდ არ იგრძნობა “ალი და ნინოში” იმიტომ, რომ აღმოსავლური ტრადიციები ძალიან კარგად და მკაფიოდ არის გააზრებული ფართო კულტურულ კონტექსტში”.

“ალი და ნინო” გერმანულიდან ქართულად თარგმნა მაია მირიანაშვილმა, რომლის შრომაც ცალკე აღნიშვნის ღირსია [ლობჟანიძის ხმა]: “განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თარგმანის ძალიან მაღალი დონე. მაია მირიანაშვილი შედარებით ახალგაზრდა მთარგმენლია. მე ძალაინ იშვიათად წამიკითხავს წიგნი, რომელშიც ერთ ენაზე დასმული აქცენტი ასე ზუსტად იყოს გადმოტანილი მეორეზე. მაია მირიანაშვილი ამას თარგმნის გერმანულიდან, მაგრამ ძალიან დიდი კულტურით ეხება აღმოსავლური ლიტერატურის პლასტებს. ტექსტში ჩართულია ცნობილი სპარსი პოეტების ლექსები; პწკარედული თარგმანია, მაგრამ მე სპეციალურად აღარ შევეხე პწკარედს, რადგან მივიჩნიე, რომ ეს იყო არა მხოლოდ სემანტიკის, არამედ ემოციური სიზუსტის დონეზეც უაღრესად ადეკვატურად გაკეთებული პწკარედი”.

რომანის მოქმედება სამხრეთ კავკასიაში, დაღესტანსა და სპარსეთში ვითარდება მეოცე საუკუნის მეორე ათწლეულში. საინტერესოა მხატვრული სინამდვილის მიმართება ისტორიულ რეალიებთან. გიორგი ლობჟანიძე შენიშნავს [ლობჟანიძის ხმა]: “ეს რომანი იმითაც არის საინტერესო, რომ ისტორიული ფონი ძალინ წააგავს დღევანდელ ისტორიულ ვითარებას. რომანის პათოსი ასეთია (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ): ერები, ამ სივრცეში რომ თანაარსებობენ, ერთმანეთს გაგებით უნდა მოეკიდონ და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ერთმანეთის კულტურის გაცნობას. ტექსტის მეორე, ქვედა დინებაში ძალიან მწვავედ არის წამოჭრილი ეროვნული საკითხი, რასაც მწერალი უდიდესი ტაქტით ეხება. მისი მეორეული კომენტარი ძალიან ტაქტიანად გაისმის, რადგან იცის, რომ ეს დელიკატური საკითხია”.

“ალი და ნინოს” ინტერპრეტაცია ბევრნაირად შეიძლება. არაფერი უდგას წინ პოლიტიკურად შეფერილ ერთ განმარტებასაც, ყოველგვარი დელიკატურობის გარეშე: კავკასიის ხალხები, ალბათ, შეძლებდნენ მშვიდობიან თანაარსებობას და განვითარებას, მათ ცხოვრებაში რუსეთი რომ არ იჭრებოდეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG